„სადილი რობიკოსთვის“ – რუსთაველის გამზირზე “ბორში” მოამზადეს

„სადილი რობიკოსთვის“ - რუსთაველის გამზირზე "ბორში" მოამზადესრუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქცია-პერფორმანსი, რომლის ორგანიზატორებმა ბორში მოხარშეს და ახლა მას უკითხავენ ამონარიდებს რუსი პოეტებისა და მწერლების წიგნებიდან.

პერფორმანსი „Art School The C U N I L A N G U A G E“-ის მიერ არის ორგანიზებული და ის მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიერ გამოხატული პოზიციის გაპროტესტებას.

„არავითარი ახალი სპექტაკლი, ახლა შენი ჭამის დროა რობიკო, პირი გააღე!“ – ასეთია აქციის ერთ-ერთი სლოგანი.

​„რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, რამდენიმე საათით გაიხნსება – Кухня, სადაც, მაესტრო რობიკო სტურუასთვის მომზადდება ბორში და კოტლეტი, რასაკვირველია ხორცის გარეშე, რადგან ეს სადილი ერთგვარი სიმბოლოა კულტურული დიეტისა“, – წერდნენ აქციის ორგანიზატორები.

„ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ – ამ შინაარსის სტატუსით გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუკგვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.

რეჟისორის ეს განცხადება სწრაფად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

რობერტ სტურუა დღემდე მოსკოვის თეატრ „Et Cetera“-ს მთავარი რეჟისორია.

20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოქმედებების გასაპროტესტებლად დაიწყო, პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი. დაშავდნენ სამოქალაქო პირები, ასევე სამართალდამცველები. დაშავებულებს შორის იყო 31 ჟურნალისტი.

რადიო თავისუფლება