თეა გვასალია – “პირველი, რაც ცხოვრებაში ვიჩქარე, დაბადება იყო”

თეა გვასალია - "პირველი, რაც ცხოვრებაში ვიჩქარე, დაბადება იყო"თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“პირველი, რაც ცხოვრებაში ვიჩქარე, დაბადება იყო – იანვარში მელოდებოდნენ და 16 დეკემბერს გადავწყვიტე მზის სინათლის ხილვა, მაგრამ გარეთ არც მზე დამხვედრია, არც სინათლე, რადგან ჯერ გათენებული არ იყო და მხოლოდ თეთრი ფანტელები ირეოდნენ ჰაერში. მას შემდეგ, ჩემს დაბადების დღეზე თოვლი არც მახსოვს, წელს საერთოდ ვარდი ყვავის აივანზე .
ასე ნაადრევად დაბადებულს, ყველაფერის დროზე ადრე გაკეთება მომიწია. 5 წლისა სკოლაში შემიყვანეს, 16-ის სტუდენტი გავხდი, 17 წლისას მარკესის პირველი თარგმანი დამიბეჭდა პაატა ნაცვლიშვილმა თავის გაზეთში, 25 წლისას მარკესის თხუთმეტამდე რომანი მქონდა ნათარგმნი. ესპანეთის ორი უნივერსიტეტი მოვიარე, ლამის 10 წელი „ამბობენს“ ვაკეთებდი. ესპანური ენის ორი სახელმძღვანელო მაქვს შედგენილი: გრამატიკის პრაქტიკული კურსი და ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი, მარკესის ოცამდე რომანის თარგმანი – წიგნებად გამოცემული. მთელი ახალგაზრდობა რომ ვფიქრობდი, ერთ შვილზე მეტს არ გავაჩენთქო, სამი მყავს, ხეებიც დარგული მაქვს (ბავშვობაში) და ერთი სახლი დამრჩა ასაშენებელი .
მთავარი, რაც ცხოვრებამ მასწავლა, ისაა, რომ ყველა გრძნობა წარმავალია, დედის და შვილის სიყვარულის გარდა, და რომ ბევრი, ერთი შეხედვით შეუძლებელი ოცნების ახდენა შეიძლება, თუ მარტო ტახტზე წამოწოლილი და ჭერს მიჩერებული კი არ იოცნებებ, მიზანს დაისახავ და მის მისაღწევად დღეს და ღამეს გაასწორებ, რომ ერთადერთი, რაც ადამიანმა ღმერთს უნდა სთხოვო, ჯანმრთელობაა და სხვის იმედად ყოფნას ყოველთვის ჯობია შენ იყო სხვისი იმედი .
ბარბარობას გილოცავთ. გასულ საუკუნეში ასეთი რელიგიურები რომ ვყოფილიყავით, თეას ნაცვლად ალბათ ბარბარე მერქმეოდა.”