არჩილ გამზარდია – “წულუკიანიც და გახარიაც შეიძლება პარლამენტში შევიდნენ”

არჩილ გამზარდია - "წულუკიანიც და გახარიაც შეიძლება პარლამენტში შევიდნენ"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს არჩილ გამზარდია პასუხობს.
–  როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები, რომ შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. რამდენად ხდება პანდემიით მანიპულირება, თუ მართლა არის ეს მოცემულობა, რომ საჭიროა არჩევნების გადადება?
– თეორიულად სრულიად შესაძლებელია, რომ სრულიად ობიექტური მიზეზების გამო მოხდეს არჩევნების გადადების აუცილებლობა. სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება, ეს დეკემბრამდე მოხდება თუ უფრო იანვრამდე. შესაძლოა, განაცხადონ, რომ დეკემბრამდე, მაგრამ სიტუაცია იყოს ისეთი, რომ კიდევ გადადება დასჭირდეს. ჩვენთან პრობლემა არის არა მხოლოდ ამაში, არამედ იმაში, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა ისეთი დაბალია, რომ ობიექტური გარემოებაა მართლაც თუ ხელისუფლება სარგებლობს და თამაშობს სტატისტიკით, აი ეს კითხვები ჩნდება. ჩვენი ნდობა ხელისუფლების მიმართ დაბალია და აქედან გამომდინარე ჩვენ ასე მარტივად არ ვიღებთ ხოლმე მათ გადაწყვეტილებებს.
– ბოლო დღეებია საგრძნობლად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებას 20 ივნისის აქციის გამართვის ეშინია და ამიტომ სიტუაციას ამძიმებენ შეგნებულადო. რამენად არის ეს მოცემულობა?
– 20 ივნისის აქციის მიმართ შიშის ფაქტორი მაინცდამაინც ზუსტი არა მგონია.
– პროტესტის ახალი ტალღის აგორება არ უნდა ხელისუფლებასო.
– პროტესტის ახალი ტალღის აგორებას სჭირდება ახალი კონკრეტული მიზეზები. უბრალოდ სიმბოლური თარიღების აღნიშვნა და იმის თუნდაც ხელახლა განცხადება, რომ რას აკეთებს ხელისუფლება, ან რა გააკეთა გასულ წელს, მე ვფიქრობ, რომ ამას ახალი ტალღის აგორების რესურსი არ გააჩნია. ეს შეიძლება იყოს სრულიად ნორმალური აქცია, რომელსაც დინამიკა და გაგრძელება ნაკლებად ექნება. ჩვენ რომ საპროტესტო აქციების თვისობრიობას შევხედოთ, საპროტესტო აქციას ყოველთვის სჭირდება რაღაცა კონკრეტული მიზეზი, რომელიც საზოგადოებას აღაშფოთებს.
– დღეს ასეთი არაფერი ხდება?
– დღეს, ყველაფერი შეიძლება იყოს პროტესტის საგანი, მაგრამ ასეთი თვისობრიობას და იმ კონკრეტული მომენტისათვის, საზოგადოების აღშფოთების საფუძველს გულისხმობს. თუნდაც გავიხსენოთ ბოლო საპროტესტო აქციები, ეს იყო სარალიძის თემა, ეს იყო გავრილოვის თემა, თავის დროზე ეს იყო ბასიანის თემა, რომელიც ასევე ძალიან კონკრეტულ ამბავს მოყვა. თორე, განა ზოგადი მიზეზები არ არის, ამ ქვეყანაში მით უმეტეს… უბრალოდ ასეთი საპროტესტო კამპანიის და ასეთი ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის ძალიან კონკრეტული, იმ დროისათვის მომხდარი მოვლენა, რომელიც საზოგადოების მძაფრ აღშფოთებას იწვევს. ახლა კი ასეთი მომენტი ნაკლებად არის.
– არჩილ, რამდენად აწყობს ხელისუფლებას არჩევნების გადადება?
– მე ადრეც ვთქვი, ხელისუფლებას ან ძალიან დროული ჩატარება აწყობს, სანამ ერთგვარი წარმატებულობის ფაქტორი გააჩნია, ან პირიქით, საკმაოდ იქით გადადება, თუკი გააცნობიერებს, რომ მას ძალაუფლების შემცირება დასჭირდება, დათმობაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ გავლენების შემცირების გამოც გადადებენ არჩევნებს. თუ გააცნობიერებენ, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, მაშინ არჩევნებს გადადებენ და ამ პროცესს მაქსიმალურად გაახანგრძლივებენ. საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის ფონზე და ასე შემდეგ, თუკი ხელისუფლება დარწმუნდა იმაში, რომ მას მოუწევს ძალაუფლების წილის დათმობა და მნიშვნელოვანი წილის, თუ ეს ფაქტორი მას ძალიან არ უნდა, მაშინ შესაძლოა მაქსიმალურად შეეცადოს გაიხანგრძლივოს ძალაუფლების ეს მოცემულობა.
– არჩილ, ასევე გამოდის ინფორმაციები, რომ “ოცნებას” ძალიან უჭირს სიის დაკომპლექტება, არ ყავთ მომგებიანი სახეებიო. ასევე გუნდში არსებულ დაპირისპირებებზე საუბრობენ. ამაზე რას იტყვით?
