ცოტნე გამსახურდია – ”მრცხვენია, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, სადაც უმწეო მოხუცი მზადაა, ფეხქვეშ გაეგოს ყველას, ვინც 20 მათხოვრულ, ჭუჭყიან ლარს მისცემს!”

ცოტნე გამსახურდია - ”მრცხვენია, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, სადაც უმწეო მოხუცი მზადაა, ფეხქვეშ გაეგოს ყველას, ვინც 20 მათხოვრულ, ჭუჭყიან ლარს მისცემს!”ცოტნე გამსახურდიამ დღეს ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”ამას წინათ ჩემს უბანში მოხუც ქალს დავეხმარე. რა სათქმელი და მოსაყოლია, მაგრამ ცოტაც წაიკითხეთ. არაფერი უთხოვია, უბრალოდ თავისთვის იჯდა, საწყლად. შემოდგომის მზის უკანასკნელ სხივებს ეჩვენებოდა… მეც უბრალოდ მივედი და მოულოდნელად ჩავუდე კალთაში რაღაც ოცი ლარი.

მლოცა და მლოცა ამ ქალმა, მაქო და მადიდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ასეთ სიტუაციებში და ვეცადე სწრაფად გავრიდებოდი. არც კმაყოფილება და ამპარტავნება, არც მოვალეობის მოხდის გრძნობა, არამედ სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. მინდოდა წავსულიყავი, დავმალულიყავი სადმე, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქე და ნაწილი ვარ, სადაც უმწეო მოხუცი მზადაა ფეხქვეშ გაეგოს ყველას, ვინც ოც მათხოვრულ, ჭუჭყიან ლარს მისცემს! ასი იყოს თუნდაც… შემრცხვა, რომ არ მაქვს საშუალება ყველა ასეთ მოხუცს დავეხმარო, გავათბო, დავუბრუნო ადამიანური ყოფა. თუმც ამაზე მეტად შემრცხვა საკუთარი უზრუნველყოფილი ყოფის მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა ჩემი პირდაპირი დანაშაული არ არის…

და გამახსენდა ჩვენი უსინდისო, ნაბიჭვარი ხელისუფლების წევრები, როგორ სიხარულითა და სიამაყით პოზირებენ კოსტუმ-ჰალსტუხებში ასეთი, განადგურებული, დაჩაჩანაკებული ადამიანების ფონზე! მაგალითად – “არჩილ თალაკვაძემ მაკვანეთსა და შემოქმედში სოციალურად დაუცველები მოინახულა” ან “ირაკლი კობახიძე უსახლკაროთა თავშესაფარში მივიდა”, და… წელიწადნახევარში სამოცდათხუთმეტჯერ აიღო პრემია!

ფაქტია, რომ არ ასრულებ შენს მოვალეობას როგორც ხელისუფალი, როდესაც შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ დღეშია; საქართველოში მსოფლიო ბანკის შარშანდელი მონაცემებით 35 პროცენტი, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა. ამ ხალხის ფულს ჭამ, ჭამ ღიად, ჭამ ფარულად, და ვერ გაჩერებენ. მაგრამ, თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!”