სოსო ცინცაძე – „ოქრუაშვილი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა“

სოსო ცინცაძე - „ოქრუაშვილი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა“ოპოზიციური სპექტრში გარკვეული მოძრაობები შეინიშნება. მიმდინარეობს საუბარი, როგორც გაერთიანებაზე, ისე ახალ-ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნაზე. 16 აპრილს პოლიტიკური პარტიის შექმნაზე გადაცემა „რეაქციაში“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც ისაუბრა. კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ ერთობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაყალბებას არ დაუთმობენ. დაასახელა ერთ-ერთი თანამებრძოლიც – კოტე კემულარია, დანარჩენ დეტალებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას არსებული რეალობის შესაცვლელად და რა რესურსი აქვს ირაკლი ოქრუაშვილს საკუთარი პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

– ვხედავთ გარკვეულ მოძრაობებს ოპოზიციური სპექტრში. რა მოლოდინი გაქვთ და ფიქრობთ თუ არა, რომ შეუძლია ოპოზიციას არსებული რეალობის შეცვლა 2020 წლისთვის?

– იცით რაშია საქმე? სანამ ჩვენი ოპოზიციური პარტიების ყველა ფრთა და სეგმენტი არ შეჯერდება იმ რეალობაზე , რომ სრული გაერთიანების, 100%-იანი გაერთიანების გარეშე წარმატება შეუძლებელია, არაფერი არ მოხდება იქამდე.

სულ გაერთიანებაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ევროპულ საქართველოსაც“ და ყველა დანარჩენსაც.

– საუბრობენ ხოლმე, რომ ეკლექტიკური გაერთიანება არ არის შედეგის მომტანი გრძელვადიან პერსპექტივაში და ა. შ.

– გაერთიანება იცით როგორი? კი, ყველანი, მაგრამ მე „ნაციონალებთან“ არ დავჯდები, მე იმასთან არ დავჯდები და მე ამასთან არ დავჯდები, ეს შედეგს არ მოიტანს. ვინც კი თანახმაა, რომ გაერთიანდეს რეალური მიზნის მისაღწევად… ისე კი არა, რომ ხელისუფლება კი კარგია, მაგრამ ის მინისტრია ცუდი და ეს მინისტრი.

ის, რაც კვირას მოხდა ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე ეს არ არის შედეგის მომტანი თუ ამ შეკრებაზე გამოვრიცხავთ ლევან გოგიჩაიშვილის გამოსვლას, დანარჩენი იყო ფრონდა. განაწყენებული ადამიანების შეკრება იყო, რომელსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავლახავთო, ფაქტობრივად ეს გვითხრეს.

მაგონდება კომუნისტების დროინდელი ვითარება. მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი. მოვიდა ახალგაზრდა კრეატიული თავმჯდომარე და ძალიან აქტიური. მან თქვა, რომ ჩვენ ყველას ვაკრიტიკებთ გარდა შევარდნაძისა. მაშინ „მოამბე“ იყო. იძახდნენ ყველას, ნებისმიერ მინისტრს ვაკრიტიკებთ გარდა შევარდნაძისა. შევარდნაძე იყო ხელშეუხებელი იყო. ასე დღეს არ გამოვა.

– ირაკლი ოქრუაშვილმაც ისაუბრა თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე. როგორ ხედავთ მის პერსპექტივას? თუნდაც მისი გამოცდილების თვალსაზრისით? იყო ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, უბრძოლია ვარდების რევოლუციის დროს, 7 ნოემბრის დროს… მის სახელს უკავშირდება გარკვეული რეფორმებიც და ა. შ. ხედავთ თუ არა მასში გარკვეულ რესურსს?

– რასაკვირველია ოქრუაშვილი ერთი პიროვნებაა. ოქრუაშვილი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. თვით მიშას ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, როდესაც ის ადვოკატობდა. მაშინაც გამორჩეული პიროვნება იყო.

