ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი  კიმ ჩენ იანგი აირჩიესინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ორგანიზაციის პრეზიდენტად დღეს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს, რომელიც დუბაიში გაიმართა.

ამ პოსტზე მისი მოწინააღმდეგე რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პროკოპჩუკი იყო.

მისი კანდიდატურის წამოყენებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უკრაინა და ლიეტუვა ორგანიზაციის დატოვებით იმუქრებოდნენ, თუ რუსეთის წარმომადგენელი ამ პოსტზე იქნებოდა არჩეული.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი, ჩინელი მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პეკინმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი დაკავებულია და მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იმავე დღეს ინტერპოლმა მენ ჰუნვეი თანამდებობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

ინტერპრესნიუსი