იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტია და მათ შორის არის 37 წლის ქეთევან ხმალაძე, კვირის პალიტრა მას ესაუბრა.
– როგორია თქვენი იტალიური ცხოვრება?
– იტალიაში ადვილი მოსაპოვებელი არ აღმოჩნდა ის, რაც ჩვენ გვინდოდა. საქართველოში ჰგონიათ, რომ აქ ხიდან ცვივა ფული, მაგრამ ასე არ არის. თუ შრომისმოყვარე ხარ, მარტივად იპოვი სამსახურს, მაგრამ რთულია, როდესაც მუდმივად გაკონტროლებენ.
უკვე 10 წელიწადია, მოხუცის მომვლელად ვმუშაობ. ჩამოსვლის პირველი 6 თვის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვიყავით. იმ პერიოდში გაგვიმართლა – ბინაში, სადაც ვცხოვრობდით, ღვთისნიერი ხალხი ცხოვრობდა. ლიამ და ამირანმა შეგვიფარეს და ვიდრე ბინას ვიშოვიდით და სამსახურს დავიწყებდით, გვერდში გვედგნენ.
2 წლის შემდეგ, სადაც ვმუშაობდი, იმ ოჯახმა საბუთები გამიკეთა, იმ საბუთით ჩემს მეუღლესა და შვილებსაც გავუკეთე საბუთები და კანონიერად ვარ, ბინაც ჩემ სახელზე დავიქირავე.
ახლა მეუღლესთან ერთად აღარ ვცხოვრობ, მე და ჩემი შვილები იტალიელ ბებოსთან გადმოვედით. ამ ბებოს მე ვუვლი და თან მასთან ვცხოვრობთ, მგონია, რომ მეორე დედა მყავს გვერდით.
– დაბრუნდებით საქართველოში?
– მინდა, დავბრუნდე. როდესაც დავინახავ, რომ შვილები კარგად არიან, წამოვალ აქედან. მინიმუმ 5 წელი მაქვს იმისთვის, რომ ბავშვები ფეხზე დავაყენო.
საქართველოში დედა, მამა და ბებო მელოდებიან, სამივე მოსავლელია და მე იტალიაში სხვის მოხუცს ვუვლი, ამის გადატანა რთულია. იტალიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, რომ შრომის ფასი გავიგე და რასაც დღეს აქ ვაკეთებ, საქართველოში ამის გაკეთების შემრცხვებოდა, როგორც ყველა ჩვენგანს რცხვენია.

