ბესო დანელია – “საქართველოში არჩევნები არ ტარდება, აქ შედეგები წინასწარაა დაწერილი”

ვისი ეშინია ივანიშვილს, ვისთვის არის საშიში საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი, დაათმობინებს თუ არა ოპოზიცია “ოცნებას” მაჟორიტარულ სისტემას, რატომ სწყალობს “ოცნების” ლიდერი ბოკერიას პარტიას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.
– საქართველოში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ის იქნება მესამე ძალა. თქვენც მესამე ძალის ნიშის დასაკავებლად აპირებთ ბრძოლას?
– ჩვენს პარტიას არსად უთქვამს, რომ მესამე ძალა უნდა გავხდეთ. ამ მომენტისთვის ჩვენთვის საარჩევნო კანონის შეცვლაა მნიშვნელოვანი. დღეს არსებულ საარჩევნო კოდექსს “ქართული ოცნებაც” ებრძოდა, ოღონდ მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო. 2012 წელს ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ამ კოდექსით ევროპული არჩევნები ვერ ჩატარდება.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ოცნებამ” უარი თქვა საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე და, ნაციონალების მსგავსად, ყველაფერზე მიდის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
რაკი “ოცნება” დათმობაზე წასვლას არ აპირებს, 20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის გაერთიანდა. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული უთანხმოებისა, ყველანი ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა რეალურად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.
ამ საარჩევნო სისტემით, რამდენი პროცენტიც არ უნდა მიიღო, ქოცი ან ნაცი თუ არ ხარ, ვერაფერს მიიღებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტიას ამომრჩევლის 15%-ზე მეტი უჭერს მხარს, მაგრამ ამას არჩევნებზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
– რატომ არა აქვს?
– იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება. აქ შედეგები წინასწარ, არჩევნებამდე არის დაწერილი.
– ვთქვათ, არ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და არჩევნები კვლავ გაყალბდა, ამ შემთხვევაში თუ გამოხვალთ ქუჩაში ხმების დასაცავად? ნაციონალები რამდენჯერმე დაიმუქრნენ არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლით, მაგრამ მეორე დღესვე გაჩერდნენ.
– თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი ხმები გიგა ბოკერიას “ევროპულ საქართველოს” მიაკუთვნეს. ჩვენ 3%-ს ძლივს გადაგვაცილეს, იმათ 7% დაუწერეს. ასეულობით საჩივარი გვქონდა შეტანილი, მაგრამ არცერთი არ განიხილეს.
სამწუხაროდ, მაშინ ჩვენი ამომრჩევლების ხმების დაცვა ვერ მოვახერხეთ. არც ქუჩაში გამოვსულვართ. გვინდოდა, სასამართლოს გზით მიგვეღწია სამართლისთვის, მაგრამ ეს გზა შედეგიანი არ აღმოჩნდა.
ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ ერიდება. ეს მაისში ჭიათურაში ჩატარებულმა არჩევნებმაც აჩვენა. იქ “ოცნების” კანდიდატს 75%-იანი გამარჯვება დაუფიქსირეს, ორი დღის მერე კი მთელი ქალაქი გაიფიცა. ხალხი როცა კარგად ცხოვრობს, გაფიცვას არ აწყობს.
არჩევნებში ხელისუფლება იმ შემთხვევაში იმარჯვებს, თუ ხალხი მისი მუშაობით კმაყოფილია. ჭიათურის მაგალითმა აჩვენა, რომ ხალხი ისეთი გამწარებული იყო, რომ მთელი ქალაქი გაიფიცა.
ჭიათურის მსგავსად, დანარჩენ საქართველოშიც მძიმე ვითარებაა. მოსახლეობის ნახევარი ლამის ნაგვის ბუნკერებში იქექება. ხალხს ისე უჭირს, რომ მიშას დაბრუნების შიშით ამომრჩევლის დაბრუნება აღარ გამოვა. მოსახლეობისთვის უკვე სულერთია, მიშა იქნება სათავეში თუ ბიძინა.
– თქვენთვის რამდენად სულერთია მიშა დაბრუნდება თუ არა, თქვენმა პარტიამ და 2011 წლის 26 მაისმა შეიწირა ფაქტიურად ის რეჟიმი.
– ამას არც “ოცნება” მალავს. 2011 წლის 26 მაისის ღამეს აეხადა ნაციონალურ რეჟიმს ფარდა. იმ ღამეს მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში სააკაშვილი.
თავად ივანიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის ეს ღამე ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ამიტომ მოვიდა პოლიტიკაში. ჩვენ გვჯეროდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა.
ესენი მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, ეგრევე კოჰაბიტაცია შესთავაზეს ნაციონალებს, გადაარჩინეს და სასათბურე პირობები შეუქმნეს. ძალიან კარგად მახსოვს დავით უსუფაშვილის განცხადება – ნაციონალების შენარჩუნება დემოკრატიის ამოცანააო.
2013 წლის შემოდგომაზე სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა და საქართველოდან წავიდა. მხოლოდ მაშინ აღძრეს მის წინააღმდეგ საქმე. ისიც რამდენიმე თაიგულის, პიჯაკების და ორი პალტოს გამო. არც 26 მაისის დარბევა, არც გია კრიალაშვილის დახვრეტა, არც ქუჩაში მოკლული 300-მდე ახალგაზრდა გახსენებია ვინმეს.
არც ხალხისთვის ბიზნესების წართმევის ფაქტების გამო მოუთხოვიათ სააკაშვილისთვის პასუხი, სამაგიეროდ, ბებიამისის ოპელ-ვექტრაზე მოედავნენ.
აი, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელიც გარიგებაშია შესული ნაციონალებთან და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები.
– მიშათი ხალხის დაშინება არჩევნებზე ჯერ ისევ ჭრის. ყველაზე მეტად თქვენს პარტიას უნდა ეშინოდეს მისი დაბრუნების. ნაციონალების რეჟიმი სისხლიანმა 26 მაისმა შეიწირა. ის ამაზე დაბოღმილი იქნება, არ გეშინიათ მისი დაბრუნების?
– სააკაშვილის მაშინ არ შეგვშინებია, როცა მიშა პრეზიდენტი იყო და ცოლ-ქმარი ერთმანეთს სამზარეულოში ჩურჩულით ესაუბრებოდა. როცა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა ვერავინ, მაშინ ვიდექით ქუჩაში და მსოფლიოს გასაგონად გავყვიროდით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. და ახლა რატომ უნდა შეგვეშინდეს მიშასი.
ეს “ოცნების” წევრებს ეშინიათ მიშას დაბრუნების და ამის გამო დედაკაცებივით მოსთქვამენ.
– ისე, მართლა ეშინიათ, თუ ეს მოთქმა-გოდება მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება?
– ერთიც და მეორეც. თავადაც ეშინიათ სააკაშვილის დაბრუნების და ხალხსაც ამით აშინებენ. წესით, მათ მიშასი კი არა, ხალხის უნდა ეშინოდეთ. იმ ხალხის, რომელსაც სამართლიანობის აღგდენას დაჰპირდა.
– იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგა, ვინც პირადად თქვენზე განახორციელა 2011 წლის 21 მაისს თავდასხმა?
– არანაირი სამართლიანობა არ აღმდგარა. ამათ მხოლოდ 26 მაისს ვახსენდებით. 25 მაისს, გვიან ღამით მოდიან ტელევიზიები, გვაყოლებენ, თუ რა საშინელება მოხდა იმ ღამით, რათა ხალხი დააშინონ. ამ საქმეზე დასჯილი არავინ არ არის.
სააკაშვილით აშინებენ ხალხს და ქვეყნის ერთიანობა რომ დარღვეულია, ეს აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, იციან, როგორ უნდა გაათეთრონ გირგვლიანის და მოლაშვილის მოსამართლეები.
ნაციონალების რეჟიმის მსახურები უვადოდ გაამწესეს მოსამართლეებად. ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ქვეყანა სამარცხვინო მდგომარეობაშია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნიშნები საერთოდ აღარ აბადია.
– ზემოთ თქვით, აღარც კი ახსოვთ, ქვეყნის ერთიანობა რომ აღსადგენიაო. თქვენ გახსოვთ და პარტიას ამიტომ შეუცვალეთ სახელი და “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” დაარქვით, ადრე პირიქით გერქვათ – “დემოკრატიულო მოძრაობა – ერთიანი საქართველო”.
– სახელწოდების გარდა, პარტიაში სხვა ცვლილებებიც შევიდა, ეს ცვლილებები არის იმ პროცესების გამოძახილი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ნინო ბურჯანაძის გარდა სხვა ადამიანს ვერ ვხედავ, ვისაც ტერიტორიული აღდგენის კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.
– ბევრი ამას არ დაიჯერებს, რადგანაც ის რუსეთუმედ მოიაზრება.
– რუსეთუმეს იარლიყს აკერებენ, მაგრამ ბურჯანაძე ერთადერთია, ვისაც შეუძლია როგორც რუსეთში, ასევე ამერიკაში, ევროპასა და ირანში ჩასვლა და მაღალი დონის შეხვედრების გამართვა, სადაც ყოველთვის საქართველოს ინტერესებს იცავს.
ჩვენთვის საქართველოს გაერთიანება უმთავრესია და ამითაც იყო გამოწვეული, რომ პარტიის დასახელება ოდნავ შევცვალეთ.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით არანაირი წინსვლა არ შეინიშნება.
– პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დრო სჭირდება.
– პრემიერის განცხადება ამ ქვეყანაში არაფერს არ ნიშნავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის არაფერს არ წყვეტს. აქ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი იღებს.
ამ ვითარებაში პასუხისმგებლობას სხვა თავის თავზე ვერ იღებს. ეს უპასუხისმგებლობა სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა გვაკარგვინებს.
– ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები ის ერთადერთი კაცი ბურჯანაძეს და მის პარტიას ვერ იტანს. ამის მიზეზი რა არის, დაუშავეთ რამე?
– დაშავებით არაფერი დაგვიშავებია. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ დაგვიწყეს ბრძოლა. შეგვიმცირეს დაფინანსება, წაგვართვეს საარჩევნო კომისიაში წევრები, წაგვართვეს საეთერო დრო.
ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც ვერც შეაშინეს და ვერც მოისყიდეს. ჩვენ ბრძოლას არასდროს არ ვწყვეტთ.
სისხლიანი 26 მაისის მერეც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა, არადა ლამის მთელი პარტია დაიჭირეს. ერთი ოფისის ხალხი ვიყავით გარეთ. აქედან ნახევარი ჩაწოლილები ვიყავით. პირადად მე 6 თვე ვიწექი. ხერხემლის 2 მალა მქონდა ამოვარდნილი და კოჭთან სამ ადგილზე მქონდა ფეხი გადატეხილი.
თავის დროზე პოლიტიკაში უსამართლობის გამო მოვედი. 2006 წლამდე ჩემი საქმე მქონდა, “ქართუ ჯგუფში” ვმუშაობდი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მერე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გამოვედი ქუჩაში და იმის მერე აღარ შევსულვარ.
– გამოდის, რომ ამ ქვეყანაში მაინც ქუჩაა გადამწყვეტი.
– არა. უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში აღარ გადაწყდეს. ეს ქვეყანა რევოლუციას ვეღარ გადაიტანს. დროა, რომ ყველაფერი პარლამენტში და საარჩევნო ყუთთან გადაწყდეს. ამისთვის კი საჭიროა დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი. 20 პარტია ამ მიზნით ვთანამშრომლობთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსიც მხარს გვიჭერს.
ისეთი საარჩევნო კოდექსი უნდა მივიღოთ, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. არ შეიძლება პარტია, რომელსაც 35%-იანი მხარდაჭერა აქვს მხოლოდ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდეს. რომელი პარტია რამდენ პროცენტს მიიღებს, იმ პროცენტის შესაბამისად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი