რამაზ საყვარელიძე – “სააკაშვილის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა არ არის”

რამაზ საყვარელიძე - "სააკაშვილის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა არ არის"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, გაზაფხულისთვის ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. სააკაშვილი ემიგრანტებთან ერთად დაბრუნებით იმუქრება. ეს მორიგი ცრუ დაპირებაა თუ შეიძლება მართლაც აწყობდეს პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად დაბრუნება?
– რა დასაყრდენი აქვს საქართველოში სააკაშვილს?! ენდიაის კვლევებით ჩვენ ვნახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მიუღებელი პარტია.
– თუმცა, ის მეორე პარტიაა.
– დიახ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, გეთანხმებით, მაგრამ ეს არის და ეს, ის ხომ არ არის პირველ ადგილზე?! სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ ისინი ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში და მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლების დაბრუნება არც არის მისი მიზანი.
– აბა რა არის მიზანი?
– დესტაბილიზაციის მოწყობა.
– თუ ძალაუფლების დაბრუნება არ არის მიზანი, მაშინ დესტაბილიზაცია რაში უნდა აწყობდეს?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს რუსეთის დავალება, როგორც, მაგალითად, უკრაინაში. რუსეთს არ აწყობს, რომ საქართველოს სტაბილური ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს დასავლეთში, რუსეთი ამით ბევრს კარგავს დასავლეთის თვალში და ზოგადადაც.
თუმცა, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, სააკაშვილი რომ დაბრუნდეს საქართველოში, მან იცის, რომ იმ წუთში დააკავებენ და მატროსოვის ციხეში ამყოფს თავს.
– ის არჩევნების წინ იმუქრება დაბრუნებით, რასაც კარგად იყენებს ხელისუფლება. თითქოს ეს ერთგვარი მესიჯია, რომელიც ორივეს აწყობს.
– დიახ, მაგრამ თუ მიზანი ძალაუფლების დაბრუნება არ არის, მით უფრო არ ჩამოვა. არ ჩამოვა იმისთვის, რომ გმირი გახდეს, რადგან მას ხელისუფლება არ სჭირდება. იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ვინ, ვინ, და ყველაზე კარგად ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდებიან.
ამის კარგი მაგალითი იყო თუნდაც ბელგიის შუაგულში განვითარებული მოვლენები – დარბაზში მყოფი ხალხი და დარბაზს მიღმა მყოფები. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ეს ხალხი არ იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, ისინი იყვნენ პირადად სააკაშვილის მოწინააღმდეგეები. ამას ამბობდნენ კიდეც, არც მალავდნენ, რომ, მაგალითად, სააკაშვილის მმართველობის დროს იყვნენ დაკავებულები, ციხეში და შემდეგ უკვე ემიგრაციაში წასულები.
მან იცის, რომ ის ვეღარ მობრუნდება ხელისუფლებაში და ამიტომაც ფიქრობს, რომ გარისკვას აზრი არ აქვს. თან სააკაშვილი არ არის გამბედავი პოლიტიკოსი.
– ფიქრობთ, მორიგი ცრუ განგაშია?
– რასაკვირველია. სააკაშვილი არ არის დამბრუნებელი, რა თქმა უნდა ვგულისხმობ ამ პირობებს, რაც დღეს არის. მათ აქვთ ის სტატუსი, რომელიც აქვთ და შეეცდებიან, რომ ეს სტატუსი არ დაკარგონ.
– გულისხმობთ მეორე პარტიად ყოფნას?
– დიახ, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მათ არ უნდა დაკარგონ. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს არის სააკაშვილის დავალება მისი გუნდისადმი. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე აღარ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა მომავალი არჩევნების შედეგად.
– ვინ შეიძლება იყოს?
– “პატრიოტთა ალიანსი”. ეს პარტია დღითიდღე იკრებს ძალას. მათ აქვთ სწორი სტრატეგია შერჩეული, ისინი ლანძღავენ ორივე ძალას, ხელისუფლებასაც და ყოფილ ხელისუფლებასაც, რაც ხალხს მოსწონს.
– 2020 წელის საპარლამენტო არჩევნებზეც იმუშავებს ეს ფორმულა “მიშა მოდის”?
– 2020 წლამდე ჯერ ადრეა, მე არ გამოვრიცხავ, რომ მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ეს დღეს წარმოგვიდგენია.
– რას გულისხმობთ?
– სხვადასხვა გადაჯგუფებებს, თუნდაც ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას. ჯერ წინ ბევრი დროა საამისოდ. ალბათ ეს მოზაიკა დალაგდება და ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება, თუ როგორი იქნება 2020 წლისთვის პოლიტიკური რეალობა საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გაზაფხულზეც, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ცხოვრება აუცილებლად გაცოცხლდება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა