თენგიზ შარმანაშვილი – “ახალი პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა ვერ იქნება” – რა წერია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში

თენგიზ შარმანაშვილი - "ახალი პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა ვერ იქნება” - რა წერია კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიკონსტიტუციონალისტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში თენგიზ შარმანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით.
– ბატონო თენგიზ, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება. რა გამოკვეთა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიამ, უნდა აირჩეს თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი პირდაპირი გზით?
– იმთავითვე ვამბობდი, რომ კლასიკური ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არაფრის მომცემი არ არის. პირიქით, პრობლემების მეტს არაფერს იძლევა. როდესაც პრეზიდენტს აღმასრულებელი უფლებამოსილებები თითქმის არ გააჩნია, წინასაარჩევნო კამპანიასაც სრულყოფილად ვერ ატარებს. ამომრჩეველი შეცდომაში უნდა შეიყვანოს უნდა თუ არ უნდა და უნდა თქვას, ის, რაც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს.
ასეთ ვითარებაში წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღი არ არის. თქვენ გახსოვთ თუ რა წინაპირობები უძღოდა პრეზიდენტის პირდაპირი გზით ერთჯერად დაშვებას. რა პოლიტიკური ფონი უძღოდა ამ ყველაფერს. პოლიტიკური კომპრომისის შედეგი იყო ერთჯერადი დაშვება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო, რომ არ ღირდა პროცესების გართულება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
– კანდიდატები ამომრჩევლებს ატყუებენ?
– სიმართლე გითხრათ, ბევრ მათგანში დარწმუნებულიც კი არ ვარ, რომ თავად ესმით, რა უფლებამოსილებები გააჩნიათ. ბევრს კი ესმის, მაგრამ სწორად არ იქცევა. ისეთი დაპირებები მესმის, რომ დიდი პროფესიონალიზმი არ არის საჭირო, რომ მიხვდე – ამის გაკეთების უფლებამოსილება პრეზიდენტს არ შეუძლია საპარლამენტო რესპუბლიკაში.
– რამდენად შეუძლია პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლა?
– ამ აქცენტს აკეთებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ვაშაძე, რომელიც საკითხს პოლიტიკურად მიუდგა. ის ამბობს, ეს იქნება პირველი სიგნალი თუ მმართველი ძალა არჩევნებს წააგებს, რითაც ხალხში ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდება და მმართველი პარტია უკევ 2020 წელსაც წააგებს არჩევნებს, შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც კი დაინიშნოს.
– რამდენად შეუძლია ოპოზიციურ პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების გამოცხადება და დანიშვნა?
– თუ როდის ტარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს კონსტიტუციაში ზედმიწევნით არის გაწერილი. ისე არ არის, რომ პრეზიდენტმა დილით გაიღვიძოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. რა თქმა უნდა, ვერ დანიშნავს.
– ვადამდელი არჩევნები რა შემთხვევაში ინიშნება?
– იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.
– ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ხომ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა?
– დიახ, პარლამენტს კი ითხოვს პრეზიდენტი თავისი აქტით, მაგრამ ასე ვთქვათ: პარლამენტი თვითონ უკეთებს თავის თავს ამ საქმეს.
– რას გულისხმობთ?
– პარლამენტი თვითონ მიდის კრიზისამდე და შემდეგ დაითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს. ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რომ ისეთი სამთავრობო კრიზისი შეიქმნას, რომ მმართველმა ძალამ ვერ შეძლოს მთავრობის ფორმირება. პრემიერ-მინისტრი გვყავს და არაფერი შემიტყვია იმის თაობაზე, რომ ვინმე რამეს აპირებდეს.
არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი – ორი წელი და არ მგონია, რამე დიდი ცვლილებები მოხდეს. მიუხედავად ამისა, ეს სიტუაცია რომც შეიქმნას, მმართველ ძალას აქვს ხმების ის რაოდენობა და რესურსი, რომ თავისუფლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება.
– ოპოზიციურმა კანდიდატმა არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, სახელისუფლო ძალთა ბალანსს საფრთხე არ ემუქრება?
– სწორედ ამას გეუბნებით. მე ვცდილობ, პოლიტიკური განცხადებები არ გავაკეთო, როგორც საჯარო მოხელემ, მაგრამ შეიცვლება იმ გაგებით, როგორც თავად ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას წელში გადატეხავს, ხალხის განწყობაზე იმოქმედებს. ამას ამბობს ოპოზიცია, მაგრამ რამდენად შეძლებს, ვერ გეტყვით.
– პირდაპირი გზით არჩეულ პრეზიდენტს ხომ სულ სხვა ძალაც გააჩნია, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ?
– ჩვენ, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ბერლინის კონფერენცია ჩავატარეთ. გერმანელი კონსტიტუციონალისტების საუკეთესო ნაწილი იყო წარმოდგენელი, მაშინ ოპოზიცია სწორედ ამ არგუმენტით ჩამოვიდა გერმანიაში, რომ ავსტრიაში კი არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ პრეზიდენტს ხომ პირდაპირი გზით ირჩევენ.
ოპოზიციის ეს არგუმენტი ღიმილისმომგვრელი იყო. ერთ-ერთმა პროფესორმა პირდაპირ გვითხრა, ავსტრიელებივით არ დაუშვათ ეს შეცდომაო, მათ დაუშვეს და ახლა უამრავი პრობლემა უდგათო. გახსოვთ, რომ ლამის ფაშისტი აირჩიეს პრეზიდენტად.
ვინაიდან აღმასრულებელი უფლებამოსილებები პრეზიდენტს არ გააჩნია, ასეთ ქვეყანაში ცდილობენ ხოლმე, კლასიკური გზით წავიდნენ და კანდიდატად დააყენონ პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი. პარტიული ინტერესები აქ გამორიცხულია. პარტიული ლიდერი სჭირდებათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
ავსტრიაში ულტრამემარჯვენეებმა თავიანთი პარტიის ლიდერი დააყენეს, რომელიც პოპულარული იყო. ბოლო მომენტში მიხვდა ავსტრიელი ხალხი, რომ შეიძლებოდა შეცდომა დაეშვათ მისი არჩევით. ავსტრიის ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პარტიები, რომლებიც ხალხის შეცდომაში შეყვანას არ აპირებენ, თავიანთ პარტიულ ლიდერებს არ აყენებენ. მარგინალური აზროვნების პარტიები კი პირიქით იქცევიან.
– “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ამართლებთ, რომ თავიანთი პარტიის რიგებიდან კანდიდატი არ დააყენეს?
– არავის გადაწყვეტილებას არ ვამართლებ, მაგრამ ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმ გაგებით, რომ კანდიდატი პარტიის წევრი არ უნდა იყოს. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, როგორც კი პრეზიდენტს აირჩევენ, ყველანაირი პარტია უნდა დატოვოს.
პრეზიდენტს როდესაც გერმანიის ბუნდესტაგი ირჩევს, დებატებიც კი აკრძალულია. ეს ჩვენ გადმოვიღეთ და კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ეს ჩანაწერი გავაკეთეთ. ხომ საინტერესოა, რატომ ირჩევენ დებატების გარეშე? რათა პოლიტიკურ პოლემიკაში არ შევიდეს კანდიდატი პოლიტიკოსებთან. ამით ხაზია გასმული, რომ სასურველია, პრეზიდენტი პოლიტიკისგან ცოტა შორს იყოს.
– კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს დებატების გარეშე აირჩევს პარლამენტი?
– დიახ, ეს პირდაპირ წერია. გერმანიის დამსახურება კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია. მსოფლიოში ვერავინ მოახერხა ამ რანგის საპარლამენტო ქვეყნის ჩამოყალიბება.
– ჩვენთან რამდენად გაამართლებს?
– როგორი წარმატებული ქვეყანაც არის გერმანია, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რა არ გადაიტანეს, მეორე მსოფლიო ომმა როგორი ნგრევა მოუტანა.
– გერმანიის წარმატება მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკის დამსახურებაა?
– მე ვთვლი, რომ კი. ევროპაში ყველა წარმატებული ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა. კონსტიტუციური მონარქიებიც საპარლამენტო რესპუბლიკებია. აიღეთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი.
– დიდ ბრიტანეთში მთავრობას დედოფალი ამტკიცებს, ის აწერს ხელს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა. მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატს ამტკიცებს ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკური თამაშების გარეშე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა