პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ომბუდსმენი ნანუაშვილი დეპუტატებისგან დაიცვა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ომბუდსმენი ნანუაშვილი დეპუტატებისგან დაიცვაპრეზიდენტი პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით სახალხო დამცველის მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იყო. პრეზიდენტი იმ კრიტიკასაც შეეხო, რომელიც ომბუდსმენის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან ისმოდა. მარგველაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ფუნქცია არა გუნდრუკის კმევა, არამედ პრობლემებზე საუბარია და ამ ფუნქციას უჩა ნანუაშვილი კარგად ასრულებს:

– მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და ყურადსაღები, ჩვენ ყველამ უნდა გავაანალიზოთ ის საკითხები, რომელსაც შეეხო ომბუდსმენი და მივიღოთ ისინი მხედველობაში, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები არის უფრო დაცული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის საჭირო.

მინდა შევეხო იმ განწყობებსაც, რომელიც იყო ამ ანგარიშის წარდგენის დროს. იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას და დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, აღმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს, რამდენად კარგად არის ვითარება, იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ომბუდსმენის სამსახური ამისთვის არაა შექმნილი.

ამისთვის ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს და ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება საზოგადოებას. ბევრი მოსაუბრე თავი არის, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ , მაგრამ არა ომბუდსმენი. ომბუდსმენის ფუნქცია არის სწორედ ის და ამისთვის ვუხდით ხელფასს, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზისა და დაძლევის. თუ ომბუდსმენი ილაპარაკებს მხოლოდ იმაზე რა არის კარგი, მაშინ ამ ინსტიტუტს არ ექნება ფასი. არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე. მე მინდა მადლობა ვუთხრა ომბუდსმენს მისი გამოსვლისთვის. – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი