ნუცა კუხიანიძე ერეკლე კუხიანიძეზე – “მე და მამაჩემი სხვადასხვა ბანაკში ვართ”

ნუცა კუხიანიძე ერეკლე კუხიანიძეზე - "მე და მამაჩემი სხვადასხვა ბანაკში ვართ"ერეკლე კუხიანიძის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანებას, როგორც ჩანს, ემოციურად განიცდის საკრებულოს დეპუტატის ცნობილი შვილი, ნუცა კუხიანიძე. თავისი ემოციების შესახებ „პრაიმტაიმთან“ მან თავად განაცხადა

– რა გითხრათ, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მამაჩემი ოჯახის წევრია და ვწუხვარ, რომ მან ასეთი ფორმით გამოხატა თავისი პოზიცია. მე მის პოზიციას არ ვიზიარებ, სულ სხვა შეხედულება მაქვს. მასთან ამ თემაზე ლაპარაკიც არ მქონია. მან აირჩია ეს პარტია – „ქართული ოცნება“ და მიჰყვება თავის გზას. დამოუკიდებელი ადამიანია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ვინერვიულე, რადგან ბევრი ნეგატივი წამოვიდა მისი მისამართით და ასევე – მისგანაც. რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას. ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის გზასაც და პოზიციასაც. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს რაღაც ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს.

ვაჟა ექიმის საკითხი ძალიან სენსიტიურია, ის ამ ეტაპზე გასაჭირშია და შენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დახმარება უნდა გაუწიო და არა – დააკნინო.

ეტყობა, როცა ასეთ მწვავე განცხადებას აკეთებ ადამიანი, მერე ზღვარს კარგავ, ვერ აკონტროლებ, რა თქვა, რა მოიმოქმედო.

მამაჩემი მუდამ  თავისებური ადამიანი იყო, ყოველთვის თავისი სიმართლე და განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა. უცნაური ადამიანია ძალიან. ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამის გამო ბევრჯერ გვიკამათია კიდეც. ისტორია შეაფასებს ყველაფერს.

ძალიან ვნერვიულობ მამაჩემზეც და კარგი იქნებოდა, ასეთი რამ არ მომხდარიყო ან და, თუ აუცილებელი იყო აზრის დაფიქსირება, სხვა ფორმით გაეკეთებინა ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფორმა ამჯობინა და ეს მისი არჩევანია“, – ამბობს ნუცა კუხიანიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ ფეისბუქში ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“ – დაწერა საკრებულოს წევრმა.

აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და მისი საკრებულოდან გამოწვევაც კი მოითხოვეს.

პრაიმ ტაიმი