“ვაქცინა განამ, რუანდამ და ბანგლადეშმა მიიღეს, ჩვენ რა გვჭირს!?” – სერგო ჩიხლაძე

"ვაქცინა განამ, რუანდამ და ბანგლადეშმა მიიღეს, ჩვენ რა გვჭირს!?" - სერგო ჩიხლაძე„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „პფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი „აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო“.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ხელისუფლებამ „კოვაქს“ პლატფორმაზე ვაქცინის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციები ვერ ატვირთა.

„კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე“ და შეცდომები ექნებოდათ. დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაპროფესიონალ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზია ისიც, რომ ხელისუფლებამ საკმარისად არ აწარმოა მოლაპარაკებები ვაქცინის მისაღებად მეგობარ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

„განაში 600 ათასი დოზა უკვე მიიღეს და იწყებენ ვაქცინაციას. მანამდე იყო რუანდა, რომელიც 2 მლნ დოზას იღებს. ეს გამართლება, რომ ნუ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს… კი ბატონო, არ ვედრებით, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშსაც აღარ შევედაროთ?! საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?! ეს არის მიზეზი იმის, რომ მთავრობამ არ აწარმოა მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან და მწარმოებლებთან“, – აღნიშნა მან.

იპნ