ექიმმა დათო კობერიძემ ფესიბუქში დაწერა:
“შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, დიდი ალბათობით კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის. უკეთებ ტესტს და ავად სახსენებელი მეორე ხაზი წითლდება, და ეუბნები – დაგიდასტურდათ.
პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს: “-უეჭველი დადებითია?”, “პისიარი ხო არ გავიკეთოთ?” “-ღმერთო დავიღუპე” “-ვიცოდი…”…
უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. როგორია? გეკითხება. ცოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე მაგრამ არ ინერვიულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება.
ხომ არ მოვკვდები? არა, პასუხობ შენც. რამდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკცე.ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა, რამდენიმე დღეში ხედავ, რო მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე.
პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ, რომ ყოველდღე უყურებს, როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაცოენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად, და, როგორც წესი, წარუმატებლად, და როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს, ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი.
ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ეს დასასრულია.
თუ გინდათ, არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.
ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე, ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო, მარტო მე მინდა, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???”

