”ირაკლი რუხაძისგან კომპენსაციას ვითხოვთ” – ლიბერთი ბანკთან “მაუდის” დაზარალებულებმა აქცია გამართეს

”ირაკლი რუხაძისგან კომპენსაციას ვითხოვთ” - ლიბერთი ბანკთან "მაუდის" დაზარალებულებმა აქცია გამართეს“ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან ქარხანა “მაუდის” დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ირაკლი რუხაძეს ტყუილში ადანაშაულებენ და დაპირებული კომპენსაციების გადახდას ითხოვენ.

მათი თქმით, უკანონო გარიგების სანაცვლოდ, ირაკლი რუხაძემ “მაუდის” ქარხანა გაყიდა და მათ კომპენსაციები არ გადაუხადა.

აქციას “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა. ის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

„უკვე მეორე ხელისუფლებაა, ეს ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ, მინიმალურ, მიზერულ წილს იმ საწარმოდან, რომელიც ათობით წლის განმავლობაში შექმნეს საკუთარი შრომით, საუბარია „მაუდზე“. სამწუხაროდ, დღემდე მათ ვერ მიაღწიეს იმას, რომ მიეღოთ ვერც სათანადო ანაზღაურება აქციების სანაცვლოდ და ვერც დივიდენდი, არა და ეს ფართობი, წერეთელზე უზარმაზარი ტერიტორიაგაქირავებულია და დივიდენდს ვერ იღებდნენ დღემდე და ვერც იღებენ. ისინი მოატყუა ირაკლი რუხაძემ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოლარე, ასე იცნობს მას საზოგადოება, დაპირდა, რომ ხელახალი გაყიდვის შემდეგ გადასცემდა იმ 17 წლიანი დივიდენდის სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას მაინც და დღემდე საერთოდ აღარ ხვდება მათ,“ – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

აქციონერთა უფლებადამცველი ირმა ვაჭარაძე ამბობს, რომ 2006 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ირაკლი რუხაძემ თავისი ვალდებულებები არ შეასრულა.

„მოთხოვნა არის კომპენსაციის გადახდა ირაკლი რუხაძესგან, რომელიც შეჰპირდა ხალხს, რომ აქტივის გაყიდვის შემდეგ მე ამ ქონების 10% დავუტოვებ დაზარალებულ აქციონერებს, რადგანაც წლების განმავლობაში არ ამუშავა ეს ხალხი. გამოყარა ქუჩაში, არ გადაუხადა კომპენსაცია, არ დაასაქმა. დასაქმება იყო მთავარი მისი 2006 წელს დადებული ხელშეკრულებით,“ – განმარტა ვაჭარაძემ.