– ჩვენ, რომ 2016 წლის სიას შევხედოთ, იყო ის სია რაიმე კონკრეტულის მომცემი? თუნდაც “ოცნების” ელექტორატისათვის?! იქაც ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა, თვითმმართველობის არჩევნებზეც ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც ბიძინას მისცეს ხმა. შესაბამისად, რომ ვთქვათ ახლა, რომ ეს სახეები რაღაცა მნიშვნელოვან ღირებულებას ატარებს, ალბათ ასე არ არის.
– რამდენდ არის დღეს ის მოცემულობა, რომ ისევ ბიძინას ხარჯზე გაიტანონ თავი?
– “ოცნებას” თავის ამომრჩეველში მაინც ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე მოუწევს ხმების აკრეფვა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვლს, მას შესაძლოა უკვე აღარ ყოფნიდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიის დაკომპლექტება უჭირთ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ამ გაჭირვებაში რა შედის. ისეთი სახეების პოვნა, რომელიც “ქართული ოცნების” ელექტორატს აწევს, პასიურ ამომრჩეველს განამტკიცებს და სხვა პარტიებზე არ გადაანაწილებს. ასეთ პარტიებად, ვისაც შეუძლია “ქართული ოცნების” ელექტორატი წაიღოს, არის “ლელო” და პატრიოტთა ალიანსი. თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებს “ოცნება” და ამიტომ მომგებიან სახეებს ეძებს, ეს ერთია და მეორეა, რომ ყველას თავისი გავლენის შენარჩუნება უნდა შიგნით, თავისი კვოტა უნდა და შეაძლოა სწორედ ამის შეუთანხმებლობა უფროა. როდესაც საუბარია უჭირთ, აი ეს გაჭირვება უფრო აქვთ და ჩემთვის ეს უფრო დამაჯერებელია.
– ბოლო პერიოდია აქტიურად სახელდება წულუკიანის და გახარიას გვარები სიის პირველ ნომრად, რომელი უფრო მომგებიანია “ოცნებისთვის”?
– გახარია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლისათვის მომგებიანი სუბიექტია. იქ არის კიდევ რამდენიმე სახე, წულუკიანი, თავის დროზე ღარიბაშვილიც, რომელიც დღეს ბევრად ჩამქრალია, როგორც ლიდერი, თუმცა თავის დროზე “ოცნების” ამომრჩეველი მის მიმართ ძალიან დადებითად იყო განწობილი. ეს სახეები მათთვის მნიშვნელოვანია. ახლა იმის გაზომვა, წულუკიანი თუ გახარია, ალბათ ძნელია. შეიძლება რაღაც თანაბარი პარიტეტი ჰქონდეთ “ქართული ოცნების” ამომრჩეველში. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, წულუკიანი იქნება თუ გახარია. ეს უფრო შიდა გავლენების ფაქტორით შეირჩევა, პირველი ნომერი სიმბოლურად ვინ იქნება. სულაც არ არის გამორიცხული, რომ წულუკიანიც და გახარიაც პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ ისევ აქედან ავიდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
– ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით? იქაც დიდი დაპირისპირებაა, რამდენად შეძლებენ შეთანხმებას?
– გაერთიანებული ოპოზიცია კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ საარჩევნო ნაწილამდე რომ დავიყვანოთ, ოპოზიციის სტატუსით, მინიმუმ სამი სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ეს არის პატრიოტთა ალიანსი, ლელო და გაერთიანებული ოპოზიცია. რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის ერთად თავმოყრილი, მაგრამ ერთიანი კანდიდატები ოპოზიციას არ ეყოლება, ერთიანი სია არ ექნებათ. მინიმუმ რამდენიმე ოპოზიციური სუბიექტი იარსებებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ასე მარტივად არ არის. ამდენ სუბიექტს კი ვერ აიტანს ეს პროცესი, ამიტომ ვიღაცებს მოუწევთ ამბიციების დათმობა, გადადება, მაგრამ გადადებენ თუ არა, საკითხი ასე ისმის. ხოლო ეს ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, საკითხი ასე ისმის. არც ის არის გამორიცხული, რომ ბიძინას ოპოზიციის შიგნით თავისი აგენტურული ქსელი ჰყავდეს და ამით ცდილობდეს შიგნით სიტუაციის არევას. ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობა ხდება გაერთიანებულ ოპოზიციაში და ამან შესაძლოა პოტენციურ ამომრჩეველს შეუშალოს ხელი გადაწყვეტილების მიღებაში.
– 2020-ის არჩევნები ის არჩევნები იქნება, როდესა გადაჭრით ვერ იტყვი, რა მოხდება? არც “ოცნებას” აქვს შანსი, რომ ერთპიროვნულ მმართველად მოვიდეს?
– “ოცნებას” ასეთი გარემო ფაქტორებით, უმრავლესობით მოსვლის შანსი აქვს, მაგრამ თუ უმრავლესობით ვერ მოვა, მაშინ აქვს იმის შანსი, რომ იყოს დომინანტი და შემეგ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებებით პოლიტიკური ვაჭრობები ატაროს. აი ოპოზიციის ეს წილი კიდევ ცალკე თემაა, გამოდის, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს, “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა უღირს.
– ანუ ოპოზიციაში არიან ისეთები, ვინ წავლენ ხელისულებასთან თანამშრომლობაზე?
– არის, რა თქმა უნდა, და ეს ლოგიკურიცაა. ზოგადად ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევაც იქითკენ იყო მიმართული, რომ თანამშრომლობითი სისტემა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.