ლაშა ჩხარტიშვილი – „ივანიშვილი ცდილობს, ეპიდემიას ამოეფაროს და დიქტატურა დაამყაროს“

ლაშა ჩხარტიშვილი -  „ივანიშვილი ცდილობს, ეპიდემიას ამოეფაროს და დიქტატურა დაამყაროს“ “ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევის მცდელობა ჰქონდა, როდესაც ოქრუაშვილს ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ამას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
– ლაშა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საარჩევნო კოდექსზე რამდენად შესრულდება? თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ხელსაყრელ ვითარებაშია და ის ამას გამოიყენებს?
– მე, იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მოეგება გონს ივანიშვილი და ამ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას სისრულეში მოიყვანს. უკვე ჰქონდა ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევის მცდელობა, როდესაც ოქრუაშვილს ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ამას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან მომენტალური და მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გურამ დონაძე დღეს თავისუფალი არის იმიტომ, რომ მან ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა ყალბი ჩვენება. 8 წლის განმავლობაში არავის არაფერი უთქვამს და არც ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია.
ამიტომ, იმედი მაქვს, თავად ივანიშვილს ეყოფა კეთილგონიერება და მიხვდება, რომ პანდემიას ვერ ამოეფარება და არ გაუვა ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის გაძლიერება და ჩამოყალიბება.
მე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს არჩევნების გადადებაც უნდოდეს. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მას ეს არ გამოუვა.
– რატომ არ გამოუვა?
– ამას არც ხალხი დაუშვებს და არც ოპოზიცია. პოლიტიკური მონოპოლიის დამყარების მცდელობის დიდი სურვილი, რასაკვირველია, აქვს, რისი ნიშანიც იყო თუნდაც პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, რაც გამოიხატა ოქრუაშვილის და სხვათა დაკავებაში 20 ივნისი მოვლენების გამო, მაგრამ ჩვენ მყისიერი რეაქცია ვიხილეთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების. კი მძვინვარებს მსოფლიოში პანდემია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს. ეპიდემიის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან აქტიური იქნება. არ შეიძლება ეს ასე არ იყოს, რადგან ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მოქმედებები.
– კონკრეტულად?
– აშკარაა ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. შერჩევითი მიდგომის არაერთი მაგალითი ვნახეთ თუნდაც შეკრებასთან მიმართებით. მე, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად მალე გაივლის და ხელისუფლებას არ გამოუვა ჩანაფიქრის შესრულება.
– რა არის ჩანაფიქრი?
– რომ მხოლოდ თავად მართოს ავტორიტარულ რეჟიმში. თურმე თავად ბიძინა ივანიშვილი განკაცებულა გახარიაში, ტიკარაძეში, ასეთი მიგნებაც კი ვნახეთ ამ ბოლო დროს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ივანიშვილს მოუწევს სერიოზული დაფიქრება.
– ისევ შეთანხმებაზე მინდა გკითხოთ, თუ ჩავარდა, მოვლენათა რა განვითარება შეიძლება ამას მოჰყვეს?
– თუ მაინც აღმოჩნდება ივანიშვილი ზედმეტად მეოცნებე, რა თქმა უნდა, მასზე დაიწყება ფინანსური სანქციები. და ასეთი პირდაპირი მესიჯები უკვე იყო. ეს არის მთავარი საფრთხე, რაც მას ნამდვილად აშინებს. მისი უმთავრესი ღირებულების დაკარგვის შიშით, მას მოუწევს კონსტიტუციის შეცვლა, ეს, უნდა თუ არ უნდა, ასე იქნება. 120\30-ზე ეს შეთანხმება არსებობს და მას უკან ვერავინ წაიღებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეპიდემიის საფრაქვეშ ის ვერ დაამყარებს საქართველოში დიქტატურას. ამის საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და არც ვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მყარად დგანან ჩვენ გვერდით, ვგულისხმობ არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს და ქართველ საზოგადოებას.
– ამ პროცესში რა შენიშვნა გაქვთ ხელისუფლებასთან?
– ის, რაც პირდაპირ ცხადად და თვალნათლივ გამოჩნდა – ორმაგი სტანდარტი. როდესაც კანონი ყველასთვის ერთი არ არის! როდესაც სამართალი ყველასთვის ერთი არ არის ანუ სამართლიანი არ არის. ამის უამრავი მაგალითია, შენიშვნები მაქვს უსამართლო ჯარიმებზე. პირველი პოლიტიკური ჯარიმა “ლეიბორისტებს” 9 ათასი ლარის ოდენობით დაგვაკისრეს, როდესაც ბრფინგი აქციათ “გაასაღეს”.
– გადაიხდით?
– არ ვაპირებთ. ჩვენ სამართლებრივად ვიბრძოლებთ მის გასაუქმებლად. არაპროპორციულად მაღალი ჯარიმაა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯარიმა საქართველოშია დაწესებული. ვაპირებ კამპანია დავიწყო გამოწერილი ჯარიმების წინააღმდეგ და ათას ლარამდე შესამცირებლად. მე მესმის, რომ ჯარიმა მკაცრი უნდა იყოს, რომ მან იმუშაოს, მაგრამ ადეკვატურობის ფარგლებში და, რაც მთავარია, საარსებო წყარო არ უნდა დაუკარგოს მისმა გადახდამ ადამიანებს. პროპორციულ ჯარიმაზეა საუბარი და არა მის გაუქმებაზე.