რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, “ოცნების” რომელ ფრთას დაუჭერს მხარს”

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, "ოცნების" რომელ ფრთას დაუჭერს მხარს"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, მმართველ გუნდში დაპირისპირებაა ძველ და ახალ გვარდიას შორის. ივანიშვილი ვის მხარეს დაიჭერს?
– სერიოზული პროცესები ხდება უდაოდ. რამდენადაც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილობა, მეტნაკლებად არის დაფუძნებული იმ პარტიაზე, რომლის სადავეც ამ ადამიანებს უპყრია, თუ ასეთი პარტია შიგნიდან დაიწყებს რღვევას, ეს უკვე ქვეყნის პოლიტიკურ ღალატსაც ნიშნავს.
მე მეჩვენება, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ოღონდ არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რამდენად არის გათვლილი.
– ბესელიასთან დაპირისპირებული ჯგუფის მხარესაა?
– ეს მკაფიოდ არ იკითხება ჯერ მოვლენებში. მე მგონი, თვითონ ივანიშვილსაც არა აქვს ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომელი მიმართულება იქნება უფრო უკეთესი მოცემული მომენტისთვის.
– მოვისმინეთ ბესელიას ულტიმატუმი თანაგუნდელების მიმართ. მხოლოდ ზედაპირზე ხომ არ ჩანს მოსამართლეების თემა და სიღრმეში სულ სხვა პროცესები ხომ არ არის ამ დაპირისპირების მიზეზი?
– ბევრი წყალქვეშა დინება აქვს ამ პროცესს, რომლის ზედაპირზე ამოტანა ალბათ უკეთესი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზრი და შეხედულება იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში.
– თქვენ რას ფიქრობთ მოსამართლეთა იმ სიაზე, რომელმაც ეს სკანდალი და დაპირისპირება გამოიწვია გუნდში?
– სიაზე ყველას მარტივი ლოგიკით აქვს რეაქცია და მათ შორის მეც. ადამიანებს, რომლებმაც ძალით თუ უნებლიეთ, ზეწოლით თუ თავისი ნებით შეცდომები დაუშვეს თავიანთ საქმიანობაში, არ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები სხვა პროფესიონალებთან შედარებით, პირიქით.
თუმცა ეს რომ მკაფიოდ ითქვას, ასევე მკაფიოდ ჩამოსაყალიბებელია ღიად შეფასება სასამართლო სისტემისა იმ პერიოდის, როცა გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვათა საქმეები განიხილებოდა სასამართლოში. ღიად უნდა ითქვას, იყო თუ არა გადაცდომა, თუ იყო, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუ არ იყო, მაშინ ჩვენ, საქმეში ჩაუხედავები დავრწმუნდებით, რომ მოსამართლეთა ეს სია მართლზომიერია.
თუ ასეთი დარწმუნება ჩვენ არ გვექნება, მოქალაქეებს, ეს ყოველთვის გამოიწვევს საზოგადოებაში უკმაყოფილებას, რომ იმ დანაშაულებათა გამმართლებელი ადამიანები დღეს მოსამართლეებად დგებიან.
– ბატონო რამაზ, თქვენ აღნიშნეთ, რომ მკაფიო არ არის ივანიშვილის პოზიცია, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის ეს სია მისაღებია და რომ მან მისცა თანხმობა გავიდეს ეს სია პარლამენტში. ამაზე რას იტყვით?
– კი, ვნახე შეფასებებში ასეთი აზრი. არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ თავის დროზე მურუსიძის თემასაც მან აუნთო მწვანე შუქი. შეიძლება ის აქაც რაღაც მოსაზრებით ხელმძღვანელობს, ოღონდ რა მოსაზრებით, ეს თუ არ გაიშიფრა, ძნელია თქმა.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ანალოგიური მოვლენები არ იყო იშვიათობა. მაგალითად, ნაპოლეონმა ფუშე აიყვანა სამსახურში, რომელსაც უკავშირდებოდა წინა ხელისუფლების საპოლიციო რეჟიმი. ფუშემაც დიდი სიამოვნებით უღალატა არარეალისტებს, მერე ნაპოლეონსაც უღალატა და ასე შემდეგ.
