„ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ენმ ივანიშვილს  ვერასოდეს დაამარცხებს“ – არჩილ იაკობაშვილი

„ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ენმ ივანიშვილს  ვერასოდეს დაამარცხებს“ - არჩილ იაკობაშვილინაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია ენმ-ს ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
akhalitaoba.ge-ს კითხვებს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ეკონომიკის პროფესორი, არჩილ იაკობაშვილი პასუხობს
– შეინიშნება თუ არა გარედან შიდაპარტიული ელიტის ფორმირება შიდაპარტიული დემოკრატიის ნაცვლად ენმ-ს შიგნით და რამდენად პასუხისმგებელია აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარე?
– როდესაც „ახალი ნაცის“ გამოყვანაზე იწყებ მუშაობას, და როგორც ჩანს, ნიკანორ მელიას, რომელიც თავის მხრივ „ძველ ნაცად“ არ მოიაზრებს საკუთარ თავს, მიაჩნია რომ ამით უნდა დაკავდეს როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეს თუნდაც ინოვაციური წამოწყება ე.წ. „ძველ ნაცებთან“ როგორც მინიმუმ წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. მგონი ვერც აცნობიერებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (შემდგომში : ენმ) პირველ რიგში არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფანკლუბი“, და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ „ფანკლუბთან“ არსებული პოლიტიკური ორგანიცაცია. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ათასობით ადამიანს საამაყოდ მიაჩნიათ „ფანკლუბის“ წევრობა, რადგან მათ სამართლიანად აქვთ სათქმელი ამომრჩეველთან, რომ 90-იანი წლების მძიმე გამოცდილების ფონზე უშუქობის დასრულება, გაზიფიკაცია, კრიმინალის და კორუფციის დამარცხება, „მომატებული და დროზე გადახდილი პენსიები,“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ზოგადად კეთილდღეობის ამაღლება და მრავალი სხვა წარმატებული რეფორმა, რაც მთავარია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შეუფერხებლად აღიარება და ხელისუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაბარება სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა არის ფაქტორიც და მოცემულობაც, რადგან მისი პატიმრობა წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას, ხოლო მისი განთავისუფლება უსამართლო პატიმრობიდან – უპირველეს მიზანს „ფანკლუბისთვის“.
– რა უნდა უთხრას ან შესთავაზოს ნიკანორ მელიამ კიდევ ამომრჩეველს, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს ან დაიბრუნოს? რა დარჩა სათქმელი?
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ს ხელმძღვანელობა მან საკუთარ თავზე აიღო, რის გამოც თავდადების და შემართების მიუხედავად და ესეც არავინ უნდა დაუკარგოს ადამიანს, ის პიროვნულად არის პასუხისმგებელი იმ მრავალ არათანმიმდევრულ ნაბიჯზე, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ენმ-მა გაიარა ან მოუხდა გავლა. ჯერ, საერთოდ, მთაწმინდელ კაცს რა უნდოდა გლდანში, რატომ იყრიდა იქ კენჭს მაჟორიტარობის კანდიდატად? გლდანი საარჩევნო აკროპოლისია? გარდა ამისა, ჩემი სუბიექტური აზრით, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის თავმჯდომარე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ საარჩევნო პროცესებისთვის უნდა გაეწია მენეჯერობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
2020-2021 წლების განმავლობაში საყოველთაო ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების ჯერ მეორე ტურს და შემდეგ ცესკოს შედეგებს გაყალბების ვერდამტკიცების მიუხედავად, ბოიკოტი პარლამენტს და ე.წ. „შარლ-მიშელის პროცესს“, შემდეგ საბოლოოდ მაინც ხელმოწერა შარლ-მიშელის დოკუმენტზე და ენმ-ს პარლამენტში დაბრუნება, მაგრამ საკუთარ მანდატზე უარის თქმა ქმნის არათანმიმდევრულობის არასრულ ჯაჭვს, რომლის ფონზე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში 30% შედეგის გამეორება ნამდვილად აღარ იყო არც ენმ-ს და მითუმეტეს არც ნიკანორ მელიას პირადი დამსახურება.
2021 წლის ოქტომბერში მიშას ჩამოსვლის გარეშე, რასაც სააკაშვილი ჯერ კიდევ მაისის თვიდან აანონსებდა, ენმ ვეღარ გაიმეორებდა ადგილობრივ არჩევნებში 30% შედეგს, იმდენად დიდი იყო 2020-2021 წლების არათანმიდევრობით გამოწვეული ფრუსტრაცია როგორც „ფანკლუბის“, ისე ამომრჩევლების რიგებში. 2021 წლის 1 ოქტომბერს სწორედ „ხელბორკილდადებული მიშას“ კადრებმა და უსამართლოდ დაპატიმრებამ მიიყვანა მისი მხარდამჭერები 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე 5 ნომრის შემოსახაზად, რომლის გარეშეც 30% შედეგის განმეორება იქნებოდა შეუძლებელი.
– რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად შეიძლება თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც პიროვნებასთან ერთად ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც დიდი პრობლემაა, უფრო მეტად აქტუალური იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, ვიდრე ის დღეს არის ?
– 2022 წლის ივნისში როტერდამში გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა, რომელიც ორი გარემოების გამო იყო მნიშვნელოვანი.
უპირველესად, ევროპის ამ ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ოჯახის ყრილობა მიმდინარეობდა იმის ფონზე, რომ რამოდენიმე დღეში ევროკავშირს უნდა მიეღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ერთად მიანიჭებდა თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ნიკანორ მელიამ იცრუა საჯაროდ იმის მტკიცებით, რომ მისი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით როტერდამის ყრილობაზე ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან მსგავსი ფორმულირება დასკვნით დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებაში სამწუხაროდ არ ასახულა, უკრაინისგან და მოლდოვეთისგან განსხვავებით.
სრული ტექსტის ლინკი : ( https://www.epp.eu/news/epp-summit-declaration-on-ukraine-economic-recovery-and-turkish-provocations ).

მეორეც, ყრილობის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი მიეძღვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მისი განთავისუფლების მოთხოვნა აგრეთვე აისახა ყრილობის შესაბამის რეზოლუციაში. როგორც ენმ-თვის, ისე საქართველოს ევროპული მომავლისთვის რეკომენდირებული იქნებოდა, რომ საქართველოსთვის დათმობილი დროით და ტრიბუნით ესარგებლა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის შვილს, ედუარდს, ხოლო ნიკანორ მელიას როგორმე „სტრატეგიული მოთმინება“ გამოეჩინა. „შვილებისთვის ტრიბუნის დათმობის“ ევროპული გამოცდილება ნამდვილად არსებობს და ბოლო მაგალითი იყო ნავალნის შემთხვევა ევროპარლამენტში. ვფიქრობ ედუარდ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემთხვევაში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიშას პოლიტიკური პატიმრობის თემა მეტ საერთაშორისო რეზონანსს და იმპულსს შეიძენდა, რაც ენმ-ს ხელმძღვანელობას საერთაშორისო კონსულტაციების საფუძველზე აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებია.
არსებობს თუ არა ევროპული გამოცდილება, პოლიტიკური ლიდერის პატიმრობის ფონზე რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომ ერთის მხრივ დამფუძნებლის განთავისუფლებაზე იმუშაოს, ხოლო მეორე მხრივ სრულად იყოს ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
– დასავლური და ევროპული სტანდარტებითაც, დამფუძნებლის პატიმრობის ფონზე იქნებოდა სიმბოლური, რომ ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობა დღეს არავის ეკავოს და იყოს სიმბოლურად თავისუფალი, პარტიის ყოველდღიური და ოპერატიული მუშაობა იმართებოდეს სამდივნოს მიერ, ხოლო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი იყოს პოლიტსაბჭო.
აგრეთვე, ჩემი აზრით, უკეთეს შემთხვევაში სამწუხაროდ პოლიტიკური გამოუცდელობის შედეგია ნიკანორ მელიას მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების დამარცხებისთვის საჭიროა ენმ-ს 30% დაემატოს ე.წ. „შუაშისტური ერთპროცენტიანი“ 21 პარტიის მიერ ჯამურად მოპოვებული 21%. მათი საარჩევნო ბლოკად გაერთიანების შემთხვევაშიც კი ერთპროცენტიანი რეიტინგების დაჯამება პოლიტიკურად სამწუხაროდ ვერ მოხდება, რადგან, მართალია, არითმეტიკაში 21 ხ 1 = 21, მაგრამ პოლიტიკაში 21 ხ 1 = 1.
საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რიგგარეშე, ვადამდელ თუ რეგულარულ არჩევნებში უფრო მეტი ამომრჩეველი შემოხაზავს 5 ნომერს, ვიდრე 41-ს, რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს ენმ-ს მიზანიც, მაგრამ რაც ნიკანორ მელიას ლიდერობის პირობებში, სამწუხაროდ, უკვე არის შეუძლებელიც და დაგვიანებულიც.