“15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი” – დეკანოზი ღუდუშაურში გადაიყვანეს

"15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი" - დეკანოზი ღუდუშაურში გადაიყვანესდეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.

„მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

იმედინიუსი