თარაშ კანდელაკი ერეკლე თედიაშვილის ცემისთვის დააკავეს – პოლიციამ მოკრივე გიორგი კანდელაკის სახლი გაჩხრიკა

თარაშ კანდელაკი ერეკლე თედიაშვილის ცემისთვის დააკავეს - პოლიციამ მოკრივე გიორგი კანდელაკის სახლი გაჩხრიკა3-საათიანი ჩხრეკა ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში, გორში, გამთენიისას ახალგაზრდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას მოჰყვა.

სამართალდამცველები ყოფილი სპორტსმენითა და მისი ოჯახით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი კანდელაკის კუთვნილ რესტორანში დაიწყო, სადაც მისი შვილი თარაშ კანდელაკი ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. სწორედ ამ გარჩევის დროს დაშავდა 18 წლის ერეკლე თედიაშვილი, რომელიც 19 საათია, კომაშია.

პოლიციის ყურადღების ქვეშ მოქცეული კანდელაკების ოჯახი მედიასთან მომხდარის შესახებ არ საუბრობს. გიორგი კანდელაკის დედა ამბობს მხოლოდ იმას, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სახლიდან ვერაფერი ამოიღეს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ღამის 2 საათზე, გორში – რესტორან “ჟოზეფში” დაიწყო, ჩხუბის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. “კურიერმა” გაარკვია, რომ მალევე ბიჭებმა რესტორანთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 20-25 პირი  სცემდა 18 წლის ბიჭს, რომელიც ახლოს მდებარე თხრილში ჩავარდა და სასწრაფომ ის უგონო მდგომარეობაში იპოვა.

სასტიკი გარჩევის მიზეზებზე ვერ საუბრობენ ვერც დაზარალებულის ოჯახის წევრები. მათ თარაშ კანდელაკის შესახებ არაფერი იციან.

18 წლის ახალგაზრდა ერთადერთია, რომელიც ამ დაპირისპირების დროს დაშავდა. ის უკვე 19 საათია მართვით სუნთქვაზეა და თბილისში, კლინიკა “ჯერარსში” წევს. კრიტიკულად მძიმედ აფასებს მის მდგომარეობას მკურნალი ექიმი.

გამოძიება არკვევს ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები, ვინც თარაშ კანდელაკთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. რამდენიმე მათგანმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ჯოზეფში”, 2001 წელს დაბადებულ ერეკლე თედიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მძიმედ დაშავებული ერეკლე თედიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2