მაია მუშკუდიანმა ფეისბუქში დაწერა:
“ყველაფერი ზუსტად ერთი თვის წინ, კახეთიდან დაიწყო.
სასტუმროს აუზი… აბაზანა.. აბაზანის დიდი სარკე და უცბად თვალი სარკეში არეკლილი სხეულის შეცვლილი ფორმისკენ გეპარება! დაკვირვებით ათვალიერებ, ხვდები, რომ რაღაც რიგზე არაა, იღებ ფოტოებს, აგზავნი მეგობართან კლინიკაში და იქედან პასუხი – სასწრაფოდ ჩამოდი!
პირველივე კვლევა ადასტურებს ,რომ კი, “ის”არის! ყალბი ღიმილით გადიხარ გარეთ მომლოდინე შვილთან, რომელიც აზრზე ვერ მოდის, რატომ ხარ აქ. ატყუებ, რომ გეგმიურია. მიყავხარ სახლში იმ დათქმით, რომ საღამოს ყველა ერთად შევიკრიბებით.
ქმართან მარტო რჩები, სრულიად მოწყვეტილი და მონოტონური ხმით ამბობ: ალიკო, მე კიბო მაქვს!
საღამო, ყველა ჩემთანაა, სიცილი და ხორხოცი, ელიან კახეთის შთაბეჭდილებებს, მეც არ ვამადლი და სულ სიცილ ხარხარით ვუყვები თავგადასავლებს, ოღონდ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს – როგორ ვუთხრა, როგორ დავზოგო,რა უცბად შეშდები, არსებული ყალბი ღიმილი, როგორც ამ ფოტოზე მაქვს, მეყინება, დამნაშავესავით თვალებს ვერ ვუსწორებ ვერც ერთს და ძალად მხნედ ეუბნები:ბიჭებო, არ შეგეშინდეთ, მე მკერდის კიბო მაქვს!!
მათი მაგარი ჩახუტება მაფხიზლებს და სიტყვები: დეე, არ შეგეშინდეს, ჩვენ აქ ვართ! მთებს გადავდგამთ!
ამ წუთიდან იწყება ჯოჯოხეთის მოლოდინისგან გამოწვეული კათარზისი, რომელიც ყოველი გამოკვლევის ჩატარებისას იცვლება და ღრმავდება.
ძალიან გეშინია! დრო იჭიმება, ერთი სული გაქვს, დანის ქვეშ როდის დაწვები, რომ მალე მოიშორო ეს საზიზღრობა. თუმცა იცი, რომ ეს მხოლოდ ნახევარი გზაა. აწი კიდევ უფრო მეტი სიყოჩაღე გმართებს.
ოპერაციის დღე. დილის 7 საათზე შენთვის მოსული გოგოები და ბიჭები!ოხ, როგორ მიყვარხართ! ოპერაციიდან გამოსულს ერთი სული გაქვს, ჩაგეხუტონ და შვილებს უთხრა,დე,ძალიან,ძალიან კარგად ვარ.
დღეში რამდენჯერმე აბარებ პატაკს, რომ კარგად ხარ და ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვალ.სხვა გზა არ არსებობს, რადგანაც ჩემს უკან ადამიანების დიდი ჯარია, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ!!
მე თქვენ არ გიღალატებთ!”

