შაქრო ტერტერაშვილი – “ოცნების” შტაბში სალომე ზურაბიშვილის გინებაზე 5 ლარიანი ჯარიმა დაწესდა”

შაქრო ტერტერაშვილი - "ოცნების" შტაბში სალომე ზურაბიშვილის გინებაზე 5 ლარიანი ჯარიმა დაწესდა"რა სანქციები დაუწესეს “ოცნების” აქტივისტებს, რატომ აღარ ჭრის “ოცნების” დაპირებები. რა მოხდება 28 ნოემბერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის წევრი შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება.
– თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ერთ-ერთი რეგიონში, “ოცნების” საარჩევნო შტაბმა სალომე ზურაბიშვილის გინებაზე ფულადი ჯარიმა დააწესა. იხუმრეთ თუ მართალი ამბავია?
– არ მიხუმრია. “ოცნების” წევრებისთვის მართლა დააწესეს სალომეს გინებაზე 5 ლარიანი ჯარიმა.
– ეს რომელ რეგიონში ხდება კახეთში, შიდა ქართლში….
– კახეთში.
– რაკი ჯარიმა დაწესდა, გამოდის, რომ “ოცნების” შიგნითაც დიდად არ მოსწონთ ზურაბიშვილი.
– სალომე ზურაბიშვილის მიმართ რომ ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა, ეს მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო. ეგ ქალი არავის არ მოსწონს. ამ უარყოფით განწყობებს ზოგან უფრო მძაფრი ფორმით გამოხატავენ და ამიტომაც დააწესეს ფულადი სანქციები.
– ამ სანქციებმა რაიმე შედეგი გამოიღო?
– სანქციების და შიდარეგულაციების დაწესება მაგათთვის უცხო არ არის. თავის დროზე სიგარეტის მოწევა აკრძალეს, მერე ბილწსიტყვაობაზეც დაწესდა რაღაც რეგულაციები. სწორედ ეს აკრძალვა გამოიყენეს ქალბატონი სალომეს მლანძღველების მისამართით.
მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავასაჯაროვე, ამ რეგულაციას აუცილებლად მოხსნიდნენ. აქ მთავარი ის კი არაა, 5 ლარს გადაახდევინებენ ვინმეს თუ 10 ლარს, მთავარი ისაა, რომ “ოცნების” შიგნით იმდენად ვეღარ იტანენ ამ ქალს, რომ ჯარიმა გაუხდათ დასაწესებელი.
“ოცნება” ამ ქალის მიმართ დამოკიდებულებითაც ატყუებს ხალხს. მოსახლეობას უმტკიცებენ, მაგარი კანდიდატი გვყავსო, სინამდვილეში თავადაც ვერ იტანენ მას.
“ოცნების” ორი წევრი ერთმანეთთან თუ დაჯდა და იმის შიში არა აქვთ, რომ მათ ნალაპარაკევს ვინმე ბატონთან მიიტანს, ოპონენტებზე და მოსახლეობაზე მეტად აკრიტიკებენ თავიანთ კანდიდატს.
მე “ოცნებაში” არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მართლა გულით სჯერა, რომ მათმა პარტიას მართლა მაგარი კანდიდატი დაასახელა.
მაგათი კანდიდატი მართლა მაგარი რომ ყოფილიყო., ამდენი რამის მოგონება ხომ არ დასჭირდებოდათ არჩევნების მოსაგებად. ახლა ბანკის ვალების ჩამოწერას დაპირდნენ ხალხს.
– 2012 წლის არჩევნების წინ უფასო ფულის დარიგების პირობა იყო დადებული, მაგრამ არავის შეუსრულებია.
– არც ეს დანაპირები შესრულდება. ეს ბოლო დაპირებაც ამომრჩევლის მოსყიდვაა და არა – ხალხის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა. მგონი, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ვალების განულება მეორე ტურის წინ.
სამი წლის წინ სად იყვნენ? მაშინ ხომ უფრო ნაკლებ ადამიანს ჰქონდა ვალი. მაშინ ხომ უფრო ადვილი იყო ეკონომიკის დაქოქვა. ახლა ხედავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შანსი არა აქვთ და ასეთ უაზრო დაპირებებს იძლევიან.
– არ გჯერათ, რომ ვალების განულება მოხდება?
– როგორც სხვა დაპირებები შეასრულეს, ისე შეასრულებენ ამ დაპირებასაც. ამ დაპირებას მხოლოდ იმიტომ იძლევიან, რომ ხელისუფლებაში რამენაირად დარჩნენ. ხელისუფლებაში თუ დარჩებიან, არანაირი ვალების განულება არ მოხდება.
