კონსტანტინე გამსახურდია – “ოცნების” პოლიტიკური ცენტრი სრულიად მოშლილია – მართლა ვერ გავიგე, რა ხდება!”

კონსტანტინე გამსახურდია - "ოცნების” პოლიტიკური ცენტრი სრულიად მოშლილია - მართლა ვერ გავიგე, რა ხდება!"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოდის. ამ საკითხზე თქვენი პოზიცია როგორია?
– მე ვთვლი, რომ კიდევ შეიძლებოდა ქუთაისში ყოფილიყო პარლამენტი, ამიტომ მიმაჩნია, რომ არასწორი ნაბიჯია. არ იყო საჭირო ამ საკითხის პედალირება.
– საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტია ხარჯების დაზოგვა და მთავრობის (რომელიც თბილისშია) კონტროლი პარლამენტის მიერ.
– ერთი, დანაზოგის შესახებ კარგად უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია და რას მოხმარდება ეს დანაზოგი. მეორე, პარლამენტის კომიტეტები ისედაც თბილისში მუშაობდნენ. მესამე, მთავრობის კონტროლი სხდომათა დარბაზიდან ხდება თუ რა?! მთავრობის კონტროლი მისაჭერი პულტიდან ხდება?! ეს არ არის ძლიერი არგუმენტი.
რეალური დეცენტრალიზაცია სხვანაირად ხდება. დეცენტრალიზაციის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსური გადანაწილებაც თანაბარია და ადგილზე ხდება იმ საჭიროებების დადგენა, რაც მათ აქვთ. საქართველოს რეგიონების ძლიერი და აგრესიული ინვესტირება თუ არ მოხდა, რომელ დეცენტრალიზაციაზეა საერთოდ საუბარი?! თბილისი თავკომბალა ქალაქია და ამის მკურნალობის ერთადერთი გზა რეალური დეცენტრალიზაციაა. გონივრული და სახელმწიფოებრივად გამართული დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.
– ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ? რას უკავშირებთ ამ ყველაფერს თუ ფიქრობთ, რომ სპონტანურად ხდება?
– პრეზიდენტი რუზველტი ამბობდა: პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება და თუ ხდება, სწორედ ასე იყო დაგეგმილი. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში შექმნილ იმ ისტერიას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, თუ არა რუზველტისეულ ამ სენტენციას.
ამას ემატება ის ქაოსი და დეზორგანიზაცია, რაც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად ჩვენი მენტალობისთვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით უკანასკნელ მეოთხედ საუკუნეში. დღეს პრაქტიკულად არც ხელისუფლებამ იცის, რა უნდა და არც – ხალხმა. ეს კიდევ ერთი მძიმე გამოცდა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის.
ხელისუფლებას ძალიან უჭირს მეორე ვადის მიწურულს. ის იმდენად იფიტება, იმდენად იცლება, რომ ძალა აღარ რჩება, იმუნიტეტი ელევა, რომ როგორმე გადარჩეს, ამიტომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რას შემდეგ საბედისწეროდ იქცევა ხოლმე.
სამწუხაროდ, საბედისწერო ხდება არა მხოლოდ თავად ხელისუფლებისთვის, არამედ სახელწმიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. თითქოს მოჯადოებული წრეა, რომელიც ვერა და ვერ გავარღვიეთ. ეს ყველაფერი, რაც აქამდე იყო, რაღაცნაირი ლოგიკური გაგრძელებაა იმ ისტორიული ძნელბედობის.
ცხადია, აქ პერსონებსაც თავისი როლი ენიჭება, მაგრამ მე არ მინდა დღეს პერსონებზე ვისაუბრო. მათი აზროვნება არის უკიდურესად ანტიზნეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს ადამიანები საკუთარ ცხვირს იქით და პარტიული საძმოს იქით ვერაფერს ხედავენ. დიდი ხანია, უკვე ქვეყანაში ლაპარაკი აღარ არის ისეთ მატერიებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, ზნეობა და ა.შ.
არსებულ პოლიტიკურ რეალობას რომ დავუბრუნდე, შეუძლებელია, ასე დიდხანს გაგრძელდეს. ასე ეგონათ წარსულშიც, რომ უსასრულო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამოდ. ასეთ დროს გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სურათი უფრო მძიმდება.
– ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავთ?
– ორ შემთხვევაში ინიშნება ვადამდელი არჩევნები: ერთი, როდესაც ხელახალი ლეგიტიმაცია გჭირდება და მეორე, როდესაც გადაწყვეტ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს. მე ვერ გეტყვით, დღეს ასე ფიქრობს თუ არა ხელისუფლება. თუმცა, მის ნაბიჯებს რომ ვაკვირდები, სხვა ფიქრის საშუალებას არ გიტოვებს. თუმცა, ჩემი მხრიდან მაინც ამაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაცია იქნებოდა.
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, იმდენად ალოგიკური ნაბიჯები გადაიდგა ერთმანეთის მიყოლებით, რომ ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობ. ან რა საჭირო იყო ახლა ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის თემის გახსნა, კანაფის თემა არ აღმოჩნდა საკმარისი?! თითქოს სულ რაღაც თვენახევარში საპრეზიდენტო არჩევნები არ იყოს. ვერ გავიგე, რა ხდება და რა უნდათ!
– რა უნდათ?
– გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვხვდები. ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი მაინც ხომ დაიცდიდა. კონსტიტუციაში დაფიქსირებული არ არის, რომ ქუთაისია საპარლამენტო ქალაქი.
– ისედაც ცნობილი იყო, რომ გაზაფხულიდან გადმოდიოდა.
– დიახ და მაინცდამაინც ახლა რატომ წამოწიეს?! ვის მიაყენეს ამით ზიანი?! როგორც ჩანს, ერთიანი პოლიტიკური ცენტრი სრულიად მოშლილია.
– ბიძინა ივანიშვილი ხომ არის პარტიაში, თუ ფიქრობთ, რომ სადავეები გაექცა?
– ახლა ისეთი რაღაცეები ხდება, რომ, ეტყობა, თავის დროზეც არ ჰქონდა. აბა, სხვა დასკვნის საფუძველი არ რჩება. თუ ასე არ არის, მაშინ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და თუ ხდება, მაშინ რატომ?!

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა