ია ჩაჩუა – “მიშველეეე!!! შვილი მიკვდებაააა!!!… გიორგი კრუნჩხვებში ჩამივარდა” – რა მოხდა ათენში 3 წლის წინ

ია ჩაჩუა - "მიშველეეე!!! შვილი მიკვდებაააა!!!… გიორგი კრუნჩხვებში ჩამივარდა" - რა მოხდა ათენში 3 წლის წინია ჩაჩუამ ასეთი წერილი დაწერა:

“ათენი. 2016 წლის იანვრის ცივი ღამე. უდროო დროს დარეკილი ტელეფონის ხმა… – მიშველეეე!!! შვილი მიკვდებაააა!!!… გიორგი კრუნჩხვებში ჩამივარდა. რამდენიმე წუთიც რომ დაგვგვიანებოდა ბავშვი დაიღუპებოდა… გავშრი…მირეკავდა ახლად გაცნობილი ახალგაზრდა ემიგრანტების ოჯახი.

ვიცოდი ეს რამდენიმე დღეა ორი წლის გიორგი სიცხიანი ყავდათ. მძიმედ ახველებდა. ახველებდა და სიცხე ქონდა ელისოსაც. სახლის პირობებში მკურნალობდნენ. მაშინ როცა ბავშვმა გამოკეთება დაიწყო უცებ კრუნჩხვებში ჩაუვარდათ. თთქმის ყველა კარზე აბრახუნებდნენ ხელზე გადასვენებული, გონებადაკარგული ბავშვით, სანამ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა არ გაუღო და საავადმყოფოში გადაყვანაში არ დაეხმარა…

ბავშვი საშიში ვირუსით უგონო მდგომარეობაშია. დაიწყო მძიმე დღეები, უძილო ღამეები, დრო უსასრულოდ გაიწელა… ელისოსაც სიცხე აქვს, საშინლად აცივებს და ოფლში ცურავს, მაგრამ აბა ამას როგორ იტყვის. ექიმებმა რომ გაიგოს შვილთან ყოფნის უფლებას არ მისცემენ. ხოდა ითმენს… ის ხომ დედაა, მისი გიორგუნა ცუდადაა. ჩუმად სვამს მეუღლის მოტანილ სიცხის დამწევ საშუალებებს…

ხოდა მეოთხე დღეს ღმერთმა გადმოხედათ. ბავშვმა მოიხედა… აი მაშინ კი ძალაგამოლეულმა ჩაიკეცა… ჩაიკეცა და ვეღარც წამოდგა… დამირეკა ცუდად ვარ, სასწრაფო გამოიძახეს, მგონი ვტოვებ შვილს უპატრონოდო… და პაუზა… უსასრულოდ დიდი პაუზა… წამით გონება დამიბნელდა. რა ვქნა, რით ვუშველო… სამსახურში ვარ. გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ კვირა დღეს მაქვს. ვურეკავ ელისოს დედას, ქალბატონ მანანას, ისიც ემიგრანტია. გაუგია ეს ამბავი, მოხუცი ვიღაცისთვის დაუტოვებია და მიიჩქარის შვილის და შვილიშვილის საპატრონოდ…

საავადმყოფო სოტირია. დიაგნოზი ღორის გრიპი…ოცდაექვსი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა… ბავშვი კარგადაა. უკვე სახლში მამასთანაა და დედას ნატრულობს…

ოცდაექვსი დღე ავთანდილ გიუნაშვილი, დარსა თუ ავდარში, ბევრჯერ თვითონაც სიცხიანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ავადმყოფის კარებს არ მოსცილებია ოჯახის წევრებთან ერთად… სისხლი დაჭირდათ. ქართველობა ფეხზე დადგა. პრობლემა გადაჭრილია.
გაუჭირდათ ფინანსურად. მართალია საავადმყოფო უფასოდ მკურნალობდა, მაგრამ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ქალბატონი მანანა იყო, ის კი მომაკვდავ შვილს ვერ ტოვებდა. მეგობრებმა რითაც შევძელით გვერდით დავუდექით, მაგრამ აბა რა არის ემიგრანტის ათას პრობლემაზე ჩამორჩენილი ორიოდ კაპიკით დახმარება…

გამოსავალი?… ომონიაზე კვირა დღეს ბევრი ხალხი ტრიალებს. ავიყოლიე მეგობრები, ავიღეთ ყუთი და დავიწყეთ ფულის შეგროვება… ვისაც როგორ შეეძლო ისე გვეხმარებოდა. ვინ ბევრით ვინ ცოტათი. ზოგმა ათი ევროც ჩაგვიგდო… სიხარულისგან მინდოდა მათთვის ხელები დამეკოცნა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იქ სასიკვდილო სარეცელზე ჩემი შვილი ებრძოდა სიკვდილს და მისი გადარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი… საავადმყოფოდან ცუდი ამბები. ნაცნობმა ექიმებმა გადარჩენის შანსი ნულის ტოლი, გული სანამ გაუძლებსო. აბა ამას დედას როგორ ვაგრძნობინებდით, ანდა საქართველოში დედმამიშვილებს, რომლებიც ჩვენგან ელოდნენ რაღაც გადარჩენის იმედის ნაპერწკალს მაინც.