ვისაც მაინც იმედი აქვს, შევახსენებ უფასო ფულის დარიგების, 3 თეთრიანი დენის ტარიფის დაწესების და 100 საწარმოს გახსნის დაპირებებს.
“ოცნებამ” არანაირი დანაპირები არ შეასრულა. მათ არც საქმე რაიმე აქვთ გაკეთებული. ერთადერთი რაც გააკეთეს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამნისტია გამოაცხადეს. მათ ციხიდან სამშობლოს გამყიდველები და პედოფილები გამოუშვეს.
2012 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნებზე იტყუებიან და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რატომ იტყვიან ვითომ სიმართლეს.
– ნაციონალებიც რომ ამ ინიციატივით გამოდიოდნენ, ამაზე რას იტყვით?
– ნაციონალები ამაზე რამდენიმე თვით ადრე ვლაპარაკობდით. ამათ კიდევ მეორე ტურამდე 10 დღით ადრე მოიგონეს ტყუილი. ახლა იმასაც ბოდავენ, თითქოს ჩვენ გავიგეთ, რომ ამის გაჟღერებას აპირებდა ხელისუფლება და ვაშაძემ დაასწრო მათ განცხადების გაკეთება.
ვალების განულებას თუ აპირებდნენ, ეს ბიუჯეტის პროექტში რატომ არ იყო ასახული. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დღეებში შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და იქ ვალების განულებაზე არაფერი წერია.
ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია დაისვა კითხვა და “ოცნებამ” თავის გასამართლებლად მორიგი სისულელე დააბრეხვა. თქვეს, რომ “ქართუ ბანკი” აპირებს ამ ვალების დაფარვას.
ვინც ამ იდეის მოპარვაში გვადანაშაულებს, მათ ვურჩევ გადაშალონ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები. ყველაფერი იქ წერია. ამ ბუკლეტს წვრილი შრიფტით აწერია, თუ როდის დაიბეჭდა. ამითაც ნათლად მიხვდება მოსახლეობა, ვინ იტყუება. ჩვენ ბუკლეტები ხელში გვიჭირავს და იძახოს ახლა მმართველმა პარტიამ, ინფორმაციამ გაჟონაო.
– ისე, “ოცნებიდან” ხომ ჟონავს ინფორმაციები?
– როგორ არ ჟონავს.
– ეს რაზე მიუთითებს?
– იმაზე, რომ შიგნით კარგად არ არის საქმე. მათი საქმე რომ ცუდადაა, ეს ყველაზე უკეთ თავად იციან. აგიტატორები და საარჩევნო შტაბების უფროსები გამწარებულები არიან.
– გამწარებულები რატომ არიან?
– ხალხთან დადიან და მათხოვრობენ, რომ მათმა კანდიდატმა რამენაირად მიიღოს ხმები. ბევრს ცდილობენ, რომ ეს ქალი კარგ ტიპად გამოიყვანენ, როგორ არ ფუთავენ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. იმიტომ, რომ თავად ეს ქალი არ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ის, როგორც ნორმალური პროდუქტი, ბაზარზე ისე გაიტანონ.
დიდი ფიქრის შემდეგ რაღაცნაირად შეფუთავენ, მაგრამ გამოხტება და ათას სისულელეს იძახის. ამიტომ ჯერ ინტერვიუების მიცემა აუკრძალეს, ახლა ბილბორდებიდანაც ჩამოხსნეს მისი სურათები.
– თქვენთან, ახმეტაშიც შეცვალეს მისი სურათი?
– შეცვალეს.
– მაჟორიტარი გელა სამხარაულის სურათი დაკიდეს მის ნაცვლად?
– არა, ჩვენთან ისევ სალომეს ფოტოა, ოღონდ ახალი ფოტო. ამ ფოტოზე სალომე 40 წლის იქნება.
– სამხარაულის პლაკატი ნაციონალებმა გამოაკარით რამდენიმე თვის წინ და ეტყობა ცუდად აქვთ მისი ფოტო დაცდილი.
– სამხარაულის პლაკატი მაშინ გავაკარით, როცა ახმეტაში მაგის სახელობის ორმოები გავხსენით.
– ეს ორმოები ისევ არის თუ საარჩევნოდ ამოავსეს?
– ამ ორმოების ამოვსება დაიწყეს. “ოცნებას” დღეს ორი გზა აქვს დარჩენილი – ცუდი და ძალიან ცუდი. ისინი რატომღაც ძალიან ცუდ გზას ირჩევენ.
ჩვენ ვაპროტესტებდით იმას, რომ ქალაქ ახმეტაში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით. ამ დროს ვერც წყალი ვერ მივიღეთ და მხოლოდ ქუჩები შეგვრჩა გადათხრილი.
ახლა წინასაარჩევნოდ ადგნენ და ამ ორმოებს ავსებენ. ღამ-ღამობითაც კი მუშაობენ. იქ, სადაც ახალი მილები ჩაყარეს, კაციშვილმა არ იცის, ვარგა თუ არა ის ქსელი. ფაქტიურად წყალში ყრიან ფულს – სადმე თუ აღმოჩნდა, რომ ქსელი არ მუშაობს, თავიდან იქნება მიწა ამოსათხრელი.
რეალურად ხელისუფლება ფლანგვის რეჟიმზეა გადასული, რათა ქალბატონ სალომეს როგორმე მოუტანონ ხმები.
– გვითხარით, რომ ახმეტაში სალომეს ფოტო გამოცვალეს. ვითომ წინა ფოტოს ხარისხის გამო დაიწუნეს პირველ ტურში ის?
– მისი ფოტოს ხარისხი აქ არაფერ შუაშია. ახალმა ფოტომ დამატებითი ხმები როგორ უნდა მოუტანოთ? უბრალოდ, “ოცნება” სიმწრისგან ეიფორიაშია გადასული და თავადაც არ იციან, რას აკეთებენ.
ხალხი შეიძლება ხმამაღლა არაფერს ამბობს, მაგრამ ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს. ამომრჩეველმა უკვე კარგად გაიგო, რომ ამათი დაპირების ფასი არის ნული. ვალების განულება თუ უნდოდათ, ამის გაკეთება შეეძლოთ პირველი ტურის წინ.
ახლა რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერი კეთდება ძალდატანებით. ჩვენ, მოსახლეობამ, მათ არჩევნებზე ვუთხარით, რომ უმაქნისები არიან.
ახლა რომ ვითომ ვალებს უფარავს ხალხს, პირველი ტურის წინ იგივე ივანიშვილი არ იყო, ხალხს რომ უთხრა, ცუდად თუ ცხოვრობთ, თქვენი ბრალიაო? ლარი რომ გარბის, საწვავი რომ ძვირდება, პროდუქტებს ცეცხლი რომ უკიდია, სიდუხჭირეში მყოფი ადამიანი, რომელიც სადღაც სოფლის ჩიხში ცხოვრობს, თურმე თვითგვემას უნდა მიეცეს, როგორ დაუშვა ამ ყველაფრის გაძვირება.
– ამ ყველაფრის გაძვირებას გაგებით რომ ვეკიდებით, ეს ხომ ჩვენი, საზოგადოების დანაშაულია?
– ცხადია. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ხალხის არჩევანს უკავშირდება. ეს ხალხი რაღაც პერიოდი ითმენს და ითმენს, მაგრამ მასაც უწყდება მოთმინების ძაფი. როცა ეს მოთმინების ძაფი წყდება, მაშინ ხელისუფლების საქმე მიდის ცუდად.
ამათი საქმე რომ კარგად რომ ვერაა, არჩევნების პირველ ტურშიც ვნახეთ. ჯერ იძახეს, 53% ავიღეთო. მერე პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა, რომელმაც თავმდაბლობა გამოიჩინა და თქვა 53% კი არ ავიღეთ, არამედ 52,3%-იო.
ამ განცხადებებიდან მალევე ცესკომ გამოაქვეყნა შედეგები და ვნახეთ, რომ მათ კანდიდატს 15%-ით ნაკლები ხმები ჰქონდა მიღებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რეალობას არის მოწყვეტილი. ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდათ აწყობილი და ხალხი მათ მისცემდა ხმას. სინამდვილეში 38%-იანი მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ. ეს არის მთლიანი მათი რესურსი.
– მეორე ტურისთვის მეტი მხარდამჭერის მობილიზებას ვერ შეძლებენ?
– მეორე ტურზე შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები ხმა აიღონ. 28 ნოემბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლების შედეგებს ტრადიციულად საღამოს 8 საათზე გამოაცხადებენ, სადაც აღმოჩნდება, რომ ქალბატონი სალომე უფრო მწარედ დამარცხდება, ვიდრე პირველ ტურში.
სადღაც 22.00 საათისთვის ცესკო უკვე დადებს პირველად სურათს. ამ შედეგების გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში საპარლამენტო უმრავლესობის ნახევარზე მეტი გამოვა და ქალბატონ სალომეს და ბატონ ბიძინას დაუწყებს ლანძღვას.
ამას მერე ვერანაირი 5 ლარიანი ჯარიმა ვერ უშველის. 28 ნოემბრის 22.30 საათიდან ელოდეთ “ოცნების” ლიდერის დიდ უარყოფას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა