გვანცა ჯობავა – “ეს ლამაზი ბიჭი 23 წლის მამაჩემია, ფოტო საბჭოთა კაგებეს მძევალს გადაუღეს”

გვანცა ჯობავა - "ეს ლამაზი ბიჭი 23 წლის მამაჩემია, ფოტო საბჭოთა კაგებეს მძევალს გადაუღეს"გვანცა ჯობავამ ფეისბუქში დაწერა:

“ეს ლამაზი ბიჭი 23 წლის მამაჩემია, ეს ისტორიული ფოტო კი, 1963 წელს გადაუღეს საბჭოთა კაგებეს მძევალს. დღეს შემთხვევით მივაკვლიეთ ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატეანის“ ბაზაში და მიუხედავად იმისა, რომ, ცხადია, ამბავი ჩემთვის სიახლე არაა, მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო ამ გვერდის აღმოჩენა. არასდროს არსად ყვებოდა, არასდროს ახსენებდა ამ ისტორიას, თავი არასდროს მოჰქონდა. მაგრამ ისტორია ხომ თავისას შვრება, ბოლოს კვალი მაინც არ გააქრო.
ამბავი კი ასეთია, რომ 1962 წელს ზუგდიდში არალეგალური იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი გახდა, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი პროკლამაციების გავრცელებით ხალხში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ცდილობდა. იმ დროისთვის მამა ზუგდიდის სტამბაში მუშაობდა და პროკლამაციების საბეჭდად საიდუმლოდ გამოჰქონდა შრიფტი. პროკლამაციებს საგულდაგულოდ მალავდა სახლში, თუმცა, დაპატიმრების შემდეგ, ვერ უპოვეს და კაგებეს სარდაფებში წამების მიუხედავად, ვერც გატეხეს.
ამბავი რამდენიმე წინადადებაში ჩაეტია, ესეც ხომ ისტორიის თვისებაა. თუმცა, ჩემთვის ესაა ყველაზე ძვირფასი, რაც მამაჩემისგან დამრჩა, სხვა რაღა შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომ ეს ამბავი გადაეფარა, მთელი თავისი თავგანწირული ცხოვრებით თავისუფალი მომავალი შემიქმნა, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა მაჩუქა; არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო, რომ ოდესმე ამ უზარმაზარი ვალიდან ამოვიდე, ალბათ ვერც ვერაფერი. უბრალოდ როცაკი ამ ქვეყანაზე ხელს ჩავიქნევთ ხოლმე, როცა დავიღლებით, როცა გავიგებთ, რომ დღესაც ყველას ისევე გვისმენენ და გვითვალთვალებენ, კომპრომატებს გვიგროვებენ, როგორც ეს საბჭოთა დიქტატურის დროს ხდებოდა,

როცა ჩვენი მატერიალური, ოჯახური კეთილდღეობა მოგვინდება, რომ ქვეყნის მომავალზე წინ დავაყენოთ, ყოველთვის გავიხსენოთ, რამდენი უდანაშაულო, სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი სასტიკად აწამა, გაანადგურა, დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა იმისთვის, რომ მათ სურდათ ჩვენ, მათ შვილებს მაინც გვეცხოვრა ბედნიერად დამოუკიდებელ საქართველოში. ბედნიერად ცხოვრება ჯერჯერობით ვერ შევძელით, მაგრამ დღემდე ჩვენ ამ ადამიანების ტრაგედიებზე ვდგავართ და რა უფლება გვაქვს დავიღალოთ, რა უფლება გვაქვს, რომ უკან – Back to USSR – დავბრუნდეთ?!!!”