პროკურორი გუბელაძე – “მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”

პროკურორი გუბელაძე - "მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია"სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანი ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს.

პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, მსჯავრდებულს  ბევრი კითხვა დაუსვეს, ნაწილს სუბელიანმა არ უპასუხა.

მისივე განმარტებით, მსჯავრდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. პროკურორმა დაკითხვის დეტალები არ გაასაჯაროვა და დასძინა, რომ სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება.

კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი?- პროკურორმა უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ. ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მესმის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, გამოძიებასაც აქვს კითხვები და გვსურს პააუხები მივიღოთ, თუმცა, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაეცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ რომ გავაჟღეროთ. გამოძიება გრძელდება და ინფორმაციის გაჟღერება აზიანებს გამოძიების ინტერესებს”,- განაცხადა გუბელაძემ.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ, სავარაუდოდ სუბელიანისა და ჯაფარიძის კიდევ 1 ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც 6 ივლისით არის დათარიღებული. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელს შანტაჟით მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

15 ოქტომბერს პროკურატურაში ვიქტორ ჯაფარიძე და ასევე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი და აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი დავით ცუხიშვილი გამოიკითხნენ.

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.

9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

იმედინიუსი