– ანუ თუ ღალატობს ერთს, მარტივად უღალატებს მეორესაც.
– კი, მაგრამ ასეთი პრინციპებით მოქმედება პოლიტიკისთვის უცხო არ არის. არც ის არის უცხო, რომ გამოდგომოდეს წინა ფიგურა მომავალ ხელისუფლებებს, მაგრამ, ვიმეორებ, სასურველია, ამ ყველაფერს მიეცეს ჩამოყალიბებული, გაშიფრული სახე და არ იყოს აგებული ჩვენს ვარაუდებზე.
_ რამდენად არის მოსალოდნელი, რომ გუნდის შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გამწვავდეს პროცესი? შესაძლოა საერთოდ დაიშალოს პარტია?
– დაშლა არ არის დიდი პრობლემა. მასეთი დაშლილები ბევრი გვინახავს. ოღონდ მერე პრობლება არის ხოლმე, ეს ნაწილი სად მიდის. თავის დროზე მოქალაქეთა კავშირი დაიშალა, გამოეყო სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფი და მერე ამ ჯგუფმა რევოლუცია მოაწყო.
– ამ შემთხვევაშიც გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ მიდის მიზანმიმართული პროცესი, მზადება 2020 წლისთვის და ივანიშვილი თავადვე ხომ არ უწყობს ხელს, რომ გუნდის შიგნით წარმოიქმნას ოპოზიცია, რომელსაც თავად გააკონტროლებს.
– რა გითხრათ, ივანიშვილი ისე ხშირად აკეთებს მრავალსვლიან კომბინაციებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ მის კონტროლს დაექვემდებაროს ახალი ჯგუფები.
– ანუ არ გამორიცხავთ, რომ შეიქმნას შიგნით ოპოზიციური ფრთა?
– გამორიცხვით ნამდვილად არ გამოვრიცხავ. იგრძნობა კიდეც, რომ ივანიშვილი თავის თავს ორივე ფრთაზე მაღლა აყენებს, რახან დაბრუნებისას განაცხადა, პარტიაში უნდა მოვაწესრიგო მდგომარეობა და მაგიტომ დავბრუნდიო.
მას რომ რომელიმე ფრთის იმედი ჰქონოდა, მაშინ უზრუნველყოფდა ამავე ფრთის საშუალებით პარტიის შენარჩუნებას. რახან ეს ვერ მოახერხა, ე.ი. თავის თავს არ უიგივებს რომელიმე მათგანს. მე მგონი, არც ის გადაუწყვეტია, რა მიმართულებით წაიყვანს პროცესს.
– ანუ უნდა ველოდოთ ახალ პროცესებს 2020-ისთვის? ყველა თანხმდება იმაზე, რომ “ოცნება” ამ სახით წარმატებას ვეღარ მიაღწევს. ასეა?
– ვერ ვიტყვი, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას, რადგან წარმატება დამოკიდებულია ხოლმე კონკურენტზე. თუკი მარტო მირბის მორბენალი და მას არ ჰყავს კონკურენტი, რომელიც გადაუსწრებს, ის აუცილებლად წარმატებული იქნება. ამიტომ გააჩნია, რა პროცესი იქნება 2020-ისთვის, რა ძალა მომწიფდება “ოცნების” კონკურენტად.
სახეცვლილებას არ გამოვრიცხავ. პროცესებიც ისე ვითარდება, რომ ამგვარი სახეცვლილებები იქნება. ამ ჯგუფს თავისი შინაგანი დინამიკა აქვს. ის აღარ არის დუნე, პასიური ორკესტრი ვინმეს ხელში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა