ბექა ყორშიამ 3 წლის წინ ფეისბუქში დაწერა:
“მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა:
– ქრისტიანი მინდა გავხდე.
– სიფხიზლეში, აბუ ჰამედ, სიფხიზლეში.
– მთვრალი გგონივარ ? გგონია, ვერ ვაზროვნებ?
– ეგ არ მითქვამს, უბრალოდ, ცოტა შეთვერი.
– ჰოდა, წამიყვანე, უნდა მოვინათლო. – მეუბნება.
– არა.
– კი.
– არა- მეთქი.
– ძალიან გთხოვ – მეუბნება. მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, ახლა რომელიმე ეკლესიაში მივიყვან, ნახავენ რომ მთვრალია და გამოგვაგდებენ-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. მართლა მონათლეს. თან ამ მღვდელს ვეუბნები, მთვრალია და იქნებ ხვალ ვქნათ–მეთქი, რაზეც მპასუხობს, შენო ხანძთელის “აბოს წამება” თუ წაგიკითხავსო. ხანძთელის არა, მაგრამ საბანისძის კი- მეთქი. შენ რა, მე მასწავლი მაგასო ? არა, რას ბრძანებთ-მეთქი. ჰოდა, როგორც აბო მოინათლა, ისე მოინათლება ესეცო. ამ დროს, აბუ ჰამედს მოვკიდე ხელი და კარისკენ წავათრიე, რაზეც ამიშარდა, სად მიგყავარ, უფლის სახლში ვარ მოსულიო. მეთქი – შენ იმენა ალლაჰი მაგრად დაგსჯის, ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოითუთქები, მაგრამ ჩემმა ღვთაებრივმა მუქარამ არ გაჭრა – აბუ ჰამედი მოინათლა.
დღეს დილით ტელეფონის რეკვის ხმა მაღვიძებს, აბუ ჰამედია.
– ბიქა, გუშინ ვიღაც კაცი რომ წყალს მასხურებდა, რა უნდოდა და ვინ იყო ? – მეუბნება. ძალიან დავიბენი და ვპასუხობ:
– არაფერი. დავთვერით და ცოტა ვიწუწავეთ.
– ხო, ბევრი მომივიდა…
– არაუშავს, აბუ ჰამედ. – ვპასუხობ და ცოტა ხანში ვემშვიდობები.
არ ვიცი, როდის გამოვუტყდე, რომ აბუ ჰამედი კი არა, ნათლობის სახელით ნიკოლოზია.”

