მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე – “შვილი მომიკლეს შმაგი რამაზაშვილმა, გიორგი ჩაღმაველმა და ანრი რამაზაშვილმა”

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე - "შვილი მომიკლეს შმაგი რამაზაშვილმა, გიორგი ჩაღმაველმა და ანრი რამაზაშვილმა"„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზურად ცნობილი გახდა 3 ივნისს, ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები, რამაც შესაძლოა საქმეს სრულიად სხვა მიმართულება მისცეს.

მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა? – გამოძიების დღის წესრიგში საკითხი ამგვარად მას შემდეგ დადგა, რაც თელავის რაიონულ პროკურატურაში მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის განცხადება მიიღეს.

ნუნუ ნემსიწვერაძეს სასამართლო სისტემაში კარგად იცნობენ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება.

მან განიხილა გასულ წელს, ნაცმოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის საქმე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელებზე თვდასხმაში სდებდა ბრალს.

2007 წელს კი მოსამართლე ნემსიწვერიძემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ალექსი ბახუტოვს, რომელსაც მაშინდელი პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებდა, თუმცა რამდენიმე თვეში თავად „მოკლული“ ცოცხალი გამოჩნდა და განაცხადა, რომ მთაში მწყემსად იყო წასული.

2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე უვადო მოსამართლედ აირჩია.

ცოტა ხნის წინ, ნუნუ ნემსიწვერიძის ოჯახში მძიმე ტრაგედია დატრიალდა – დაიღუპა მისი ერთადერთი შვილი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცოტნე ახმეტაში, სოფელ ოჟიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა თავად ნუნუ ნემსიწვერიძეს მომხდარის სხვა ვერსია აქვს. ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ ექსკლუზიურად გიამბობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ფაქტზე დაკავებულია 21 წლის შმაგი რევაზიშვილი.

ჯერჯერობით, გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ, რევაზიშვილს ბრალი დაუმძიმეს და ამჟამად ედავებიან, რომ საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, თუმცა საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც შმაგი რევაზიშვილი შემთხვევის დროს ფხიზელი იყო.

თავად ბრალდებული მძღოლი ყვება, რომ მეგობრებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად წინ ძაღლმა გადაურბინა და შეეცადა მისთვის მანქანის არიდებას, თუმცა მანქანა მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის დროს ცოტნე ხარატიშვილი ავტომობილის უკანა სავარძელში იმყოფებოდა და შეჯახების მომენტში სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

მძღოლი, შმაგი რევაზიშვილი მალევე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მეგობრის, გიორგი ჩაღმაველის მიმართ კი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო ცრუ ჩვენების მუხლით.

საქმე ის გახლავთ, რომ გარდაცვლილის დედა, ნუნუ ნემსიწვერიძე ეჭვობს, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა და შესაძლოა მისი შვილი მოკლეს.

გამოძიება არკვევს, ხომ არ დამალა მოწმემ, გიორგი ჩაღმაველმა შესაძლო მკვლელობის ფაქტი და ავტოსაგზაო შემთხვევას ხომ არ უძღოდა წინ მეგობრებს შორის კამათი?

„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა ნუნუ ნემსიწვერიძის მიერ თელავის რაიონული პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მოსამართლე ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი შვილი მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყეს.

„2020 წლის 3 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამეღუპა შვილი, ცოტნე ხარატიშვილი. სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ჩემი შვილის მიმართ არსებული დაზიანებები არ არის მიღებული ავტოავარიის დროს. შესაძლოა, ჩემი შვილი არის ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებული და ავტოსაგზაო შემთხვევა არის გათამაშებული.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი მომიკლეს შმაგი რამაზაშვილმა, გიორგი ჩაღმაველმა და ანრი რამაზაშვილმა.

დასახელებული გარემოიებების დასადგენად გთხოვთ, დამკითხოთ მე და მოხდეს ჩემი შვილის, ცოტნე ხარატიშვილის მობილური ტელეფონიდან წინა ერთი თვის მანძილზე შემავალი და გამავალი ზარის დადგენა, პირთა დემოგრაფიული მონაცემებით.

ასევე მოხდეს სატელეფონო შემავალი და გამავალი ზარების ამოღება შმაგი რამაზაშვილის, გიორგი ჩაღმაველის და ანრი რამაზაშვილის ტელეფონებიდან“, – წერს თელავის პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე.

პრაიმტაიმი