გიგა ბუკია – “ჩვენი ფრაქცია გიორგი მიქაუტაძეს ხმას არ მისცემს”

გიგა ბუკია - “ჩვენი ფრაქცია გიორგი მიქაუტაძეს ხმას არ მისცემს”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
რატომ დაუპირისპირდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს? უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესების რა შანსი აქვს გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც მოიაზრება იმ მოსამართლეებს შორის, რომელთა ერთობას კლანს ეძახიან?
“ახალი თაობის” კითხვებს გიგა ბუკია პასუხობს.
– ბატონო გიგა, გიორგი მიქაუტაძეს უთხარით, რომ ის თქვენ მიმართ უსამართლო იყო და მისი გადაწყვეტილების შედეგად სახლი წაგართვეს. სახლი რატომ წაგართვეს?
– 2012 წელს დაპირისპირებული ვიყავი ნაცმოძრაობის ხელისუფლებასთან. მე შეწირულობა გავაკეთე პარტია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ ჩემი შეწირულობა უკანონო იყო. თითქოს მე არ მქონდა შესაბამისი რაოდენობის თანხა, რაც შევწირე.
– რა თანხა შეწირეთ?
– 35 ათასი ლარი. კონტროლის პალატის გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე. კონტროლის პალატამ მტკიცებულებად საბანკო ამონაწერი წარმოადგინა, სადაც ჩანდა, რომ მე ეს თანხა გადავრიცხე. მიქაუტაძე იყო მოსამართლე. სასამართლო პროცესი შაბათ-კვირას დაამთხვიეს. პარასკევს ღამით ჩაგვაბარეს სასამართლო უწყება, რომ შაბათს განიხილებოდა ჩვენი საკითხი. მე უკვე გამზადებული მქონდა ამონაწერი. მოველოდი, რომ ამაზე დავა გაიმართებოდა.
– თქვენ მტკიცებულებები გქონდათ?
– სასამართლოზე მეც იმავე ბანკიდან ამონაწერი მივიტანე, საიდანაც ჩანდა, რომ საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხა მქონდა და იქიდან გადავრიცხე. სამჯერ მეტი თანხა ანგარიშზე დარჩა. თანხა წლების განმავლობაში მქონდა დაგროვილი, რითაც დასტურდებოდა თანხის წარმომავლობა. კიდევ სხვა დოკუმენტაციები მქონდა, საიდანაც ჩანდა, რომ შემოსავლის სხვადასხვა წყარო მქონდა.
– მიქაუტაძემ თქვენი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა?
– მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტებისა, მიქაუტაძემ მიიღო გადაწყვეტილება და 177 ათასი ლარით დამაჯარიმა. მე ეს თანხა არ გადავიხადე, ვინაიდან სასამართლო დავას ვაგრძელებდი, შედეგად თბილისში ჩემი საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გამიყიდეს.
ამ საქმეში მარტო არ ვიყავი, 17 პირის მიმართ განხორციელდა ამგვარი ქმედება. მიქაუტაძემ პროკურორს მისცა იმდენი დრო, რამდენიც უნდოდა, ჩვენ კი 7-7 წუთი მოგვცა იმისთვის, რომ ჩვენი არგუმენტები წარმოგვედგინა.
– რატომ მოხდა ისე, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარმოდგენილი არიან სწორედ ასეთი კანდიდატურები, რომლებსაც არამარტო თქვენ მიმართ, არამედ სხვების მიმართაც უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველა კანდიდატი ასეთია. ჩვენ სწორად უნდა დავინახოთ პროცესი. წარმოდგენილია 20 კანდიდატი. ჩვენ ვთქვით, რომ კანდიდატების საკითხს პარლამენტში განვიხილავდით და ღირსეულ კანდიდატებს მხარს დავუჭერდით.
– განხილულ კანდიდატებს შორის ღირსეულები არიან?
– უკვე განხილულ კანდიდატებს შორის ძალიან ბევრია ღირსეული მოსამართლე. რომლსაც მე პირადად სიამოვნებით დავუჭერ მხარს. გადაწყვეტილებას პარლამენტი ღებულობს. ამაზე უფრო ღირსეული და სწორი პროცესი მსოფლიოში არსად არსებობს. ყველაზე უფრო დემოკრატიული პროცესია.
წარსულში პრეზიდენტი სააკაშვილი წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს წევრს და პარლამენტი ამტკიცებდა. არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა, არავის ჰქონდა უფლება, ამაში ჩარეულიყო.
ახლა იუსტიციის საბჭო წარმოადგენს კანდიდატურებს, პარლამენტი განიხილავს, მას სათითაოდ ყველა დეპუტატი კითხვებს უსვამს და შემდეგ პარლამენტი ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს პროცესი არა მხოლოდ დღევანდელობისთვის არის კარგი.
მიქაუტაძეს მოუწია მის მიერ წლების წინ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებებზე პასუხის გაცემა. მიქაუტაძეს მაშინაც ვუთხარი, რომ ის ღებულობდა უსამართლო გადაწყვეტილებას და მისი ქმედება წინ დახვდებოდა. ამიტომ გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა.
– ახლა მიქაუტაძეს მის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება წინ დახვდა?
– დიახ. ახლა ვკითხე, იყო თუ არა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში რომელიმე უკანონო და უსამართლო, მაგრამ მან უარყო.
– პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარებოდნენ?
– მომავალი თაობა, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, ან მოსამართლეები, რომლებსაც ჯერ ცუდი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აქვთ ამბიცია, რომ მომავალში უზენაესი სასამართლოს წევრები გახდნენ, სანამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბევრჯერ დაფიქრდებიან, რადგან პარლამენტში მისვლა და თავის მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებზე ღიად პასუხის გაცემა მოუწევთ, რაც არ არის სასიამოვნო. არც მე მსიამოვნებდა მოსამართლეზე ასეთი სახის მსჯელობა.
– მომავალი თაობა ამაზე მაშინ დაფიქრდება, თუ ახლა მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდება.
– მე ვარ დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე, გპირდებით, რომ ჩვენი ფრაქცია გიორგი მიქაუტაძეს ხმას არ მისცემს. დაველოდოთ, ყველა დანარჩენი ხმას ვის მისცემს. წინასწარ ვერ ვიტყვი, სხვები ხმას მისცემენ თუ არა. წინასწარ ვერავინ იტყვის.
– მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შანსი არ აქვს?
– ჩემი ხმის მიღების შანსი არ აქვს. არ ვიცი, უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შეკრება და მსჯელობა იქნება. ვნახოთ, რა იქნება.
მთავარია, პროცესი დავინახოთ. ეს პროცესი 10-20 წლის წინ რომ დაწყებულიყო, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდით. ახლა პროცესი დაიწყო. ამ პროცესს მაინც მივესალმოთ.
– ეს მოსამართლეები, რომელთაც კლანს უწოდებენ, დღეს სასამართლო ხელისუფლებას მართავს.
– ვერ დაგეთანხმებით. ასე ადვილი არ არის სასამართლოს მართვა. შეთქმულების თეორიების არ მჯერა. პრობლემები ბევრია, მაგრამ დღეს სასამართლო ბევრად დამოუკიდებელია, ვიდრე იყო. ტელევიზია, ჟურნალისტები ბევრად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე იყვნენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უკეთესი გვინდა.
ერთი გადაწყვეტილება ვერავინ მოიტანა, რომელიც კლანის მიერ მიღებული იქნებოდა. კონკრეტული ქეისი ვერავის მოაქვს.
– ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მსახური და მისი პრეტენზიების შემსრულებელი იყო, “ოცნების” პერიოდში უვადოდ დაინიშნა. ამას საზოგადოება დადებითად არ აღიქვამს. თქვენ არ მეთანხმებით?
– მესმის თქვენი პრეტენზია, მაგრამ ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე. თუ გახსოვთ, 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა ყველა მოსამართლე გაყარა.
– სააკაშვილმა მოსამართლეები მანამდეც გაყარა, 1997 წელს.
– 1997 წელს მოსამართლეები შევარდნაძემ გაყარა.
– მათ შორის სააკაშვილიც იყო. თუ გახსოვთ, ახალგაზრდა რეფორმატორების სახელით მოქმედებდნენ.
– დიახ, იმ დროს პირველი ტალღა იყო, მაგრამ ყველაზე უარესი მოსამართლეების გაყრის მეორე ტალღა გახლდათ. 2003 წელს მოსამართლეები რომ გაყარა, მათ ადგილზე ყველა თავისი ყურმოჭრილი მსახური მოსამართლეები მოიყვანა. ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, ან იგივე უნდა გაგვეკეთებინა, რაც სააკაშვილმა, ან ისე მოვქცეულიყავით, როგორც მოვიქეცით.
დამიჯერეთ, სასამართლოს დამოუკიდებლობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტელე და ჟურნალისტური დამოუკიდებლობა.
– თუმცა, შერჩევის პროცესში შეიძლებოდა გარკვეული კრიტერიუმის დაწესება ისეთი მოსამართლეების მიმართ, რომელთა მიღებულ უკანონო განაჩენებზე ევროსასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილებებია, რომლებიც აშკარად ჩანდნენ იმ რეჟიმის მსახურებად.
– უშეცდომოები არ ვართ. შეცდომებიც არის. რთული საკითხებია. შეიძლება პროცესი ხარვეზიანი იყო, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური პროცესია. უვადოდ დანიშნული მოსამართლე ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე დროებით დანიშნული.
– შიდა კონსულტაციებიც ხომ გაქვთ უმრავლესობაში?
– უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები არის და იქნება.
– მიქაუტაძის კანდიდატურაზე უმრავლესობა რა პოზიციას დაიკავებს?
– უმრავლესობის ბევრმა წევრმა შეიძლება არც იცოდა ის პროცესი და ის საქმე, რაზეც დღეს მიქაუტაძეს კითხვები დავუსვი. ბევრი ახლა მოისმენს. ჩვენ ვთქვით, რომ ყველა კითხვა დაგვესვა, ყველასთვის მოგვესმინა და მერე მიგვეღო გადაწყვეტილება. შეიძლება ვიღაც არ იჯერებდეს, მაგრამ მართლა ასეა.
ამათი ბიოგრაფიების მემატიანეები ხომ არ ვართ, ვუსმენთ მათ მიმართ დასმულ კითხვებს, პასუხებს და გადაწყვეტილებას ვღებულობთ. მიქაუტაძესთან დაკავშირებით პირადული არაფერი მაქვს სადაო.
– მაგრამ ხმას მაინც ვერ მისცემთ?
– ხმას როგორ მივცემ. დღეს, ალბათ, ბევრი ჩვენი კოლეგაც დაფიქრდება, კონსულტაციებს გაივლის ჩემთანაც, სხვასთანაც და გადაწყვეტილებას მიიღებს. პრობლემები იყო და არის, მაგრამ პროცესი უკეთესობისკენ მიდის.
– რამდენ კანდიდატს აქვს შანსი?
– 11 კანდიდატს მოვუსმინეთ. აქედან 5-6 კანდიდატი არის ისეთი, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭირო. ვნახოთ, სხვა კანდიდატები როგორ წარმოსდგებიან.