ბანერი “არა ნაცებს, არა ბოროტებას” მეღვინე მეგუთნიშვილის შეკვეთილია – მან 50.000 ლარზე მეტი დახარჯა

ბანერი "არა ნაცებს, არა ბოროტებას" მეღვინე მეგუთნიშვილის შეკვეთილია - მან 50.000 ლარზე მეტი დახარჯათბილისის ქუჩებში გამოჩენილი აგრესიული შინაარსის ბანერები, რომელთან კავშირსაც ყველა პარტია უარყოფდა, საბოლოოდ წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელის ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთით გაკეთებული აღმოჩნდა. მან ამ ბანერებისთვის 50 ათასზე მეტი დახარჯა.
“რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრის დროს მეგუთნიშვილი ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. თუმცა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” ბანერებთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად “ობიექტივის” დამფუძნებელი, მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.

„ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ჩემს დაჭერაში მიიღო მონაწილეობა. ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს. ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. მე ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით.“-განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა

აგრესიული შინაარსის ბანერზე, რომელზეც წერია “არა ნაცებს, არა ბოროტებას”, წითელ ფონზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.