გასაიდუმლოებული კრიმინალური გარჩევა და დაჭრა, რომელიც ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა – რითი აშანტაჟებს მირზა სუბელიანი პროკურატურას

გასაიდუმლოებული კრიმინალური გარჩევა და დაჭრა, რომელიც ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა - რითი აშანტაჟებს მირზა სუბელიანი პროკურატურასხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის ქრონიკა და ბუნდოვანი საქმის სკანდალური დეტალები:

თბილისის ცენტრში, გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ ცხრება. მედია, ადვოკატები და სადისტურად მოკლული არასრულწლოვნების მშობლები სასამართლო პროცესებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. ამ კითხვების ადრესატი სახელმწიფოა. გამოძიებას მოკლული არასრულწლოვნის ოჯახი და დაცვის მხარეს უნდობლობას უცხადებს. დავით სარალიძის მამა და მათ შორის, ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები საქმის „შეკერვაზე“ ღიად ალაპარაკდნენ.

ვერაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის სასამართლო განხილვები ამ დრომდე გრძელდება. „ნიუპოსტმა“ კი ტრაგედიის შესახებ ახალი და სკანდალური დეტალების მოპოვება შეძლო.

კონფიდენციალური წყარო გვიყვება, რომ საქმის ფაბრიკაცია ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მუქარის შემდეგ გადაწყდა.

როგორც ცნობილია, სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი და ასევე, არასრულწლოვანი ნათესავი მომხდარი ტრაგედიის ფიგურანტები არიან.

წყაროს ცნობით, პროკურატურა ორივე მათგანისთვის ბრალის წაყენებას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სუბელიანი პროკურატურის მაღალჩინოსნებს შეხვდა და სხვა სკანდალურ საქმეზე ვიდეო ფირების გამომზეურებით დაემუქრა, სუბელიანის ვაჟსა და მის დეიდაშვილს მხოლოდ მოწმის სტატუსი მიანიჭეს.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ერთ-ერთი დაკავებული თენგიზ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ქვისლია. ამავე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე პასუხისგებაში მიეცა თენგიზ კალანდიას ორი შვილი – მ.კ და ლ.კ, აქიდან ერთს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, სრულწლოვან ბიჭი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ თავად თენგიზ კალანდია შსს-ში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი.

კიდევ უფრო სკანდალურია 1 დეკემბერამდე, ორი კვირით ადრე განვითარებული მოვლენები:

როგორც “ნიუპოსტთან” წყარო ამტკიცებს, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟმა და მისმა დეიდაშვილმა თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს, თუმცა ეს კრიმინალური ფაქტი მაშინ არ გახმაურებულა.

აღნიშნულ გარჩევაზე ინფორმაცია აქვს მოკლული დავით სარალიძის მამასაც, რომელიც „ნიუპოსტს“ ესაუბრა.

“ამ ინცინდენტამდე ორი კვირით ადრე თენგიზ კალანდიას ვაჟმა დაჭრა ვიღაც. ეს საქმე ჩაიფარცხა, ისე მოგვარდა, რომ არ გახმაურებულა, არსად ჩანს“- აღნიშნა ზაზა სარალიძე.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ასევე ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში შესაძლებელია სწორედ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებდეს.

“მკვლელობაში შეიძლება კალანდიას ერთ-ერთი ვაჟი ფიგურირებდეს, მისი დეიდაშვილი ა.ს არა. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირდაპირ ადებენ ხელს, რომ მკვლელი არის ეგ… მ.კ. და ა.ს. დეიდაშვილები არიან. სწორედ მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო ეს კონფლიქტი, მან დაურეკა ლ.კ-ს, რომელმაც თავის მხრივ მეგობრები წამოიყვანა.“- ამბობს სარალიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სწორედ მირზა სუბელიანი იყოს დაინტერესებული საქმის არასწორ გამოძიებაში – „ფაქტია, რომ ორი მკვლელი თავისუფალია“.

ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურორ მალხაზ კაპანაძესაც უპასუხა და თქვა, რომ მოწმეებით არა ის, არამედ თავად ბრალდების მხარე მანიპულირებს.

„შოთაძის უწყება მანიპულირებს ჩვენზე, და მიმტკიცებენ, რომ ერთმა ბავშვმა მიაყენა 12 ჭრილობა ჩემს შვილს“- აღნიშნა დავით სარალიძის მამამ.

ამასთან, მოკლული არასრულწლოვანის მშობელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს დაკითხულმა გ.მ – მ იმაზე მეტი იცის, ვიდრე სასამართლოზე თქვა:

„ინცინდენტის დროს გ.მ დაიჭრა, როგორც პროკურორმა თქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობსო, რადგან არასრულწლოვანები არიან სხვა დეტალებს არ ახმაურებენ“– უთხრა „ნიუპოსტს“ ზაზა სარალიძემ, რომელიც კომპლექსური ექსპერტიზის პასუხების გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ეს დასკვნა ნათლად დაადგენდა რამდენი იარაღი იყო ჩემი შვილის წინააღმდეგ გამოყენებული, ჩემი აზრით, სპეციალურად აჭიანურებენ ამ საქმეს. არ არის გამორიცხული ექსპერტიზის პასუხი უკვე დადებული ჰქონდათ, მაგრამ ამზადებენ მოწმეებს, რომ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად ისაუბრონ“– თქვა ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 2 არასრულწლოვნის საქმეზე საბოლოო განაჩენს მოსამართლე ივნისის დასაწყისამდე გამოაცხადებს.

დავით ჯაბაშვილი