ზაზა ლიპარტია, რომელსაც დარბევისას თვალი დაუზიანდა, კვლავ აქციაზე მივიდა

ზაზა ლიპარტია, რომელსაც დარბევისას თვალი დაუზიანდა, კვლავ აქციაზე მივიდაზაზა ლიპარტია, რომელიც დარბევისას დაშავდა და თვალი დაუზიანდა, კვლავ აქციაზე მივიდა. ლიპარტიას თქმით, მან სამედიცინო ჩარევაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ, კლინიკა დატოვა.

ზაზა ლიპარტია, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვაში მუშაობდა, ამბობს, რომ ბევრი რამ უნახავს და გადაუტანია, მაგრამ ხელისუფლებისგან არ ელოდებოდა დილის 5 საათზე აქციის დარბევას:

“ხელისუფლების მიდგომა ასეთია: თუ კრიტიკული მასა არ გამოვა, შეგიძლია გალახო, თუ კრიტიკული მასა გამოვა, ანგარიში უნდა გაუწიო, რაც არასწორი მიდგომაა”, – აცხადებს ლიპარტია.

შეგახსენებთ, დილის 05:00-ზე რობოკოპებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაარბია. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაშავებულია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც, რომელსაც წყლის ჭავლმა ხელი მოტეხა. შშ-ს განცხადებით, პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და დაირღვა კანონი მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, რის გამოც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დაშალეს და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება აღკვეთეს. დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.