მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის შვილის, ცოტნე ხარატიშვილის, დაღუპვისთვის შმაგი რამაზაშვილს 7 წელი მიესაჯა

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის შვილის, ცოტნე ხარატიშვილის, დაღუპვისთვის შმაგი რამაზაშვილს 7 წელი მიესაჯაგურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი ვაჟი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, გარდაცვლილის მეგობარს, შმაგი რამაზაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

7-წლიანი პატიმრობა ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელია და პატიმრობის ზომით განზრახ მკვლელობასაც კი უთანაბრდება.

ბრალდბულის ადვოკატი, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატი ლიკა ბითაძე მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა მხარემ, ანუ მოსამართლე ნუნუ ნემისიწვერიძემ კოლეგა მოსამართლეზე, ისევე როგორც გამოძიებაზე ზეწოლა განახორციელა.

„წინ გვაქვს აპელაცია და იმედია, ეს განაჩენი გადაიხედება. ფაქტია, რომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე ყველანაირი ხერხით და საკუთარი გავლენების გამოყენებით ცდილობდა მართლმსაჯულებაზე ზეწოლას. რეალურად, შემთხვევის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ეს იყო ძალიან სამწუხარო უბედური შემთხვევა და 7-წლიანი პატიმრობა არანაირ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება“, – ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

ნუნუ ნემსიწვერიძე კი გამოძიების მსვლელობისას ვარაუდობდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა და შესაძლოა მისი შვილი მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს.

პრაიმ ტაიმი