მადონა კისკეიძე-ქორიძე – “ემიგრანტი დედის გული რა ტკივილს და სევდას დაატარებს, არავინ იცის”

მადონა კისკეიძე-ქორიძე - "ემიგრანტი დედის გული რა ტკივილს და სევდას დაატარებს, არავინ იცის"ქართველმა ემიგრანტმა მადონა კისკეიძე-ქორიძემ წერილი დაწერა.

წერილში ნათქვამია:

“ამდენწლიანი ემიგრანტობის დროს ისეთ საკითხზე მიწევს საუბარი, კალამსაც ვერ ვიმორჩილებ, ცრემლი ასწრებს მელანს თაბახზე. ვისაც ემიგრანტობა არ გამოუცდია, ვისაც წლობით განშორებით გამოწვეული ტკივილი არ განუცდია ის ვერასოდეს მიგვიხდება ამ ტკივილს. მიჭირს გახსენება, მაგრამ გავბედავ იმ უდიდეს ტკივილზე გესაუბროთ, რამაც გადამაწყვეტინა ემიგრანტობა..

პირველი ის, რომ ვალის გამო ოჯახი, ჩემი საყვარელი ლამაზი ფუძე დავკარგე, მას დაერთო მეუღლის უმძიმესი დიაგნოზი, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ქიმიოთერაპიას ვგულისხმობ, და აი ეს გახდა მიზეზი დამეტოვებინა ავადმყოფი მეუღლე, ორი შვილი, 8 წლის შვილიშვილი და 5 თვის ფეხმძიმე რძალი თბილისში, ნაქირავებ ბინაში.. ოჯახის სიმძიმე დავაკისრე ფეხმძიმე რძალს… ეს ის წლებია, რომლის გახსენებაც კი დღემდე გულს მიკლავს… მიუხედავად ყველაფრისა, გავრისკე და გადავდგი ეს ნაბიჯი. მაინც ვერ გადავარჩინე მეუღლე და 6 წლის შემდეგ ის მე დავკარგე. კიდევ უარესი ის არის, რომ ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე. არავის ვუსურვებ ასეთ საშინელ ტკივილს, მას შემდეგ დავკარგე მშობლები, ერთ წელიწადში ორივე ერთად, დავკარგე ძმა, სიძე და ოჯახის უახლოესი 10 ადამიანი ისე, რომ ამ ყველაფერს ასე შორიდან ვაჟკაცურად გავუძელი და თავად მიკვირს როგორ შევძელი ეს..

ემიგრანტობის დროს ტკივილის გარდა ბევრი სიხარულიც მქონდა, დაოჯახდა ჩემი მეორე შვილი და მაჩუქეს შვილიშვილი, ვაჟი, რომელიც დღეს ხუთი წლისაა და ახლოდან თვალითაც არ მინახავს…წამოსვლიდან რამოდენიმე თვეში მეორე შვილიშვილი ნინი დაიბადა, რომელიც ორი წლის წინ, 13 წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლოდან, ისიც აქ მეწვია… მართალი გითხრათ ემიგრანტობამ ტკივილთან გამკლავება მასწავლა.

ჩვეულებრივი მოვლენაა გარდაცვალება, ეს ბუნების კანონია და ჩვენ ვერაფერს შევცვლითო გამუდმებით ჩამესმოდა ყურში და ცრემლის და შავი რომ მეტარებინა ამის უფლებაც კი არ მქონდა… 15 წლიანმა ემიგრანტობამ კალამი ამაღებინა ხელში და ტკივილსა თუ სიხარულს, ჩემს ფიქრსა თუ დარდს, თაბახის ფურცელს ვანდობ… არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ამ მონატრებამ გამბედაობა შემმატა და უკან არ ვიხევ ჩემს ”ჭიას” ვახარებ პოეზიით…

აქ ცხოვრებამ მასწავლა… უნდა ვიყო ძლიერი, არ უნდა დავნებდე, რომ უნდა ვიყო სულ ფორმაში და უნდა მიხაროდეს სიცოცხლე, რადგან ის ისედაც ხანმოკლეა და სწორი ცხოვრების კურსით უნდა ვიცოცხლო ისევ და ისევ ჩემი ოჯახის და შვილების საკეთილდღეოდ. ყველაზე მთავარი, ემიგრანტობამ შემძინა უამრავი საუკეთესო მეგობარი, ქალბატონები, რომლებთანაც გატარებული ყოველი დღე თუ საათი მავიწყებს ყველგვარ ტკივილს და თავს ისე ვგრძნობ მათ გვერდით, როგორც თევზი წყალში. ამ ჩემ ტკივილთან თუ დარდთან ერთად უზომოდ მონატრებული ჩემი სამშობლოს მომავალი მაღელვებს, ჩემი კოპწია ქუთაისი მინდა, მის ქუჩებში ხეტიალი მინდა… მისი ბაღის კიდე მენატრება და ჩემი ბუმბერაზი უხუცესი მწვანეყვავილა, ჩემი საყვარელი უბანი, სადაც ფეხი ავიდგი და სადაც ვისწავლე უდიდესი სიყვარული, ნათესაური, მეზობლური, მეგობრული, რომელიც დღეს ნაკლებად იგრძნობა და რომელი სიყვარულიც დღემდე მომყვება…. მაწუხებს აქ, ოჯახის გარეშე დაკარგული თითოეული წამიი… მტკივა დღემდე ვერ თუ არ შემდგარი ჩემი ქვეყნის ბედი, სადაც გაუტანლობისა და შუღლის მეტს ვერაფერს ვხედავ… მაწუხებს და მტკივა ის, რომ ქართველი, ჩვენი სანაქებო ქართველობა, გადაგვარების გზაზეა… მაწუხებს დედის გარეშე გაზრდილი შვილების მომავალი, მტკივა დანგრეული და დაშლილი ოჯახები და ორად გახლეჩილი საქართველოს ბედი.

ემიგრანტებს შორიდან თითქოს არაფერი გვეტყობა, ის კი არვინ არ იცის, რა ტკივილსა და სევდას დაატარებს თითოეული დედის გული. ესაა მიზეზი თუნდაც იმისა, რომ უამრავმა ემიგრანტმა უცხო მიწაზე დაასრულა სიცოცხლე და ვერ დაუბრუნდა ოჯახს და შვილებს ცოცხალი. შ ვ ი ლ ე ბ ო!!! გაუფრთხილდით ემიგრანტ დედებს, რადგან მათ ასმაგად სტკივათ !! უფალს ვთხოვ მშვიდობას, ყველა ქვეყნის ემიგრანტს ბედნიერ საქართველოში დაბრუნებას ვუსურვებ და მინდა ხმამაღლა გულისკივილით განვაცხადო ის, რომ მიუხედავად ამდენი დარდის ტკივილისა თუ სიხარულისა, ბედი ჩვენი დღემდე გაურკვეველია და ისიც არ ვიცით, როდის დასრულდება ქართველი დედების ამგვარი ცხოვრება. ჩემს მოგონებას თუ ჩანახატს ერთ ჩემს საკუთარ ლექსსაც დავურთავ თუ არ მიწყენთ.. ”
—————————————–
მეამაყება, რომ ვარ ქართველი,
და იმ პატარა ქვეყნის ნაწილი,
სადაც ოდეღაც დავითს უვლია,
უშენებია დიდი ტაძრები.
სადაც თამარის სული ტრიალებს,
როს ამშვენებდა თეთრი ლაშქარი,
მათი სულების მოსაგონებლად,
საყდარში მუდამ იწვის ლამპარი.
სისხლით გაჟღენტილ მიწის შვილი ვარ,
იქ სადაც ძმები ცხრავე ეწამეს,
მე იმ პატარა ქვეყნის შვილი ვარ,
სადაც გორგასლის ხმალი ელვარებს.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
რუსუდანის და ანას ქვეყნიდან,
იქ სადაც დედას უშიშრად ხელში,
შვილის დაცვისთვის ხმალი ეჭირა.
მე, რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
გენი ილიას, შოთას, აკაკის,
მე იმ ლამაზი ქვეყნის შვილი ვარ,
სადაც მგლის ლეკვის, ირწა აკვანი
———-
მიყვარხარ და მენატრები ჩემო საქართველო  პატივისცემით ა თ ე ნ ი დ ა ნ

მადონა კისკეიძე-ქორიძე 2020 წელი.”

გეორგიანს გრ