გიგა ბათიაშვილი: ,,სამთავრობო ქალაქი უმჯობესია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყოს”

გიგა ბათიაშვილი: ,,სამთავრობო ქალაქი უმჯობესია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყოს”არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი დადებითად აფასებს თბილისში სამთავრობო ქალაქის მოწყობის იდეას, თუმცა საქართველოს მთავრობას ტერიტორიის არჩევანს უწუნებს და აცხადებს, რომ ასეთი ქალაქი არა ორთაჭალაში, არამედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საჯეირნოზე უნდა მოეწყოს, რომელიც ასევე, საუკეთესო სარეკრეაციო ზონაა ტურისტული პერსპექტივებით.

როგორც „სითი კვირას” გიგა ბათიაშვილმა განუცხადა, სასიხარულოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში სამთავრობო ზონის შექმნის საკითხი რომ წამოჭრა, თუმცა მთავრობის მიერ შერჩეული ადგილი, ჯერ ერთი წარმოადგენს საავტომობილო საქარავნო გზის ღერძზე წამოცმულ ზონას, მეორე – ეს ზონა არ არის განვითარებადი, თუმცა შესანიშნავია შერეული ფუნქციებისთვის, სკვერებისთვის, პარკებისთვის, საცხოვრებლისთვის, ადმინისტრაციული შენობებისთვის, სავაჭრო ორგანიზმებისთვის. სამთავრობო ზონას კი, განვითარების შესაძლებლობა სჭირდება.

– თბილისი ვიწრო ქალაქია. მისი ცხოვრების მაჯისცემა ძალიან კარგად ისმის იქ, სადაც სამთავრობო ზონაა. საპროტესტო გამოსვლების დროს პარალიზებულია სამთავრობო დაწესებულებები. ეს დისკომფორტს უქმნის განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს. ამიტომ სასურველია, სამთავრობო ზონა გასული იყოს ისეთ ადგილზე რომ არ იყოს წამოგებული ქალაქის უმთავრეს არტერიებზე. სად განვაწესოთ ეს ზონა? აი აქ ვერ ვეთანხმები მთავრობის მიერ წამოყენებულ წინადადებას, – განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.
​მისივე თქმით, თუ სად უკეთესია სამთავრობო ქალაქის მოწყობა, ამ კითხვას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ უნდა უპასუხოს.
– ყველა თვალსაზრისით პერსპექტიულია თბილისის ზღვის ჩრდილო დასავლეთი მხარე. ანუ საიდანაც ავდივართ თბილისის ზღვაზე, იმის საპირისპირო მხარეს, ბიბლიური პეიზაჟია, იქ თავისებური სიმშვიდეა. საბედნიეროდ არ არის განაშენიანებული. ძალიან ადვილად უკავშირდება სამი მეტროსადგურით, გარშემო გზით და, თუ ბარათაშვილის ქუჩიდან ერთ პატარა, 70 მეტრიან მონაკვეთს გავჭრით, ჩვენ 10 წუთში ვიქნებით იქ,- აცხადებს არქიტექტორი.

​გიგა ბათიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, დეტალებში გააცნოს მთავრობას მთელი ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კომერსანტი