შოთა მალაშხია – “ივანიშვილი და ზურაბიშვილი განწირულები არიან”

შოთა მალაშხია - "ივანიშვილი და ზურაბიშვილი განწირულები არიან"საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას.
შოთა მალაშხია:
– გამართლდა ის, რის პროგნოზსაც ყოველთვის ვაკეთებდი, მათ შორის, “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუებში.
– წინ მეორე ტურია.
– მეორე ტური წინაა, მაგრამ ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეალურად გამარჯვებულია. არნახული ფალსიფიკაციის ფონზე მან ასეთი შედეგი აჩვენა და მეორე ტურში გავიდა.
– გაყალბება ბევრჯერ მომხდარა. არნახულ ფალსიფიკაციაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას?
– ამ მასშტაბის გაყალბება და ყველანაირი მეთოდისა და ხრიკის გამოყენება საქართველოში კი არა, ალბათ, მსოფლიოში არ მომხდარა. ამ რაოდენობის ხალხი ადრე არ მოუსყიდიათ. ყველაფერი ამოქმედებული იყო – კოორდინატორების ზეწოლით დაწყებული, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მონაწილეობით დამთავრებული. ამან არ იმუშავა. საბედნიეროდ, პატრიოტულმა მუხტმა იმძლავრა. ქართველებმა ყველაზე წინ პატრიოტიზმი დავაყენეთ.
– ამ შედეგს პატრიოტულ მოტივს უკავშირებთ? იქნებ საპროტესტო განწყობებია ძლიერი?
– პატრიოტულ მუხტი გადამწყვეტი იყო. საზოგადოებამ ამ არჩევანით განაცხადა, რომ უნდა ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები მუშაობს და ყველაფერს არ განაგებს რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” მეწილე.
ხალხმა უარი უთხრა არაფორმალურ მმართველობას, კორუფციას, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებს 2008 წლის ომზე.
ბუნებრივია, საპროტესტო განწყობები არსებობს. ხალხმა ამ არჩევანის დროს ასევე პროტესტი გამოთქვა ეკონომიკის ჩამოშლის, სიღარიბისა და სიღატაკის მატების, უმუშევრობის ზრდის გამო. საქართველო პირველი ტურის შემდეგ თვისებრივად გადავიდა ახალ საფეხურზე.
– კერძოდ?
– ხალხმა პოლიტიკოსებს თავისი პირობები წამოგვიყენა. ესაა დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ნორმალური განათლება და ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება. საზოგადოებამ მოგვიწოდა, გამოვასწოროთ შექმნილი მდგომარეობა და მიგვანიშნა, რომ თუ გადაცდომები გვექნება, ყველას გამოგვიტანენ იმავე განაჩენს, რაც სალომე ზურაბიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მიიღეს.
– მეორე ტურისთვის ხელისუფლება და “ქართული ოცნება” სათანადოდ მოემზადებიან და მეტ ბერკეტს აამოქმედებენ.
– გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხის მეშვეობით ყველაზე რთული რაუნდი მოვიგეთ. არ გახსოვთ, რას ამბობდნენ ირაკლი კობახიძე და სხვები? ისინი დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებდა არჩევნებს, რომ ოპოზიციას 20%-ზე მეტის მხარდაჭერა არ აქვს და ა.შ. იყო გაყალბება, მოსყიდვა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. მოქრთამვის რესურსი ამოწურული აქვთ.
– ამოწურული რატომ აქვთ?
– იმიტომ, რომ ვისი მოსყიდვაც შეიძლებოდა, მოისყიდეს. ამაზე მეტს ვერ იყიდიან. თანაც, შეიძლება გონზე მოვიდნენ ისინიც, ვინც პირველი ტურის დროს ფული აიღო. შვილმა რომ ნახა კადრები, როგორ ჩაიჯიბა არჩევნებისას ფული მამამ, შეიძლება უთხრა კიდეც, სამშობლო როგორ გაყიდეო!
ასეთი ამომრჩეველი შეიძლება ვეღარ იყიდონ. საზოგადოება მოელის, რომ პოლიტიკოსები წესიერად, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან. ტეროტორიულ მთლიანობას უცებ ვერავინ აღადგენს, მაგრამ ხალხის სურვილია, რომ ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა მაინც დაიწყოს და ჩვენი პრობლემატიკა გავიდეს საერთაშორისო ტრიბუნებზე.
უნდა გაჯანსაღდეს ეკონომიკა და შემცირდეს კორუფცია. ამისთვის ხალხი გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს. პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია გაერთიანება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.
– “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაერთიანებულ ოპოზიციას თანადგომა გამოგიცხადათ.
– ეს კარგი განცხადება იყო. ამ პარტიის ამომრჩეველი მეორე ტურში ისედაც ჩვენს კანდიდატს მისცემდა ხმას. დავით ბაქრაძემ კი ამ ჟესტით გამოიჩინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
გადავედით იმ ეტაპზე, როცა ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლებით ვეღარავინ ისარგებლებს, ხელისუფლება იქნება კონტროლის ქვეშ. ხალხი აბსოლუტური ძალაუფლებისაგან პოლიტიკოსების გარყვნას არ დაუშვებს. უკონტროლო ხელისუფლება იგივეა, რაც ადამიანი იმუნიტეტის გარეშე. დადგა დრო, ყველამ არჩევანი გააკეთოს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. ვისაც უნდა, კონსერვატორები აირჩიოს, ვისაც უნდა მემარცხენეები და ა.შ.
– ეს საპარლამენტო არჩევნების დროს უნდა მოხდეს.
– ადრეც მითქვამს, რომ მოქმედი პარლამენტი არ ასახავს ხალხის განწყობას და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩემი ინტერესი და მიზანი გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა არ არის. ამას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯები, რეფორმები და მშვიდობიანი ცვლილებები. ჩვენ შეიძლება ამას შევეწიროთ, მაგრამ ჩვენმა შვილებმა მაინც უნდა იცხოვრონ ევროპული ტიპის ნორმალურ სახელმწიფოში.
– იმედი გაქვთ, რომ მეორე ტურში ვაშაძის მხარდამჭერების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება?
– რასაკვირველია. წინა ხელისუფლება უშეცდომო არ იყო, მაგრამ გაუთავებლად სისხლიანი 9 წელიწადის ძახილი “ქართულ ოცნებას” და მის გარშემო გაერთიანებულ მოღალატე ადამიანებს ვერ უშველით. 2012 წლის არჩევნებში აპრობირებული მეთოდები აღარ გადის. ეს ტიპური კგბ-ს ხერხებია. ისინი ჩვენთან მოსინჯეს 2012 წელს. ასე მოვიდა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში.
რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი ტროლები აამუშავეს სხვა ქვეყნებშიც. ისინი ჩაერივნენ აშშ-ს, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების არჩევნებში.
დღეს საქართველოში რუსულ ტროლებს ვერ შემოაგდებენ. ივანიშვილი და ზურაბიშვილი განწირულები არიან. ბოლშევიკების მსგავსად, ჯარების შემოყვანა დარჩათ არსენალში, მაგრამ ეს არ გამოვა. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინა სიმწიფე და პატრიოტიზმი. საქართველო ისტორიულად სწორედ ხალხის პატრიოტიზმმა შეგვინარჩუნა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა