დასავლური განათლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ

დასავლური განათლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართალი გაძლიერებულად ისწავლება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ნატოსა და ევროკავშირის სასწავლო ცენტრებთან. მათი ექსპერტები ფაკულტეტზე ლექციებს, სემინარებსა და ტრენინგებს პერიოდულად ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის კაბინეტის გვერდით გახსნილია ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია.
განათლების დასავლური ვექტორი
– სტუდენტებში თავიდანვე ვნერგავთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ევროპისკენ ორიენტირებული და რატომ უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ამ ოჯახში. ძლიერი აგიტაცია-პროპაგანდის საპირისპიროდ, რომელსაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენთან გაძლიერებულად ისწავლება ევროკავშირის სამართალი. სტუდენტებს ნათლად ვუჩვენებთ, თუ რა განსხვავებაა ევროპასა და რუსეთს შორის. ვცდილობთ, ჩვენი სტუდენტები გავუშვათ ყველა იმ საერთაშორისო კონფერენციაზე და იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის, რომლებიც ევროპაში იმართება. რამდენიმე ჯგუფი გვყავდა გაშვებული და კიდევ ვუშვებთ სტრასბურში სასამართლო პროცესებზე დასასწრებად, რასაც ფაკულტეტი აფინანსებს, – გვეუბნება ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2016 წლის 25 მაისიდან ჩამოყალიბდა. 2017 წლის 23 იანვრიდან სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი გაბისონია ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს.
მის ფაკულტეტზე გერმანიის მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი კვლევები ტარდება, ხოლო გასული წლის ივნისში ფაკულტეტს სტუმრობდნენ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ჰენრის ოლქის მოქმედი მოსამართლე ბენ სტადარტი, ჯორჯიის შტატის კობის ოლქის მოქმედი მოსამართლე ანა ჰარისი და ამავე შტატის სასამართლო საბჭოს დირექტორის მოადგილე მაიკლ კუკარო. მათ წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: “იურიდიული პროფესია და სამოსამართლეო კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში”. მათ გარდა, ფაკულტეტს აგრეთვე აშშ-ის ფედერალური პროკურორი სტუმრობდა. ჩატარდა მასტერკლასი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ… სულ ახლახან კი მოეწყო ვიზიტი ბარსელონაში, სადაც იქაურ ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.
– კვირა არ გავა, რომ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან პროფესორები არ გვეწვიონ და ჩვენს სტუდენტებს საჯარო ლექციები არ ჩაუტარონ. მაგალითად, 15 მაისს რომის “ლა საპიენსას” უნივერსიტეტის პროფესურა ჩამოდის, მათთან გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და ჩვენი სტუდენტებისთვის საგაზაფხულო სკოლა, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.
პალერმოს სასამართლოს ვიცეპრეზიდენტის მიწვევით ფაკულტეტის პროფესურამ სიცილიაში ათდღიანი კურსი გაიარა. კურსი ეხებოდა სიცილიაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდს, თუ როგორ ხდება ოპერაციების დაგეგმვა და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და ქართველი სტუმრები იტალიური მაფიის ცნობილი ბოსის ტოტორინოს სასამართლო პროცესს დაასწრეს. გასული საუკუნის 80-იან წლებში პალერმოში სამასამდე მაფიის ბოსი გაასამართლეს და სპეციალური სასამართლო დარბაზი მათთვის სწორედ მაშინ გაკეთდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, პროფესორი გიორგი გორაძე იხსენებს, რომ პროცესზე ტოტორინოს დაკითხვა ბარის ციხიდან ტელეხიდის საშუალებით მოხდა. აღნიშნული კურსი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტთან ბრძოლის მეთოდის სწავლებაში მეტად დაეხმარა.
ერთობლივი პროექტების ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად უახლოეს მომავალში სორბონის უნივერსიტეტში ვიზიტს გეგმავს. მიზანი ორი ფაკულტეტის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ლინგვოკრიმინალისტიკის სწავლების კურსის განვითარებას ეხება. სორბონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები ქართველ სპეციალისტებს დაეხმარება იმის სწავლებაში, თუ როგორ შეიძლება ზეპირი მეტყველების ფორმით პიროვნების იდენტიფიცირება. ჩვენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან ივანე ჯაგოდნიშვილს გავესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ სორბონის უნივერსიტეტს აქვს ყველაზე მასშტაბური და სერიოზული კვლევის შედეგები ლინგვოკრიმინალისტიკაში, რაც სასწავლო პროცესშიც აქვთ დანერგილი.
– ჩვენ რამდენიმე ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რაც დრო გადის, მით უფრო დიდი ხდება სამართლის წილი ნებისმიერი სოციალური მიმართულებით. სწორედ ეს დავუდეთ საფუძვლად ლინგვოკრიმინალისტიკის შესწავლის პროგრამას. კრიმინალისტიკაში არის ტრადიციული დარგი, სადაც ხდება პიროვნების იდენტიფიცირება მისი ხელწერისა და კალიგრაფიის მეშვეობით. ლინგვოკრიმინალისტიკა უფრო შორსაა წასული და ამის დასავლური გამოცდილება სამეცნიერო დონეზე უკვე არსებობს. ნებისმიერ პიროვნებას თავისი პერსონალური მეტყველების სტილი აქვს, რასაც გამოყენებითი სტილი ჰქვია და თითოეულ ჩვენგანს დღის განმავლობაში სხვადასხვა სტილით უწევს მეტყველება. თუკი შეიძლება ხელწერითა და კალიგრაფიით პიროვნების იდენტიფიცირება, რატომ არ უნდა ხდებოდეს ეს ზეპირი მეტყველების ანალიზის ფონზე?! ლინგვოკრიმინალისტიკის კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს ქართული გამოცდილების დანერგვას, რაც გულისხმობს პირველ რიგში სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის სპეციალური სასწავლო კურსის შექმნას, – აცხადებს ბატონი ჯაგოდნიშვილი.
დასავლეთის წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემის გაზიარება და მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამების ანალოგების დანერგვა ქართულ ენაზე თარგმნილი შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის გარეშე შეუძლებელია. ქართულ ენაზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ლიტერატურა მეტად მწირია, ამიტომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევიან. მას საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჯიქია ხელმძღვანელობს. მიმდინარე ერთწლიანი პროექტი, რომელსაც მარიამ ჯიქიას ჯგუფი ახორციელებს, ეხება კემბრიჯის უნივერსიტეტის შვიდასგვერდიანი გამოცემის – “საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი” – თარგმნას.
– ჩვენმა ჯგუფმა გამოცემის ავტორებისგან თარგმნის უფლება მოიპოვა. წიგნის ნახევარი უკვე ვთარგმნეთ და პროექტს რამდენიმე თვეში დავასრულებთ. ამასთან, ჩვენი ფაკულტეტი ყოველწლიურად ასი ათას ლარზე მეტ ლიტერატურას ყიდულობს სტუდენტებისთვის. ქართულის გარდა, ძირითადად, ინგლისურ და გერმანულენოვან ლიტერატურაზე გვაქვს აქცენტი. ჩვენს ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ყველა ახალი გამოცემა დევს, – გვითხრა მარიამ ჯიქიამ.
P.S. წარმატებული პროექტების გაცნობის მიზნით ფაკულტეტის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში ავსტრალიაში ჩასვლას გეგმავს. ქართველი პროფესორები მელბურნსა და სიდნეიში გაეცნობიან ავსტრალიელი კოლეგების სასწავლო პროგრამებს, სილაბუსებსა და იქაურ ბიბლიოთეკას. დაგეგმილია მელბურნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ლადო სულაბერიძე