“ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ” – რას პასუხობს ინფექციონისტი შეშინებულ მშობლებს

"ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ" – რას პასუხობს ინფექციონისტი შეშინებულ მშობლებს“არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ინფექციური გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ. ჟურნალისტებო, მოიკითხეთ ეს ამბავი” – გვწერს ერთ-ერთი მშობელი.
ვინაიდან მსგავსი შინაარსის მესიჯები სოციალურ ქსელსა თუ ჯგუფებში დიდ ინტერესს იწვევს, mshoblebi.ge ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტს, რეანიმატოლოგ ნინო გაბისონიას დაუკავშირდა. მართლაც იმატა თუ არა დიზენტერიის შემთხვევებმა, რამდენად რთულად მიმდინარეობს ბავშვებში ეს დაავადება და რა გზებით შეიძლება მისი თავიდან აცილება.
– ვერ ვიტყვით, რომ წელს დიზენტერიის შემთხვევებმა იმატა. როგორც სხვა  წლებში იყო, ისეთივე რაოდენობაა წელსაც.
– რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს დაავადება ბავშვებში?
– შიგელა ეს არის დიზენტერიის გამომწვევი მიკრობი, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. არის ანთება უფრო კოლიტის სახით, მსხვილი ნაწლავის ანთება და ამ დროს არის სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი ნაწლავის კედლიდან. საკმაოდ მძიმედ მიმდინარე დაავადებაა. ანტიბიოტიკურ თერაპიას მთლიანად ემორჩილება, იკურნება, მაგრამ ხანდახან გართულებებსაც იწვევს თირკმელზე. როდესაც თირკმელზე გართულებაა, მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, ეს დაავადება არც მას და არც მის შვილს არ შეხვდეს! თუ შეხვდება, დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს. როდესაც განავალში სისხლს შენიშნავენ, არაფრით არ შეიძლება ამ დროს თვითმკურნალობის დაწყება! აუცილებელია დროულად მიაკითხონ შესაბამის საავადმყოფოს!
– რამდენად შეიძლება მშობლებმა თავიდან ააცილონ ბავშვებს ეს დაავადება?
– თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ხელების ხშირად დაბანა. ეს დაავადება ჰაერიდან არ გადადის. დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, გადაიცემა ფეკალურ-ორალური გზით. გამომწვევია შიგელის სახეობის ბაქტერიები… გადადის კონტაქტით და ჭუჭყიანი ხელებით. მეორენაირად ჭუჭყიანი ხელების დაავადებასაც უწოდებენ დიზენტერიას. თუ ხელების სისუფთავე მაქსიმალურად იქნება დაცული და ასევე ნივთებისაც, ეს დაავადება არავითარ შემთხვევაში არ შეხვდება ადამიანს!

მანანა გაბრიჭიძე