პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ სწავლობენ მისი შვილები კერძო სკოლაში.
მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება ოჯახმა კონკრეტული კერძო სკოლის მდებარეობის, მისი უპირატესობებისა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კობახიძის მიერ 2026 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან გიორგი და ნიკო კობახიძეების სწავლის საფასური შემდეგნაირად გადაიხადა: 2025-2026 სასწავლო წლისთვის — 39 970 ლარი (გადახდილია 2025 წელს), ხოლო 2026-2027 სასწავლო წლისთვის — 32 917 ლარი (გადახდილია მიმდინარე წელს).
„იყო კონკრეტული კერძო სკოლა, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო, ჰქონდა თავისი უპირატესობები და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, გამოწვევები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებშიც. სწორედ ამის გამო დავიწყეთ მასშტაბური რეფორმის პროცესი — ჩვენ გვინდა საჯარო სკოლების მაქსიმალურად გაძლიერება“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა საჯარო სექტორის გაძლიერების მაგალითად საბავშვო ბაღები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საჯარო სკოლების ხარისხის კერძო სკოლებთან გათანაბრებაა:
„მაგალითად რომ ავიღოთ, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში იმდენად გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი, რომ ამის გამო ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც. ანუ, იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო ბაღებში, რომ ბევრმა კერძო ბაღმა კონკურენციას ვერ გაუძლო.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებშიც, რათა სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინიმუმ გათანაბრდეს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი — ზოგადად, განათლების რეფორმა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია“.
კობახიძემ ასევე ისაუბრა სისტემაში არსებულ სტატისტიკასა და ხარისხობრივ სხვაობაზე:
„ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი კერძო სკოლები, რომლებიც ხარისხობრივად უკეთესია რიგ საჯარო სკოლებზე. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 70 000 ბავშვი სწავლობს კერძო სკოლებში, დანარჩენი კი — საჯარო სკოლებში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი მიზანია, საჯარო სკოლებში მომსახურებისა და განათლების ხარისხი მაქსიმალურად მოკლე დროში გაუთანაბრდეს შესაბამის კერძო სკოლებს“.