იმედი ბოლოს კვდება და ჩვენც სასწაულის მოლოდინში ცრემლებს გულში ვყლაპავდით და ათასგვარ ისტორიებს ვთხზავდით, თუ როგორ გაუმკლავდა ამ საშინელ ვირუსს ვიღაცა და მავანი…ნელნელა ოჯახს შევაპარეთ, ბავშვის საბუთები ხომ არ გაგვემზადებინა ყოველი შემთხვევისთვისთქო. ისევ ავთანდილის კისერზე გადაიარა საბუთების მოგვარების სიმძიმემ. ვინაიდან მშობლები ხელმოუწერელი იყვნენ, იყო საშიშროება იმისა, ბავშვი საერთოდ ჩამოერთვათ თუ დედა დაიღუპებოდა…

ხუთი თებერვლის ღამე… სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე და ოცდაექვს დღიანი ბრძოლის შემდეგ ოცდაცამეტი წლის ელისოს სულმა გადაინაცვლა ცათა სასუფეველში. თან წაყვა ორი წლის გიორგუნას დარდი… დარჩა მშობლები, მეუღლე, დედმამიშვილები. აუხდენელ ოცნებად გაიყოლა თავისი ლექსების წიგნის გამოშვება…

მეხის გავარდნას გავდა ეს ყველაფერი… წინ დიდი პრობლემები იყო… მაშინ გადასვენების ხარჯებს ოჯახი იხდიდა რაც რა თქმა უნდა არ ქონდათ… ისევ იბრძოლა ავთანდილმა, დაჟინებით მოითხოვდა გადასვენების თანხებით სახელმწიფო დაგვხმარებოდა. არ დარიდებია იმას რომ მავანთ ეს მოთხოვნა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებად და ბრალდებებად შეერაცხათ და სოციალური აქციების მოწყობების ორგანიზების პირობაც კი დადო საჯაროდ თუ ეს საკითხი ემიგრანტების სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა.

მართლაც ამ პრინციპულობამ გაჭრა და 2016 წლის 19 თებერვლის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, ნება დაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ელისო ვარდანიძის გადასვენების ხარჯები 2.700 ევრო მთლიანად გადაეხადა. რაც მოგვიანებით მართლა დაირიცხა ანგარიშზე…

რა თქმა უნდა, მიცვალებულს მანამდე ვერ გავაჩერებდით და ისევ გავედით ქუჩაში დახმარების სათხოვნელად. ისევ ავთანდილი გვედგა სათავეში. გააკეთა განცხადება სადაც დიასპორას დახმარების თხოვნით მიმართა.

შეიქმნა ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნესი რობაქიძე, ირინა იოსებაშვილი და ია ჩაჩუა. გვერდით დაგვიდგა წმინდა პანტელეიმონის ეკლესია მამა აბიბოსის და მამა თეიმურაზის ლოცვა კურთხევით. სულ შეგროვდა 7.500 ევრომდე. აქედან ნესის ჯგუფმა შეაგროვა 1.826 ევრო. ირინას ჯგუფმა 1.845 ევრო. ჩემმა ჯგუფმა 3.120 ევრო. დანარჩენი ეკლესიაში აიკრიბა. უფლის წყალობით გადასვენების პრობლემაც მოგვარდა…

რატომ ვწერ ახლა ამას ამდენი წლის მერე ასე დაწვრილებით… ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა ათენის ქუჩებში. ქუდზე კაცი გამოვიდა. ერთ მუშტად შეიკრა ქართული ემიგრაცია რათა დროულად ჩაგვესვენებია ელისო მონატრებულ სამშობლოში, სადაც გულში დედასავით ჩაიხუტებდა დაბრუნებულ შვილს ქართული მიწა…

მინდა მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო ვინც იმ ძნელბედობის დროს გვერდში დაგვიდგა. ვინც როგორც შეძლო ისე დაგვეხმარა ან თუნდაც გულწრფელი ცრემლით დაიტირა ჩვენგან უდროოდ წასული ახალგაზრდა. არავის ჩამოთვლას არ ვაპირებ ვინმე რომ არ გამომრჩეს და გული არ დაწყდეთ. მაგრამ არ შემიძლია რამდენიმე ადამიანი არ გამოვყო…

ავთანდილ გიუნაშვილი, რომელიც გვხელმძღვანელობდა და თავიდან ბოლომდე გვერდით გვედგა. ბარგის გადამგზავნი ”ჩიკორია ექსპრესი” გიორგი ოკრიბელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მიცვალებულის ბარგი სრულიად უსასყიდლოდ გადაგვიგზავნა. ნატალია ხურციძე, რომელმაც თავისი ნებით აიღო დახმარების ყუთი და სულ რაღაც ორ საათში 400 ევრო აგვიგროვა. ქეთევან თათვიძე, რომელსაც სულ რამდენიმე საათი ქონდა დასვენება, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებს გვერდიდან არ მოგვცილებია იმ თებერვლის სუსხიან დღეს. და ბოლოს ასაკოვანი ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, მძიმე ავადმყოფი ლოგინიდან წამომდგარი მოვიდა და 50 ევრო შემოგვწირა…მადლობა ყველა აქ ჩამოთვლილს და არა მარტო მათ. მე ამ ადამიანებს ამ ეპოქის თუ არა იმ წლის გმირებად მაინც მოვიხსენიებ…

აი როგორი ხალხი ვართ ქართველები. აი როგორი თანადგომა ვიცით. აი როგორი ემიგრანტების ძლიერ მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ასეთ ერს გადაშენება არ უწერია.

მეამაყება რომ ვარ ქ ა რ თ ვ ე ლ ი !!!”

დიასპორა