მოხსნილი ელექტროგადამცემი ხაზები, მოჭრილი ხის ტოტები – ივანიშვილს ასწლოვანი ჭადარი გადააქვს

მოხსნილი ელექტროგადამცემი ხაზები, მოჭრილი ხის ტოტები - ივანიშვილს ასწლოვანი ჭადარი გადააქვსბიძინა ივანიშვილს ანაკლიაში მორიგი ხე – ასწლოვანი ჭადარი გადააქვს. ამ მიზნით, სოფელ ერგეთას, დიდ მეძსა და ანაკლიასთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ელექტროსადენების ჩახსნა და ბოძების დემონტაჟი მიმდინარეობს. პარალელურად იჭრება გზაზე არსებული ხეების ტოტები. ასწლოვანი ჭადრის გადასატანად გზის მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობის ღობესთან არსებული ხეების მოჭრასაც გულისხმობს, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ ასწლოვანი ხე სოფლის გამგეობის ეზოდან ამოიღეს, რის გამოც ადგილზე შენობის საძირკველიც დაზიანდა. ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადარგვამდე ის ადგილობრივ მცხოვრებს, სოციალურად დაუცველ ქალს გადაუფორმეს, რომელიც ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სოფელ ერგეთას მკვიდრი მურთაზ აბულაძის განცხადებით, იგი მის ეზოში მდგომი ევკალიპტების ტოტების მოჭრის უფლებას გამგეობის თანამშრომლებს არ მისცემს. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებში ხელის შეშლის მოტივით მას სამართლებრივი სანქციებით ემუქრება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კი მათი კუთვნილი ხეების ტოტებს გამგეობა უნებართვოდ დაჭრის, მაშინ თავადაც მიმართავენ სამართლებრივ გზას და გამგეობის თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლებენ.

ნიუპოსტი