ნინო ბურჯანაძე – „ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ  მითხრა, პარლამენტში ივანიშვილს პოლიციის ძალით მოვიყვანთო… გონზე არ არის“

ნინო ბურჯანაძე - „ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ  მითხრა, პარლამენტში ივანიშვილს პოლიციის ძალით მოვიყვანთო... გონზე არ არის“„ახალი თაობის“ კითხვებს ნინო ბურჯანაძე პასუხობს.

– ქალბატონო ნინო, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს? ბოლო კვლევების მიხედვით, სურათი არც ისე სახარბიელოა. ვისმენთ შეფასებებს, რომ ოპოზიცია ცუდ დღეშია, მისი რეიტინგი განულებულია. ბევრი ხელისუფლებას აბრალებს ოპოზიციის უკუსვლას და აბა ხელისუფლება ოპოზიციის გაძლიერებას ხელს რატომ შეუწყობდა? რა ხდება დღეს ოპოზიციურ ფლანგზე?

– ოპოზიცია რომ იყოს მხოლოდ ცუდ დღეში, ამას ნამდვილად ნაკლები დრამატულობით შევხედავდი მეც და ალბათ სხვაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია კი არ არის მხოლოდ ცუდ დღეში, ქვეყანაა ცუდ დღეში. ეს არის, რაც ჩვენი სერიოზული ფიქრისა და წუხილის საგანი უნდა იყოს. ქვეყანა კი არის ცუდ მდგომარეობაში იმის გამო, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება თავიანთი ქმედებებით ხელს არ უწყობენ ქვეყნის გაძლიერებას.

– ხელისუფლების დამხობა, ცხელი შემოდგომა, ვადამდელი არჩევნები. ზაფხულში რა დაპირებას არ გასცემდა ოპოზიცია, მაგრამ ვერ ახერხებენ მოსახლეობის მობილიზაციას. ოპოზიცია უკვე ნდობადაკარგულია?

– ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააკეთებს და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ეს რომ ხდებოდეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლება გვყავს კარგი, ძლიერი, მაშინ კიდევ არ იქნებოდა სადარდებელი, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ დროს ოპოზიცია ასეთ ვითარებაშია, ეს დრამატულია ქვეყნისათვის. ოპოზიცია ჯერ ამბობდა, არჩევნები გაგვიყალბეს და არ შევალთ პარლამენტშიო. ამის მიუხედავად, ადგნენ და შევიდნენ. მერე იძახეს, გამოვალთ პარლამენტიდანო. არ გამოვიდნენ. მერე ხალხი შეკრიბეს, არ დავიშლებით, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ისევ დაიშალნენ. ოპოზიცია არის არათანმიმდევრული. ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს უნარი, გაერთიანდეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ბრძოლა და კონკურენცია მიმდინარეობს ოპოზიციას შორის, ვინ დაიკავებს ოპოზიციის ადგილს. ეს, ბუნებრივია, ყველა ფაქტორზე მოქმედებს.

ოპოზიცია სამი წელია გაიძახის, ვადამდელი არჩევნები გვინდაო. გამოვიდა ნიკა მელია, მოითხოვა ვადამდელი არჩევნები და თითქმის მთელი ოპოზიცია წაესია. რაღა უნდა ელაპარაკო ამ ოპოზიციას საერთოდ?! ან როგორ შეიძლება, ამის მერე ხალხზე დაგვწყდეს გული, რატომ არის ნიჰილისტურად განწყობილი ოპოზიციის მიმართ.

– ბოლო პერიოდში ძალიან ერჩიან ნიკა მელიას და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის ვარდნასაც მას აბრალებენ. ერთი კაცი, მელია, ცვლის პოლიტიკურ სურათს?

– ერჩიან ყველას, მე მგონი, თავის თავსაც ერჩიან ოპოზიციის წარმომადგენლები და არა მარტო ნიკა მელიას. პრეტენზიები ყველას მიმართ შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს პრეტენზია არგუმენტირებული უნდა იყოს. პირველ რიგში კი პრეტენზია უნდა გვქონდეს საკუთარი თავის მიმართ. მე არაერთხელ ვთქვი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ოპოზიციას წარმატებისთვის მიეღწია.

– კერძოდ?

– ეს არის ერთიანობის ფორმულა, ეს არის თანმიმდევრულობის ფორმულა, მაგრამ ოპოზიციას გადასძალა სურვილმა, რომ იყვნენ პარლამენტში, შექმნეს ოპოზიციონერობისა და ბრძოლის იმიტაცია და ამ იმიტაციით არიან კმაყოფილნი. მალე მოვა 2024 წელი და მაგასაც დავინახავ, ვინ რას მიაღწევს. ვერცერთი პარტია, რომელიც ახლა პარლამენტშია, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ბარიერსაც ვერ გადალახავს!

– ქალბატონო ნინო, ვისმენთ შეფასებებს, რომ დიდი გადალაგება მიმდინარეობს რეგიონში. ამ ფონზე სად არის და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რა პოლიტიკას აწარმოებს?

– დიდი გადალაგება რეგიონში კი არა, მსოფლიოში მიმდინარეობს. უდიდესი ძვრებია მსოფლიოში და ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის მთავარი ამოცანაც არის, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს და ნებისმიერ ფასად იყოს ქვეყნის სათავეში. ის კოზირი, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, რომ აბა ომი გინდათ? რა თქმა უნდა, ომი არავის არ უნდა. ჩვენს ქვეყანაში ომი არ არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ყველანაირი პერსპექტივა უნდა დაუკარგო და არასწორი პოლიტიკა წარმართო. ყველა მიმართულებით არასწორია ხელისუფლების პოლიტიკა. ქვეყანა პრაქტიკულად იცლება.

– ასეთი მაღალი გადინება ქვეყნიდან არასოდეს ყოფილაო.

– დღეს ქვეყანა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ზრდასრული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ან მიდის ქვეყნიდან, ან ემზადება წასასვლელად. უკაცრავად და, თუ აღარავინ დარჩა ამ ქვეყანაში, მერე გინდა ომი იყოს და გინდა მშვიდობა. ქვეყანას მშვიდობაც და განვითარებაც მაშინ სჭირდება, როდესაც მოსახლეობა ცხოვრობს ამ ქვეყანაში, როდესაც ხალხს ელემენტარული შესაძლებლობები აქვს. ყველა მიმართულებით ურთულესი ვითარებაა, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისითაც. ასე რომ, ეს ხელისუფლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ.

– ქალბატონო ნინო, 2024 წლის არჩევნები ახსენეთ და რას ელით? არის შანსი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს? გამოიკვეთება ახალი ძალები?

– პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი მოლოდინი არა მაქვს და ეს იქნება თავის მოტყუება. თუ ასე გაგრძელდა ვითარება, როგორიც არის ახლა, 2024-შიც და 2030-შიც ბიძინა ივანიშვილი დარჩება და ეს იქნება იმ ოპოზიციის ბრალი, რომელმაც  ცხვირი ასწია, თან ამბობს, არჩევნები გამიყალბესო და თან თავისი მოქმედებებით ბიძინა ივანიშვილს გაუპრავა ეს არჩევნები. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ, სრულიად შემთხვევით ჩემი ერთ-ერთი კოლეგა შემხვდა და სრული სერიოზულობით მითხრა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიას შევქმნით, ივანიშვილს პოლიციის ძალით მოვიყვანთ პარლამენტში და მერე დამთავრდება ხელისუფლებაო. ასე რომ ლაპარაკობს, ის მარტო თავის აზრს არ გამოხატავს. ხომ ასეა? არადა, ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელია. პიროვნულად არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ არ არის პოლიტიკოსი, აღმოჩნდა, რომ გონზე არ არის და მთელი მისი პოლიტიკური ძალაც ასე ფიქრობს. ამ ვითარებაში რომელი ხელისუფლების შეცვლაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?!

– გამოსავალი?

– ოპოზიციას აქვს ერთადერთი შანსი, გამოჰგლიჯოს ივანიშვილს ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლება! ამბობენ, წავაგებთო და, თუ ასე მკვდარ-ცოცხლები და ასეთ ვითარებაში იქნებიან, რა თქმა უნდა, წააგებენ არჩევნებს, ხოლო თუ ოპოზიცია შეძლებს, რომ გავერთიანდეთ, ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ და ივანიშვილს ხელიდან გამოვგლიჯოთ არჩევნები, ასეთ შემთხვევაში ვითარება ნამდვილად შეიცვლება. სხვაგვარად არაფერი არ შეიცვლება და ივანიშვილის ორბიტაზე იქნება ისევ მთელი ქართული პოლიტიკა, რაც ქვეყნისათვის დამანგრეველი აღმოჩნდება.

ნონა ცაბაძე