დღეს ყველაფერი რესურსებზეა დამოკიდებული. ოქრუაშვილმა მხოლოდ ერთი პიროვნება დაასახელა, ვისთანაც ის აპირებს გაერთიანებას. საინტერესოა, დანარჩენები ვინ იქნებიან. გარდა მაგისა მატერიალური რესურსიც საჭიროა. როდესაც ღარიბი ელექტორატისთვის შეჯიბრი წავა, ვინ უფრო მეტ კარტოფილს და ხახვს დაურიგებს, აქ უკვე ღირებულებები, ფასეულობები, იდეალები მეორე პლანზე გადავა. ეს არის ღარიბი ქვეყნის მოცემულობა.

– სხვათა შორის ისიც ერთობაზე საუბრობს და იმაზე, რომ ყველამ უნდა იფიქროს ივანიშვილის დამარცხებაზე და არა ცალკე ოქრუაშვილმა.

– რასაკვირველია სწორი მიდგომაა. თუ ოპოზიციას უნდა გამარჯვება, ეს უნდა იყოს ისე, როგორც თავის დროზე ივანიშვილი ამბობდა. მაშინ დადიოდა ხმები, რომ მაშინ ივანიშვილს მაშინდელი ხელისუფლება სთავაზობდა 40%-ს მოგცემთ პარლამენტში, ეს რიცხვი საკმაოდ ბევრია, უთქვენოდ ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება და ა. შ. მაგრამ, ივანიშვილმა უარი თქვა და უთხრა, რომ ჩემი კურსის გასატარებლად მჭირდება 60%-იო. დღესაც იგივე მეორდება.

კი, დღეს ხელისუფლება აპირებს, რომ წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა პარტიები, 5-6 კაციანი პარტიები შეიყვანოს პარლამენტში და მათ პარლამენტში ექნება 3-4 კაციანი წარმომადგენლობა და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაერთიანდებიან თავიანთი შეხედულებების გამო. მაგრამ, ეს არაფერი არ იქნება. საჭიროა დღეს მთელი სპექტრი იყოს ერთიანი. ყველა ვინც კი უკმაყოფილოა ქართული ოცნების მმართველობით.

იქნება ეს ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო თუ სხვა. თუ ყველანი თუ არ გაერთიანდნენ, ისე ივანიშვილის დამარცხება წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა ის, რომ ყველაზე დიდი, ელექტორალურად ყველაზე მდიდარი ოპოზიციური პარტიის გარეშე გაერთიანება მოხდეს და შედეგის მიღწევა მოხერხდეს. მხედველობაში მაქვს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ბევრს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს. თუ ხელისუფლების შეცვლაა მიზანი და არა მხოლოდ ის, რომ პარლამენტში მოხვდე 3%-იანი ბარიერს გადალახავ თუ ვერა, ან ისეთ ზღვარზე მიხვალ, როგორც ეს ბურჯანაძეს გაუკეთეს 2016 წელს. ან პატრიოტთა ალიანსს, როცა ბოლო დღემდე ითვლიდნენ მას პროცენტები ჰყოფნიდა თუ არა. ამით არაფერი არ გამოვა.

ის, რომ ტოტალური უკმაყოფილებაა, ეს საკმარისი არ იქნება გამარჯვებისთვის. ხელისუფლების ხელში დღეს რამდენიმე ძლიერი ბერკეტია. არა მხოლოდ ხახვი და კარტოფილი. კიდევ სხვა ბევრი. ამიტომ გამარჯვება შესაძლებელია ერთობით. თუნდაც თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ. თურქეთში უფრო შეურიგებელი პარტიები იყვნენ, ვიდრე დღეს ჩვენთან არიან, მაგრამ შეძლეს გაერთიანება და შედეგი დადეს. 49% აიღეს, თითქმის ნახევარ თურქეთს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მართავს. ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, თუ ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლაზე რეალურად ფიქრობს. ამიტომ, ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია ერთობაზე გამართლებულია.

იაგო ნაცვლიშვილი, „ახალი თაობა“