ბიფსტროგანოვი, მაკარონი მურაბით, ერბოკვერცხი ბროწეულით _ ლაშა ღლონტის კულინარიული კომპოზიციები

მომღერალი ლაშა ღლონტი გამოცდილი კულინარია. საჭმლის მომზადების წესები და რეცეპტები ჟურნალ ”სარკეს” ნოტების სიზუსტით ჩააწერინა. ამბობს, რომ ყველაზე გემრიელად ბიფსტროგანოვს აკეთებს, რომლის მომზადების წესიც ასეთია:
_ ავიღებთ 1 კილო საქონლის ხორცს _ სხვათა შორის, კერძის გაკეთება ხორცის ყიდვიდან იწყება. ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი, აბსოლუტურად უცხიმო და გაუყინავი. სპეციალური ჩაქუჩით დავბეგვავთ, დავჭრით გრძელ და წვრილ ნაჭრებად. მერე დავასხამთ ლიმონის ცოტა წვენს, წვრლიად დავაყრით დაჭრილ 2-3 თავ ხახვს. მარილს და პილპილს გემოვნებით მოვაყრით. შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც მოასხათ.
ხორცს გავაჩერებთ გრილ ადგილას ან მაცივარში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოვდგამთ ქვაბს, ჩავაგდებთ კარაქს ან ერბოს და ხორცს ოდნავ მიბრაწვამდე მოვშუშავთ.
_ უფრო კონკრეტულად, რამდენი ხანი სჭირდება ცეცხლზე შუშვა?
_ დაახლოებით 45 წუთი. პერიოდულად უნდა ვაკონტროლოთ, რომ არ მიიწვას. დაბეგვილი ხორცი მალე იშუშება და თავის წვენს გამოიღებს. ოდნავ სიწითლეს რომ შევამჩნევთ, ერთ კოვზ პურის ფქვილს დავამატებთ, რომ წვენი შესქელდეს. კარგად მოვურევთ, მერე დავამატებთ ერთ ქილა არაჟანს ან ერთ ქილა მაიონეზს (კლასიკურიბიფსტროგანოვი არაჟნით კეთდება). ნელ-ნელა მოვურევთ, მერე გამოვრთავთ ქურას და 15-20 წუთი გაუნძრევლად დავტოვებთ ქვაბს.
_ გარნირად რას ამზადებთ?
_ შევწვავთ ფრის და ცხლად მივიტანთ სუფრაზე. კერძს შეგვიძლია ცოტა ოხრახუში მოვაყაროთ. ამ კერძს წითელი ღვინო უხდება.
_ ბიფსტროგანოვი კარგია, მაგრამ ხორცი ძვირია. რას ამზადებთ სწრაფად, მარტივად და იაფად?
_ სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს შემწვარი კვერცხი ბროწეულითა და ნიგვზით.
_ შემწვარი კვერცხი, ნიგოზი და ბროწეული?!
_ დიახ. თუ გააკეთებთ, დარწმუნდებით, რომ უგემრიელესია. 2 კვერცხი ათქვიფეთ, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი და 1 სუფრის კოვზი გარჩეული ბროწეული. ცხელ ტაფაზე კარაქში შეწვით, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ კვერცხი არ უნდა გამოშრეს. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით უყავით.
_ შავი პილპილი ალბათ გიყვართ და ყველა კერძს უმატებთ.
_ ძალიან სასარგებლოა, ოღონდ უნდა იშოვოთ კარგი. აჯობებს, თქვენ თვითონ დააფქვევინოთ.
_ კიდევ რომელი კერძის გაკეთებით შეგიძლიათ დაიკვეხნოთ?
_ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან მიყვარს მაკარონი მურაბით.
_ არ დაგიმალავთ და, მართლაც გამაკვირვეთ. როგორ ამზადებთ?
_ მოვხარშავთ 1 შეკვრა მაკარონს. ცხიმში ჩავშუშავთ ნახევარ კილო საქონლის ფარშს, ვუზამთ 2 თავ წვრილად დაჭრილ ხახვს და 2 სუფრის კოვზ ტომატს. ბოლოს კი დაახლოებით 3 სუფრის კოვზ შინდის ან კომშის მურაბის წვენს დავუმატებთ. ამ მასას მაკარონს მოვასხამთ. აბსოლუტურად სხვა გემოს კერძს მიიღებთ. ტომატი თავის სიმჟავეს აძლევს, რომელსაც ოდნავ სიტკბო მოჰყვება.
ხომ გიჭამიათ ალუბლის ღვეზელი? ის მჟავეც არის და ტკბილიც. მთავარია, დოზები დაიცვა, არც ტკბილმა უნდა აჯობოს და არც მჟავემ. კულინარიის ხელოვნების საიდუმლოც ზომიერების დაცვაშია.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე 

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018