“600.000 მოქალაქისთვის ვალების განულება ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვაა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს.

“სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვისხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

„მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვისამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს“, – ნათქვამია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას. სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულების განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ საარჩევნო მიზნები, კერძოდ, იკვეთება პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის განზრახვა, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში. ‘‘მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’’ საქართველოს კანონის 261-ე მუხლის თანახმად, ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018