მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას ფეხი მოუქნია – რა სკანდალის გამხელას აპირებს ყოფილი მინისტრი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია რომელიც თავისი უცნაური განცხადებებით ერს აგიჟებდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, ხალხის ჯილა გახდა. მას შემდეგ, რაც ქობულია თანამდებობიდან გააგდეს, ლამისაა, მთელი საქართველო მასზე დაეცეს.
ამ ეტაპზე ქობულიამ მხოლოდ ის აღიარა, რომ თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა. ქობულიას რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდნენ, ეს “ახალმა თაობამ” ჯერ კიდევ მის გადადგომამდე დაწერა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ პოსტის დატოვებისკენ მას მამუკა ბახტაძემ მოუწოდა, რომელმაც ეს დავალება ივანიშვილისგან მიიღო.
ქობულიამ თავისი ნებით განცხადების დაწერა არ ისურვა და ბახტაძეს უთხრა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, გადამაყენეო.
გადაყენება “ოცნების” ინტერესებში არ შედიოდა და ყოფილ მინისტრს პრემიერთან სერიოზული ჩხუბი მოუვიდა.
“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ქობულიას სიჯიუტით გამწარებულმა პრემერმა მინისტრს ფეხიც კი მოუქნია და უწმაწური სიტყვითაც შეამკო. თან უყვიროდა, მე მოგიყვანე ამ პოსტზე და რას მიკეთებო.
ბოლოს მინისტრი მაინც გადააყენეს. გადაყენების მიზეზებზე სასაუბროდ ქობულიას პარლამენტში სურს მისვლა, მაგრამ “ოცნების” დეპუტაცია მას ცოცხალი თავით არ იბარებს მოსმენაზე.
მათზე არც ყოფილი თანაპარტიელის, ლევან კობერიძის მოთხოვნამ გაჭრა. უმრავლესობიდან წამოსვლამდე და წამოსვლის შემდეგაც, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრს პარლამენტში არასაკომიტეტო, ღია ფორმატის ფარგლებში მისვლა შესთავაზა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრის მხრიდან წარსული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მისთვის მიუღებელია.
რომან კაკულია ამბობს, რომ მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი ქობულიასთან და დაინტერესდა, ისაუბრებდა თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილმა მინისტრმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მისი განვლილი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას გეგმავდა.
რომან კაკულია ამბობს, რომ მისთვის პირადად ყოფილი მინისტრის ანგარიშის მოსმენა მიუღებელია საკომიტეტო ფორმატში. თუმცა, ასევე ამბობს, რომ თუ ქობულიას სურს ანგარიშის წარდგენა, შეუძლია, დაესწროს მისი შემცვლელის ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლას და იქ ისაუბროს თავისი საქმიანობის შესახებ.
– აქ ცოტა ორი თემა ერთმანეთს ასცდა მე მგონი, თავიდან, როდესაც ეს საკითხი დაისვა, საკითხი იყო, რომ ბატონი ქობულია აპირებს, რაღაც დამატებითი სიცხადე შეიტანოს მისი გათავისუფლების საკითხში, ეს იყო მთავარი თემა და ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ მას აქვს რაიმე სათქმელი ისეთი, რაც არ უთქვამს და აპირებს, რომ მომავალში თქვას, კი ბატონო, რატომაც არა, თქვას აქ.
მერე როდესაც პირადად ვესაუბრე, მან უკვე ეს საკითხი გადმოიტანა მისი საქმიანობის შეფასებაზე, რაც პრინციპში სხვა საკითხია აბსოლუტურად, – აცხადებს კაკულია.
აშკარაა, რომ პარლამენტში ქობულიას არ ალაპარაკებენ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ის უკვე ესაუბრა დასავლეთელ პარტნიორებს მისი გადაყენების რეალურ მიზეზებზე და ისიც გაამხილა, თუ რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიდის რუსეთთან.
რაღაცები მან რუსთავი 2-თანაც თქვა, თუმცა, როგორც ამბობენ, იმასთან შედარებით, რის თქმასაც ნამინისტრალი აპირებს, ეს მხოლოდ ჟურნალია.
კინო კი ძალიან მაგარი იქნება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019