“რეალური მთავრობა ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი არიან – საქართველოს კოლექტიური ჯაბა იოსელიანი მართავს”

ვინ არის დღეს ქვეყანაში მთავარი, ვინ და რატომ აჩმორებს პრემიერებს, ვის ენდობა ივანიშვილი და აქვს თუ არა მას ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რა აერთიანებს ქოცებს და ნაცებს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
– შევარდნაძის დროს ქვეყნიდან მოგიწიათ გაქცევამ, სააკაშვილის ხელისუფლება გდევნიდათ, აქტიურად უჭერდით მხარს “ოცნებას” და დღეს მას ყველაზე მწარედ აკრიტიკებთ. მეოცნებეები სვამენ ასეთ კითხვას, რას გადაგვეკიდა მიქაია, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, მას არ ვდევნითო. მართლა რას ერჩით მეოცნებეებს, პირადად თქვენ ხომ არ იდევნებით?
– ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ ვიდევნები. ჩემთან დაკავშირებით სასამართლოში ორი საქმე დევს. რამდენიმე დღის წინ ერთ საქმეში ხელისუფლებამ დაზარალებულად მცნო.
ყოფილმა ნაციონალმა, როლანდ ახალაიას შტაბის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა, რომელიც მერე ქოცი მერაბ ქვარაიას შტაბის უფროსი გახდა, გრიხა მიქავამ ქალაქის ცენტრში მოინდომა ჩემთან დაპირისპირება. გრიხა მიქავას სურდა, ფიზიკურადაც შემხებოდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვიყავი და ამის საშუალება არ მიეცა. ამაზე გამწარებულმა გრიხა მიქავამ მანქანის საქარე მინა ჩამიმტვრია. ეს 2014 წელს მოხდა.
– რით განარისხეთ გრიხა მიქავა?
– რა იყო დაპირისპირების მიზეზი? აღშფოთდა, რატომ ვამბობდი სიმართლეს და რატომ ვუპირისპირდებოდი ნაცებსაც და ქოცებსაც ზუგდიდის საკრებულოში. ინციდენტიდან 4 წლის თავზე მცნო ხელისუფლებამ დაზარალებულად.
ამ ინციდენტს მეორე დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც 2015 წელს მოხდა. მაშინ მე დამიპირისპირდა ასევე ყოფილი ნაციონალის და შემდეგ უკვე ექს-გუბერნატორ ლევან შონიას მოადგილის, დათო კოდუას მამა, ოთარ კოდუა.
მას ჩემთან იგივე პრეტენზიები ჰქონდა, რაც გრიხა მიქავას. მან გაბედა და ნაჯახით გამომედევნა ზუგდიდის ცენტრში. მართალია, ვერაფერს ვერ მიაღწია, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად და ამაზე აღძრულია საქმე. ამის მერე მეკითხებით, არ გდევნიანო? ამაზე მეტი რა გინდათ? მაგრამ ეს არ არის დევნის სრული სია.
ჩემი შვილი, ლაზარე, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალისტი კი ერქვა, მაგრამ მუშად მუშაობდა ერთ-ერთ ლაბორატორიაში. რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. 2017 წელს, ახალი წლის წინა ღამეს ლაზარე სამსახურიდან გაუშვეს. მიზეზი მარტივია, დამნაშავე მე ვარ.
– თქვენ საკრებულოდანაც ხომ გაგრიცხეს?
– ეგ იყო სასწაული. გამრიცხეს იმიტომ, რომ თურმე მე ვყოფილვარ მტერი. როლანდ ახალაიას ეზოს მხვეტავები, რომლებიც მერე მერებად და საკრებულოს თავმჯდომარეებად დანიშნეს, კარგი ბიჭები აღმოჩნდნენ.
– რატომ არ საუბრობდით ამ დევნაზე?
– “ახალ თაობასთან” არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ჩემი დევნა მიდიოდა. ნაცების და ქოცების ერთობა ახლაც მებრძვის. პარადოქსი არაა, ნაცები და ქოცები რომ ერთად მდევნიან?!
ის პირები, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში და მათთან იყვნენ დაახლოებული, დღეს ეს ხალხია ივანიშვილის გვერდით. მათი ნაწილი აშკარად არის ხელისუფლებაში წარმოდგენილი, ნაწილი – ფარულად. თუმცა, მმართველობის სტილიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში გვყავს ორი ხელისუფლება – “ქართული ოცნების” სახით არჩეული ხელისუფლება და რეალური ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას.
რეალურ ხელისუფლება არის ის ხალხი, ვინც ივანიშვილის გარემოცვას წარმოადგენს.
– პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები არ არიან ივანიშვილის გარემოცვა?
– არც პრემიერი, არც მინისტრები და არც დეპუტატები არ ითვლებიან ივანიშვილის გარემოცვად. მეტსაც გეტყვით, ისინი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ.
ქვეყანას მართავს ის ხალხი, ვინც ივანიშვილს უზის თავის შუშის სასახლეში. ჯერ შევარდნაძესთან და მერე უკვე სააკაშვილთან დაკავშირებული პირები ქმნიან ივანიშვილის გარემოცვას და ისინი მართავენ სახელმწიფოს.
“ომეგა ჯგუფის” გარშემო მიმდინარე მოვლენები სწორედ ამაზე მეტყველებს. აქამდე ხალხს ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტის არსებობაზე ეჭვი ეპარებოდა, ახლა ამაში ყველა დარწმუნდა.
უკვე რამდენჯერმე ვთქვი და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ დღეს საქართველოში არანაკლებ ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო ჯაბა იოსელიანის დროს. განსხვავება ისაა, რომ ჯაბა იოსელიანი ოფიციალურად წარმოადგენდა ხელისუფლებას. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის გახდა სამხედრო საბჭოს წევრი, რომელიც მართავდა ქვეყანას.
ახლა ქვეყნის რეალური მმართველი, თანამედროვე ჯაბა იოსელიანი, არის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. დააკვირდით მისი მმართველობის სტილს, ძალიან წააგავს იოსელიანისას.
სულ ახლო წარსულში მან სახალხოდ სცემა აუდიტის სამსახურის უფროსი და ამაზე პასუხი არვის მოუთხოვია. ის ატერორებს და აყაჩაღებს ადამიანებს. სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსაც მიაყენა შეურაცხყობა, მაგრამ ვითომც აქ არაფერი. მეტს კი არაფერს აკეთებდა ჯაბა.
– მათი შედარება ნამეტანი ხომ არ არის, სხვა თუ არაფერი, ფარცხალაძე თავის დაჯგუფებასთან ერთად სამეგრელოში არ შემოჭრილა
– ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჯარით შემოიჭრას სამეგრელოში. პრინციპში ესღა აკლია, თორემ თანამდროვე ჯაბა იოსელიანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ხალხი შემოიკრიბა ივანიშვილმა.
2012 წელს ყველა ერთად დავდექით იმისთვის, რომ სააკაშვილი მოგვეშორებინა. მხარი დავუჭერეთ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ამით ქართველი ხალხის ოცნებები არ ახდა. მმართველმა ძალამ უარი თქვა დაპირებების შესრულებაზე და ხალხს უღალატა და გადაიქცა კოლექტიურ ჯაბა იოსელიანად.
– ზემოთ თქვით, რომ ქვეყანაში ორი ხელისუფლებაა – ერთი არჩეული და მეორე რეალური. ფარცხალაძის გარდა, კიდევ ვინ არის ამ მთავრობაში?
– ვანო ჩხარტიშვილი. წარმოიდგინეთ, რა უბედურ დღეშია ქვეყანა, როცა ესენი წყვეტენ ყველაფერს. დაამატეთ ამათ ივანიშვილის ნათესავები. სკანდალური ჩანაწერებიდან გავიგეთ, რას ამბობენ იმ დროისთვის მოქმედ პრემიერზე გიორგი კვირიკაშვილზე, ამოვიდა და ტიროდაო.
ივანიშვილი წინდასავით იცვლის პრემიერ-მინისტრებს. არჩევანსაც თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებს და საერთოდ არ აინტერესებს, მოსწონს თუ არა ხალხს ესა თუ ის პერსონა.
– ხალხის აზრი თუ არ აინტერესებს, მაშინ დანიშნოს პრემიერად ვანო ჩხარტიშვილი და ოფიციალურად იყოს ამ თანამდებობაზე.
– რაიმე ოფიციალურ თანამდებობაზე ვანო ჩხარტიშვილის დანიშვნა უკვე ნამეტანი იქნებოდა. თან არც ჩხარტიშვილს ენდომება ამ პოსტზე წასვლა, ისედაც პრემიერია. ოფიციალურად ის არის მთავარი ფოლკლორისტი და განაგებს ქვეყნის ფოლკლორს, ოღონდ კორუფციულ ფოლკლორს.
– ყველაფერი გამიგია, მაგრამ ფოლკლორისტის ნიღაბქვეშ მაფიოზობა რაღაც ახალია.
– პირადად მე საქართველოში არაფერი არ გამიკვირდება. რა უჭირს ახლა ჩხარტიშვილს, ფოლკლორისტი თუ ერქმევა და იმაფიოზებს.
– ისე, ქართული ფოკლორი შეიცავს მაფიოზურ და ყაჩაღურ ელემენტებს. არსენა მარაბდელიც ხომ ართმევდა მდიდრებს ფულს.
– აბა რა, აბა რა. სულ მაგ ნიშნით შეარჩია ჩხარტიშვილი. ჩვენ ვიცინოთ და ამ ადამიანზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ფარცხალაძე თუ თანამედროვე ჯაბა იოსელიანია, ჩხარტიშვილი “ოცნების” დონ კორლეონეა.
– ჩხარტიშვილთან შედარებით ხომ არ აკნინებთ დონ კორლეონეს?
– ვაკნინებთ, მაგრამ რა ვუყოთ. მე ის უფრო მადარდებს, ჩემი ქვეყანა ამათ ხელში რომ არის.
– რეალური მთავრობა თუ ესენი არიან, არჩეული ხელისუფლება რატომ ჭამს ასე გამალებით ბიუჯეტს? რატომ მიუშვა ისინი ივანიშვილმა?
– გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა ვინმე მიუშვას. უბრალოდ, ისინი წარმოადგენენ “ოცნების” სახეებს. მათ არაფერი არ ეკითხებათ და როგორც ჩანაწერებიდან ვიგებთ, მთავარი მეოცნებე მათ ბიჭებს ეძახის.
დარწმუნებული ვარ, ნამდვილ მთავრობასაც ბიჭებად თვლის, ოღონდ ისინი მთავარი ბიჭები არიან. ისინი ადიან ივანიშვილთან და სერიოზულ საკითხებს წყვეტენ, უბრალო ბიჭები კი თბილისობას ზეიმობენ.
– უბრალო ბიჭებს ბიუჯეტიდან ამდენი ფული რომ მიაქვთ, ივანიშვილმა არ იცის?
– მთელმა საქართველომ იცის და ბიძინას არ ეცოდინება? რა თქმა უნდა, იცის. მან ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლება კორუფციის ჭაობშია ჩაფლული.
– იქნებ არ იცის? გამორიცხავთ, რომ გარემოცვა არასწორ ინფორმაციას აწვდის?
– ადამიანი თავად ქმნის გარემოცვას. ივანიშვილმაც თავისი ნებით შექმნა ეს გარემოცვა. მე არც ფარცხალაძისთვის გამიწევია რეკომენდაცია და არც – ჩხარტიშვილისთვის.
ვერ დავიჯერებ, რომ “ოცნების” ლიდერმა რაღაც არ იცის. ეს ისეთივე ზღაპარია, როგორც სტალინმა არაფერი იცოდა, ბერია რომ ხალხს ხვრეტდა. ფეისბუქის ეპოქაში ასეთი რამეები შეუძლებელია.
– იქნება არ სცალია ფეისბუქისთვის და გარემოცვისგან იგებს ყველაფერს?
– რატომ არ სცალია? ხეები გადააქვს? სხვას რას მიკეთებს.
– ბოლო დროს ხეებიც აღარ გადააქვს.
– გადასატანი გადაიტანა. რამდენჯერ ვურჩიე, რომელიმე გიგანტური ხე დაასახელე პრეზიდენტობის კანდიდატად. არ დამიჯერა და ახლა თავი იმტვრიონ თავიანთი კანდიდატის განცხადებების “გაპრავებაზე”.
– ახლა რა რჩევას მისცემდით მას?
– ახლა რჩევა უკვე გვიანია.
– რატომ არის გვიანი?
– ახლა ვეღაფერს ვეღარ შეცვლის. ახლა ყველაფერი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. აქეთ ნაცები არიან, იქეთ ქოცები და საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ეს ქოცები და ნაცები ძალიან შეხუჭუჭებულები არიან და არსებული ვითარება ძალიანაც კარგად აწყობთ. ახლა ხალხზეა არჩევანი.
– აქეთ ნაცები არიან და იქეთ ქოცები, შუა გაიკრიფა, თქვენ კიდევ ამბობთ, ხალხზეა არჩევანიო და მართლა ხეს ხომ არ აირჩევენ?
– შუას გაკრეფვა ნაცების და ქოცების ერთობლივი სპეცოპერაციაა. შუა თუ არ დავაბრუნეთ, ძალიან ღრმა წარსულში წავალთ.
თავში მითხარით, “ოცნება” არ გდევნიდათო. ამ დროს ჩემი თანამებრძოლები დავით სორდია, საშკა მოლაშხია და ალიკა გეთია პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა “საქართველოს ფოსტის” დირექტორმა ჩიკვაიძემ დაკავებული თანამდებობიდან.
ეს გათავისუფლება მიკავშირდება მე და ამის ჩანაწერიც არსებობს. ჩიკვაიძე პირდაპირ ეუბნება სორდიას, რომ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს მათ. როდესაც ადამიანებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებ, იქ დემოკრატია აღარ არის. და აქ მარტო ფარცხალაძე არაა პრობლემა. ეს არის მხედრიონში დაბრუნება, სადაც ქვეყანა კოლექტიური ჯაბა იოსელიანის მიერ იმართება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018