25 წლის ახალციხელი ლელა ოქრომელიძე აშშ-ს წამყვანი კლინიკის ნეირომეცნიერია

25 წლის ახალციხელი ლელა ოქრომელიძე აშშ-ს წამყვანი კლინიკის ნეირომეცნიერიაახალციხელი ლელა ოქრომელიძე ნეირორადიოლოგიით ბავშვობიდან დაინტერესდა, დედის პროფესიამ მასზე გავლენა მოახდინა. ისწავლა, მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში, მოიარა დაახლოებით ოცი ქვეყანა და ახლა უკვე ნეირომეცნიერის სტატუსი აქვს.

ახლა იმ კლინიკაში მუშაობს, რომელსაც 2019 წელს აშშ-ს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად დასახელდა. პარალელურად, სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტში და თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა ეს რეჟიმი მოსწონს.

იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს, ლელა ოქრომელიძემ ბევრი იშრომა.

ქალაქ ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში, რუსულ სექტორზე შვიდი წელი სწავლობდა, მომდევნო ოთხი წელი კი, დედის გადაწყვეტილებით ქართულ სექტორში გაატარა. დამამთავრებელი მე-12 კლასი აშშ-ში ქალაქ პორტლენდში Franklin High School-ში დაამთავრა.

ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რომლის დროსაც გაცვლითი პროგრამებით იმყოფებოდა: აშშ-ში, იაპონიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში.

„სკოლაში ეკოკლუბში და სკოლის თვითმმართველობაში ვიყავი აქტიურად ჩართული. ასევე ვიყავი სკაუტური ორგანიზაციის წევრი. უნივერსიტეტში კი ვმონაწილეობდი კონფერენციებში და ორიენტირებული ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლით პროგრამებში დაფინანსებების მოპოვებისთვის, ჩართული ვიყავი ისეთ ღონისძიებებში როგორიცაა: National English Spelling Competition, ვმუშაობდი Peace Corps-ში მოკლე პერიოდის განმავლობაში, FLEX-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, ვმოხალისეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში, ასევე დაფინანსება მოვიპოვე ერთ-ერთ დიდ კონფერენციაში(One Young World) მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ აფრიკაში“, – ამბობს ლელა.

მის ინტერესის სფეროს რადიოლოგია ბავშვობიდან წარმოადგენდა, რადგან დედის პროფესიაა. მისი მიღწევებიც რადიოლოგიის ერთ-ერთ სფეროს ეხება: „ნეირორადიოლოგია რადიოლოგის ქვესფეროა, რომელიც მიმართულია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, თავისა და კისრის არის პათოლოგიის დიაგნოზირებასა და აღწერაზე. დედა რადიოლოგია, ამიტომ რადიოლოგიის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამიტაცა თავის ტვინმა და საბოლოოდ გადავწვიტე ნეირომეცნიერებისა და ნეირორადიოლოგიის სფეროს გავყოლოდი“.

ამბობს, რომ კლინიკა „მეიოში“ მოხვედრა მისი ოცნება იყო და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის პროფესიონალ გუნდთან ერთად დაიწყებდა მუშაობას.

„გამიმართლა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გავიცანი ადამიანები, რომლებმაც ხელი შემიწყეს „მეიოს“ კლინიკაში პირველი ნაბიჯის გადადგმაში. 2017 წელს ერთი თვით ჩამოვედი რადიოლოგიის დეპარტამენტში. ამ პერიოდში გავიცანი რამდენიმე საოცარი ექიმი, რომლებთან გასაუბრებისას, სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს სტაჟიორის პოზიციაზე დაბრუნება“.

2018 წლის სექტემბერში „მეიოს“ სამედიცინო კლინიკაში სტაჟიორის სტატუსით დაიწყო მუშაობა, 2019 წლის ივლისიდან კი მოლეკულური ნეირომეცნიერის სტატუსით მუშაობს.

„აქამდე ვერ ვიჯერებ, რომ ვარ ამ კლინიკის წევრი. გარდა მედიცინისა, „მეიოს“ კლინიკა ეწევა საოცარ კვლევებს, რითაც ყოველდღე ვარ განცვიფრებული. ახალციხეში დაბადებული და გაზრდილი გოგო ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთ ადგილას დავიწყებდი მუშაობას. საოცარი ექიმების და ხელმძღვანელების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რამაც გამიადვილა ადაპტაცია“.

ახლა ლელას დატვირთული განრიგი აქვს. ამბობს, რომ ხშირად კვირაში შვიდი დღე მუშაობს. გარდა ამისა, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია და სწავლას დარჩენილი დრო მთლიანად მიაქვს.

„მიყვარს ჩემი სამსახური და უნივერსიტეტი, შესაბამისად, მუშაობა და სწავლა ჩემთვის ტანჯვას არ წარმოადგენს. ახლა ის პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, როდესაც შემიძლია კარიერული წინსვლის მიღწევა და ამ შანსის დაკარგვას თავს ვერ ვაპატიებ“.

მედიცინის გარდა, მისი გატაცება მოგზაურობაა. 20-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. ამბობს, რომ ახალი ადგილებისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობა უყვარს.

რაც შეეხება გეგმებს, ლელამ ჯერ არ იცის დაუკავშირდება თუ არა მისი მომავალი საქმიანობა საქართველოს ან მის მშობლიურ ახალციხეს:

„ჩემი ცხოვრება საკმაოდ ხშირად იცვლება მოულოდნელად, იცვლება ჩემი ცხოვრების ადგილმდებარეობა და ფართოვდება მუშაობის სფერო. ასე რომ რთულია იმის წარმოდგენა თუ სად ვიქნები. თუმცა ყოველთვის შევეცდები საქართველოს მედიცინისა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში შევიტანო წვლილი. მინდა დავაგროვო გამოცდილება და მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, – ამბობს 25 წლის მოლეკულური ნეირომეცნიერი და რადიოლოგიის დეპარტამენტის სტაჟიორი.

სამხრეთის კარიბჭე