„ოცნებას“ ეშინია, რომ მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი“

„ოცნებას“ ეშინია, რომ მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი“– ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ მხოლოდ ფორმალურად, პირობითად. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ერთი პარტია არის ხოლმე რეალურად ქვეყნის სათავეში, პარტია, რომელიც არ დგას არანაირ იდეოლოგიაზე. ეს ეხება როგორც ამ პარტიას, ისე წინა მმართველ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია, რომ შენს თავს დაარქვა საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ვიღაც-ვიღაცების სინდისზეა, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

მისი აზრით, ჩვენს ქვეყანას არ აქვს მრავალპარტიული პარლამენტის გამოცდილება, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. ყველა ცდილობს, რომ საკანონმდებლო ორგანო დაუმორჩილოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

„ახალი თაობის“ კითხვაზე  უნდა დარჩეს შერეული მოდელი თუ უნდა გადავიდეთ ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე? – შარაშენიძე პასუხობს:

– უკან დაბრუნება არ ივარგებს. უნდა დარჩეს შერეული მოდელი. საინტერესოა, მომავალი პრეზიდენტი როგორი იქნება. მარგველაშვილს ყოველთვის აწუხებს ის პრობლემა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა ივანიშვილის დამსახურებაა.

მისი ჩრდილიდან ჯერჯერობით ვერ გამოდის. თუ მომავალში კენჭი იყარა და გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი იქნება! ეს „ოცნებას“ ნამდვილად არ აწყობს და სწორედ ამიტომ ცდილობს, ამ ინსტიტუტს მაქსიმალურად შეუკვეცოს ფრთები.