„წავუკითხე პოსტი, რომელიც გვარამიამ დაწერა და რომელიც არის პირდაპირი მუქარა“ – ზურაბიშვილი ელჩებთან შეხვედრაზე

„წავუკითხე პოსტი, რომელიც გვარამიამ დაწერა და რომელიც არის პირდაპირი მუქარა“ - ზურაბიშვილი ელჩებთან შეხვედრაზემმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ელჩები დაინტერესდნენ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხებით. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

„ელჩებს ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და გასცდა ყველა ზომასა და ზღვარს. სხვათა შორის მათ წავუკითხე ის პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ დაწერა და, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მე დამეხმარება. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი როგორც არამხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.

ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება პრაქტიკულად თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.