ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300.000 ლარად, შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე” გასხვისდა.
“ტორპედოთი” მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული.
ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის “ტორპედოს” აქტივები 584 ათას ლარად შეაფასა. პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და გუნდი ვერ გაიყიდა. განმეორებითი აუქციონი, სადაც კლუბის საწყისი ფასი განახევრებული იყო (295 ათას ლარი) 1 ივნისს დაინიშნა და ვადაც დღეს, 15 საათზე ამოიწურა.
ტენდერის პირობებით, 2017 წლის ბოლომდე ახალმა მეპატრონემ “ტორპედოში” პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 ათასი ლარი უნდა მიიტანოს, ხოლო 2018 წელს, მინიმუმ, 1.5 მილიონი ლარი.
აქვე ვიტყვით, რომ აუქციონზე მხოლოდ ქუთაისის “ტორპედოს” სახელი გაიყიდა და არა – გუნდის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიას ბაზა. ორივე ობიექტი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.
საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით “ტორპედო” ქუთაისში პირველად 1945 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ოფიციალური სახე კი მომდევნო წელს მიიღო. 1989 წლამდე “ტორპედო” წარმოადგენდა საავტომობილო ქარხნის სპორტკლუბ “კოლხიდას”. 1990 წლიდან გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მონაწილეა, 1990-1992 წლებში კი გამოდიოდა “ქუთაისის” სახელით. “ტორპედო” არის საქართველოს 3-გზის ჩემპიონი (1999-2000, 2000-2001, 2001-2002) და საქართველოს თასის 3-გზის მფლობელი (1998-1999; 2000-2001; 2016).
2010-2014 წლებში “ტორპედო” კომპანია “ვისოლის” მფლობელობაში იყო, 2015 წლიდან კი ქუთაისის მერიის მიერ ფინანსდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019