ლიონის კლინიკაში მარიამ ძაგნიძის დღეები დათვლილია… მას მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლა და შვილების ნახვა უნდა

ლიონის კლინიკაში მარიამ ძაგნიძის დღეები დათვლილია... მას მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლა და შვილების ნახვა უნდაექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ეს თავად საფრანგეთში, ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფმა 23 წლის მარიამ ძაგნიძემაც იცის.

იცის, რომ დღეები დათვლილი აქვს… მისი უკანასკნელი სურვილი საქართველოში ჩამოსვლა და შვილების ჩახუტებაა. ბოლო რამდენიმე დღეა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მეტყველების უნარი დაკარგა.

მისი შემზარავი ისტორია ქართულ კინოფილ „ფესვებს“ გაგახსენებთ… ისიც სამშობლოში დაბრუნებას ნატრობს. ეს მისი უკანასკნელი სურვილია… გაჭირვებით მხოლოდ სამ სიტყვას ამბობს – სამშობლო, დედა და შვილები.

ახალგაზრდა გოგონას დიაგნოზი იოუნგის სარკომაა. ვერაგმა დაავადებამ უკვე დაიკავა ახალგაზრდა გოგონას სხეულის თითქმის ყველა უჯრედი. ყველაფერი კი 3 წლის წინ, მაშინ დაიწყო, როცა გოგონამ ზურგის არეში ტკივილი იგრძნო.

ექიმთან მისულს ნერვის ანთების დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც დაუნიშნეს. ტკივილი არ ცხრებოდა, პირიქით სულ უფრო და უფრო მატულობდა. ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ მარიამს ნერვის ანთება კი არა, ძვლის კიბო აქვს…

გასული წლის დეკემბერში, როცა მარიამის ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა, გოგონა თანატოლ მეუღლესთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა.

გადარჩენის მიზნით, უცხო ქვეყანაში ლტოლვილად უნდა ჩაბარებულიყო და ვერაგ დაავადებასთან უთანასწორო ბრძოლა გაეგრძელებინა. მას საქართველოში შვილები ელოდნენ, სიკვდილზე ფიქრს მათ გამო ვერც კი ბედავდა…

გაუძლო ყველა სირთულეს, რამდენიმე ღამის გატარება ქუჩაში, ღია ცის ქვეშაც კი მოუწიათ… ექიმთან მისვლა ჩასვლიდან 5 თვეში შეძლო. ანალიზის პასუხები მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა –  მეტასტაზები ყველა ორგანოს ჰქონდა მოდებული და დაავადება აგრესიულად პროგრესირებდა.

ფრანგი ექიმების თქმით, მარიამის დღეები დათვლილია. თავად ახალგაზრდა გოგოს კი უკანასკნელი სათხოვარი აქვს – სამშობლოში დაბრუნება და თავის მცირეწლოვან შვილებთან სიცოცხლის უკანასკნელი დღეების, წუთების თუ წამების გატარება…

ის უკურნებელ სენთან უთანასწორო ბრძოლაში მარცხდება… არ უნდა კიბოს მსგავსად, მონატრებამ და ნოსტალგიამაც დაამარცხოს…

„პრაიმტაიმი“ მარიამის დედას სოფო გალდავას ესაუბრა, რომელიც ბოლო 3 წელია, თურქეთში მუშაობს. იქ წასვლა მარიამის მატერიალური დახმარების გამო, გადაწყვიტა. ერთი კვირის წინ, გამწარებულ დედას მეგობრებმა ფული შეუგროვეს და სტამბოლი-პარიზის ბილეთი უყიდეს, თუმცა თურქეთის მხარემ საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი უთხრა, რადგან სამუშაო ვიზა არ ჰქონდა.

ბოლო იმედი საქართველოში ჩამოსვლა და საფრანგეთში წასვლა იყო, თუმცა ბოლო ერთი კვირაა სოფო გალდავა გონიოში, კარანტინში იმყოფება და ახლა ერთადაერთი ნატვრაც აქვს – მარიამის ნახვა.

მიმართავს ყველა დედას, უწყებას და თითოეულ ქართველს, გულთან მიიტანონ მისი მდგომარეობა და შვილის საქართველოში ჩამოყვანაში დაეხმარონ.

„ყველაფერი 3 წლის წინ მაშინ დაიწყო როცა ბეჭის ტკივილი დაეწყო. ექიმთან რომ მივიდა ნერვის ანთება დაუდგინეს და მასზე დაუწყეს მკურნალობა. მერე ძვლის სარკომა დაუდგინდა. მაშინვე დავიწყეთ მკურნალობა.

ამოუღეს ბეჭის ძვალი, გაუკეთდა დასხივება, 30 ქიმიო-თერაპიის კურსი. 3 წლის განმავლობაში ვერაგ დაავადებას საკუთარი სახსრებით ვებრძოდით, მოგეხსენებათ, ონკოლოგიურ პაციენტებზე ჯერ კიდევ 3 წლის წინ სახელმწიფო დაფინანსება არ იყო.

ერთი რიგითი გაჭირვებული ოჯახი ვართ. სახლი დავაგირავეთ, გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. დეკემბრის თვეში ისე გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მეტასტაზა მთავარ არტერიასთან აღმოაჩნდა…

მოვიძიეთ მცირე ფინანსები და 23 დეკემბერს, მარიამი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში, ლიონში ჩავიდა. 10 იანვარს ჩაბარდნენ ლტოლვილად. მანამდე რამდენიმე დღე ქუჩაში, სკამზე გაათია. მერე პანდემია წამოგვეწია და 5 თვე ვერ იმკურნალა.

როცა გამოკვლევა ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო მოდებული. დაიწყეს მკურნალობა, მაგრამ მეტასტაზები აგრესიულად პროგრესირებს.

ექიმმა ჩემს სიძეს უთხრა, რომ მარიამის დღეები დათვლილი აქვს, ჩამოიყვანეთ დედა და შვილებიო. შევეხმიანეთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, მაგრამ ვერაფრით გვეხმარება. თუკი რამე გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ. 35 ათასი ევრო ჯდება მარიამი რეანომობილით, რომ  ჩამოვიყვანოთ.

მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დედამ და შვილებმა უკანასკენლად უნდა ნახონ ერთმანეთი. მგონია, რომ სხვის შვილზე გესაუბრებით, ახლა იმდენი მედიკამენტი მაქვს დალეული, რომ აზრების თავმოყრაც მიჭირს…

მივმართავ მთავრობას, ყველა უწყებას და საქართველოს მოქალაქეს. დამეხმარეთ. ჩამომაყვანინეთ შვილი საფრანგეთიდან, რომ მან უკანასკნელად ნახოს თავისი შვილები.“ – ამბობს სოფო გალდავა.

„პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთხელ დახმარებია შეჭირვებულ ადამიანებს და იმდს გამოვთქვამთ, რომ არც ამჯერად დატოვებთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დახმარების გარეშე… უკანასკნელად სიკვდილმისჯილსაც უსმენენ და ბოლო ნატვრას უსრულებენ…

იმედია, ახალგაზრდა გოგო დაუბრუნდება სამშობლოს, დედას და შვილებს… ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული თეთრიც რომ მნიშვნელოვანია…

GE02BG0000000365959270

GE56TB7108345064300019

მიმღები: მაია გალდავა
პრაიმტაიმი